რატომ არის მიუღებელი აშშ-სთვის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეზოლუცია – კოკი იონათამიშვილის ბლოგი

დღეს და ხვალ, 18-19 მაისს იმართება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ასსამბლეა, რომელსაც დისტანციური ფორმა ექნება და მთლიანად ახალ კორონავირუსთან ბრძოლას მიეძღვნება. მთავარი საკითხი, კი ევროკავშირის მიერ მომზადებული რეზოლუციის მიღება იქნება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-სთვის მიუღებელია რეზოლუციის მთელი რიგი შინაარსობრივი საკითხები და ასევე მოყვანილი ფორმულირებებიც და მიუხედავად მცდელობისა, ამერიკული მხარის წინადადებები არ იქნა გათვალისწინებული რეზოლუციის პროექტში, რომლის ღია განხილვა ასსამბლეის მიმდინარეობისას მოხდება.

თავდაპირველად რეზოლუცია ითვალისწინებდა გლობალური საერთო პლატფორმის (კალათის) შექმნას იმ პატენტების თავმოყრით, რომლითაც ახალი კორონავირუსის მკურნალობაა შესაძლებელი. რეზოლუციის ინიციატორები იყვნენ საფრანგეთი, გერმანია და მთლიანად ევროკავშირი, ასევე დიდი ბრიტანეთი, კოსტა-რიკა, სამხრეთ აფრიკა და თავად ჯანმო.

მოგვიანებით, 15 მაისს, ჯანმოს დღეისათვის ბოლო ბრიფინგს საპატიო სტუმრების სახით მიესალმნენ კოსტა-რიკის პრეზიდენტი კარლოს ალვარადო კესადა და ჩილეს პრეზიდენტის წარმომადგენელი კრისტიან სტრიტერი და მოუწოდეს ყველა ქვეყანას და ყველა კომპანიას სოლიდარობისკენ, რაც უნდა გამოიხატოს სწორედ ერთიანი ტექნოლოგიური პლატფორმის შექმნით, სადაც ყველა ქვეყანა და კომპანია საკუთარ მიღწევებს, კვლევებს და ნაშრომებს ვაქცინებზე, მედიკამენტებზე და სხვა სამედიცინო პროდუქტებზე, ასევე ვირუსთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელობან მონაცემებს განათავსებენ და ხელმისაწვდომს გახდიან ყველასთვის. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა, როგორც მოსალოდნელი იყო მოიწონა ინიციატივა და დასძინა, რომ მეცნიერებამ უნდა გამოავლინოს თავისი სრული პოტენციალი ყოველგვარი ბარიერებისა და შეზღუდვების გარეშე. ინოვაციები კი ყველასთვის ერთდროულად ხელმისაწვდომი უნდა გახდეს. მისი აზრით, ბაზრის საერთაშორისო სტანდარტები ვერ უზრუნველყოფს ყველა ადამიანისთვის პროდუქტების დროულ მიწოდებას, ამიტომ აუცილებელია სოლიდარობა ქვეყნებს შორის, კომპანიებს შორის.

ინიციატივის რეალიზება როგორც ჩანს მოხდება „მედიკამენტების საპატენტო პლატფორმაში“ (MPP). MPP საერთაშორისო, გაეროს მიერ მხარდაჭერილი ორგანიზაციაა, რომელიც სხვადასხვა მედიკამენტების დამამზადებელ კომპანიებთან ურთიერთობის და მორიგების საფუძველზე უფრო ხელმისაწვდომს ხდის სხვადასხვა ჯენერიკებს და მედიკამენტებს. MPP-მ უკვე მოიწონა აღნიშნული ინიციატივა და შეცვალა საკუთარი დებულებები, რათა უზრუნველყოს მასზე მუშაობა.

ძალიან ნიშანდობლივი იყო 13 მაისს, ფრანგული მსხვილი ფარმაცევტული კომპანია Sanofi-ს ერთერთი ხელმძღვანელის, პოლ ჰადსონის ინტერვიუ „ბლუმბერგთან“ (კომპანიას საკმაოდ მსხვილი წარმომადგენლობა აქვს აშშ-ში), სადაც მან განაცხადა, რომ Sanofi-ს მიერ ვაქცინის დამზადების შემთხვევაში ამერიკელები პირველები მიიღებენ მას, რადგან ამერიკამ მოახდინა ინვესტირება ვაქცინის დამზადებაში და გასწია საკმაოდ დიდი რისკი. ამ განცხადებას საფრანგეთის ლიდერების მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ Sanofi-ს არაერთხელ უსარგებლია შეღავათებით საფრანგეთის მთავრობის მხრიდანაც.
ახლა კი ამერიკის პოზიციის შესახებ… ამერიკელები სხვაზე მეტად აღნიშნავენ კერძო სექტორის დაინტერესების მნიშვნელობას, ისინი თვლიან რომ კერძო სექტორს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მაღალი (!) მოტივაცია როგორც ვაქცინის და მედიკამენტების შექმნის, ასევე მათი შემდგომი გავრცელების (როდესაც ყველას შეუძლია წამლის დამზადება, უკვე ყველასათვის ცნობილი ფორმულის მიხედვით, ესეც ამცირებს მოტივაციას) თვალსაზრისითაც. ვაქცინის შექმნაზე ამერიკა კოლოსალურ ფინანსურ და სხვა რესურსებს აბანდებს და მათთვის გაუგებარია ოპონენტების მიერ ტირაჟირებული ფრაზები და ტერმინები „სახალხო ვაქცინა“ ან „მედიკამენტებისა და ვაქცინისადმი უნივერსალური თანამედროვე და თანასწორი წვდომა და გავრცელება“. ამავე დროს ამერიკელები არ უარყოფენ ვაქცინის ხელმისაწვდომობის აუცილებლობას, თუმცა აუცილებლად მიიჩნევენ ბალანსის დაცვას, რომ კერძო სექტორის დაინტერესება, შექმნას უმნიშვნელოვანესი პროდუქტი და მიიღოს შესაბამისი სარგებელი, შენარჩუნდეს ყოველგვარი რყევების გარეშე. საგულისხმოა, ასევე, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 16 მაისს განაცხადა, რომ არ გამორიცხავს კვლავ გააგრძელოს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დაფინანსება, ოღონდ ძველი, არსებული დაფინანსების 10%-ის ფარგლებში. მისი ხისტი დამოკიდებულება, ჩინეთის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიმართ ბუნებრივია შენარჩუნებულია, რაც მისი გუშინდელი „ტვიტებიდანაც“ კარგად ჩანს, კერძოდ მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა არსებული მოდელი რის გამოც (მისი აზრით) ჩინეთი ძალიან ცოტას იხდის საწევროს სახით გაეროში, მსოფლიო ჯანდაცვის და სხვა ორგანიზაციებში.

ევროკავშირის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი და კოსტარიკის მხრიდან ზეპირად გაჟღერებული ინიციატივა, როგორც ჩანს საბოლოოდ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეზოლუციად ჩამოყალიბდება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა აღნიშნა, რომ როგორც სხვა შემთხვევებში, ამ რეზოლუციასაც ქვეყნებისთვის მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი ექნება. რეზოლუციასთან მიერთება ქვეყნებს 29 მაისიდან შეეძლებათ. რამდენად ეფექტურად ან პირიქით, დამაზიანებლად შეიძლება იმოქმედოს რეზოლუციამ ვაქცინის და მედიკამენტების მომზადების და მათი შემდგომი ხელმისაწვდომობის პერსპექტივაზე, რეზოლუციის მიღების შემდეგ ვისაუბრებთ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად