რატი იონათამიშვილი სააკაშვილზე: რასაც კარტის გახსნას უწოდებს, სინამდვილეში ათასობით ადამიანის გაუბედურებული და დაღუპული სიცოცხლე და ჯანმრთელობაა

“ჩვენი საზოგადოებისთვის საინტერესო და მრავლისმთქმელი იყო აღიარებების კასკადი, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ კრიმინალური კლასტერისგან და მათი კრიმინალი ლიდერისგან მოვისმინეთ”.

ამის შესახებ პარლამენტის ფაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი დაიწყო პეიზაჟების ფონზე მოსეირნე სააკაშვილმა, რომელმაც მისი და მისი გუნდის მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები აღიარა.

„შემდეგ მისი კლასტერის ერთ-ერთი წევრისგან გავიგეთ, რომ სააკაშვილი 500-ევროიანი კუპიურაა დანარჩენებისთვის. შემდეგ გავიგეთ, რომ ისინი სოციოლოგიურ კვლევებს აყალბებდნენ, თუმცა ეს საზოგადოებამ ისედაც კარგად იცოდა. ამის კულმინაცია ისევ სააკაშვილი იყო, რომელმაც კითხვას „რატომ ახლა?“ უპასუხა, რომ ახლა დადგა სიმართლის დრო. ე.ი. მათთვის მანამდე სიცრუის დრო იყო.

მათ იცოდნენ, რა დანაშაულებსაც სჩადიოდნენ, მაგრამ არ საუბრობდნენ, რადგან იფიქრეს, ამით შეუძლიათ არჩევნებზე ვიღაცის გულის მოგება. ეს თავიდანვე განწირულია, რადგან იქვე ახსენეს, რომ ახლა ყველა კარტის გახსნის დრო მოვიდა და რასაც ის კარტის გახსნას უწოდებს, სინამდვილეში ათასობით ადამიანის გაუბედურებული და დაღუპული სიცოცხლე და ჯანმრთელობაა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად