რატომ საქართველო – EBRD ფოტოკონკურსს აცხადებს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი EBRD მიმდინარე წლის 14-15 მაისს, თბილისში დაგეგმილ ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნესფორუმთან დაკავშირებით, სპეციალურ ფოტოკონკურსს აცხადებს.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველ ფოტომოყვარულებს და პროფესიონალებს EBRD-ი სთავაზობს, საკუთარი ფოტოების საშუალებით მთელ მსოფლიოს გაუზიარონ თავიანთი ხედვა და წარმოდგენა საქართველოს შესახებ.

მონაწილეებს შეუძლიათ გადაიღონ ფოტო, რომელიც მათი აზრით, ზუსტად აღწერს თუ რატომაა საქართველო განსაკუთრებული და ატვირთონ ციფრულ მულტიმედიურ პროექტში სახელწოდებით: „რატომ საქართველო“.

კონკურში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც აქვს ფოტოკამერა ან ტელეფონი. EBRD-ი საუკეთესო ფოტოებს გამოაქვეყნებს ინტერნეტ სივრცეში და ასევე განათავსებს მათ EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნესფორუმზე თბილისში. საუკეთესო ფოტოების ავტორებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მიიწვევს სპეციალურ ღონისძიებაზე.

„საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქვეყანაა, სადაც EBRD მუშაობს. მას აქვს უნიკალური კულტურა, პეიზაჟი და არქიტექტურა, რომელიც მსოფლიოს ყველა კუთხიდან იზიდავს ტურისტებს. წელს, მისი მომხიბლავი დედაქალაქი – თბილისი, მასპინძლობს EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნესფორუმს. ამ კონკურსის საშუალებით, გვინდა ყველა მონაწილეს მივცეთ საშუალება, გაიგონ მეტი საქართველოს შესახებ,“ – ნათქვამია, EBRD-ის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც კონკურსთან დაკავშირებით გაკეთდა.

იმისათვის, რომ მსოფლიო ბიზნეს საზოგადოებას, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ხელისუფლების წარმომდგენლებს სხვადასხვა ქვეყნიდან, უპასუხოთ კონკურსის კითხვაზე: რატომაა საქართველო მნიშვნელოვანი და რატომაა ქვეყანაში მიმზიდველი საინვესტიციო გარემო?, კონკურსში მონაწილეებს შეუძლიათ მათ მიერ გადაღებული ფოტოები 13 მაისამდე განათავსოთ სოციალურ მედიაში: EBRD ინსტაგრამზე (@ebrd_official), ფეისბუქზე ან ტვიტერზე (@EBRD).

მულტიმედია პროექტი, რომელიც EBRD-ის საკომუნიკაციო გუნდის ხელმძღვანელობით იმართება, EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, 13 მაისს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...