რატი იონათამიშვილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტზე: ტოლობის ნიშნის დასმა ცალკეულ ინიციატივასა და მიღებულ გადაწყვეტილებას შორის არასწორია

„ეს არის ცალკეული ინიციატივა და ვფიქრობ, ტოლობის ნიშნის დასმა ცალკეულ ინიციატივასა და მიღებულ გადაწყვეტილებას შორის არასწორია“.

ამის შესახებ  პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

„მინდა შეგახსენოთ ბოლოდროინდელი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, თუნდაც, „ღია ცის ქვეშ“ ხელშეკრულების დატოვების საფუძველი ამერიკის მხრიდან იყო ის, რომ საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. ეს არის უმნიშვნელოვანესი აღიარება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის. სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ ასევე ვნახეთ და ეს იყო საქართველოს ისტორიაში პირველად როდესაც ორპარტიული მხარდაჭერა იყო ორივე პალატის მიერ, გრძელდება ეს თანამშრომლობა, დარწმუნებული ვარ, რასაც ჩვენი ამერიკელი პარტნიორების განცხადებები ადასტურებს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა ხდება უფრო ძლიერი, მტკიცე და მყარი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისათვის, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15 %-ს აჩერებს მანამ, სანამ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს დემოკრატიული ინსტიტუტებს განმტკიცებისკენ, კორუფციის ბრძოლისკენ და უზრუნველყოფს კერძო სექტორში კანონის უზენაესობას.

წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილებით, 132-მილიონიანი  დახმარება შემცირდება იქამდე, სანამ სახელმწიფო მდივნის მიერ არ დადგინდება, რომ  საქართველოს ხელისუფლება  დგამს შემდეგ ნაბიჯებს, რათა

1. განამტკიცოს დემოკრატიული ინსტიტუტები;

2.  ებრძოლოს კორუფციას;

3. დაიცვას კანონის უზენაესობა კერძო სექტორთან მიმართებაში, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე უზრუნველყოს უცხოური ბიზნესის უფლებების და მათი შევიწროვებისაგან დაცვა, რათა მათ სრულად მიიღონ კომერციული და ფინანსური სარგებლი, რასაც  საქართველოში განხორციელებული ინვესტიციები მოუტანს.

ამასთან, კანონპროექტის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს არ შეეხება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო და მედიის მხარდამჭერ პროგრამებს, ასევე გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირებისკენ და მოწყვლადი ჯგუფების დაცვისაკენ მიმართულ პროგრამებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად