რატი იონათამიშვილი: არჩევნებში მონაწილე პირებისთვის ნარკოლოგიური ცნობის ვალდებულების მოხსნა მხოლოდ 2020 წლის არჩევნებზე გავრცელდება

“საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებების კანონპროექტი, რომელიც ადგენს, რომ  საპარლამენტო არჩევნებში პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის პირს ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენა აღარ მოეთხოვება, მხოლოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გავრცელდება.

ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, აღნიშნული ცვლილების ერთერთმა ინიციატორმა რატი იონათამიშვილმა “აიპრესთან” საუბრისას განაცხადა და განმარტა, რომ ახალი ნორმა covid 19-ს მომატებული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით არის განპირობებული.

“მოგეხსენებათ, ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება რჩება მხოლოდ პარლამენტში არჩეული წევრებისთვის. აქამდე, ეს ნორმა ვრცელდებოდა მხოლოდ მაჟორიტრებზე. ამ შემთხვევაში, დარეგისტრირებულია 66 პოლიტიკური სუბიექტი, ასევე, მაჟორიტარი კანდიდატები და თეორიულად შესაძლებელია 9000 ზე მეტმა ადამიანმა მიმართოს შესაბამის უწყებებს ამ ცნობისათვის, რაც კოვიდ 19-ის მომატებული საფრთხის გამო არის რისკის შემცველი. შესაბამისად, მივიღებთ ნორმას, რომელიც მხოლოდ არჩეულ წევრებზე გავრცელდება და ეს იქნება გარდამავალი სახით ერთჯერადი და გავრცელდება მხოლოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე”, -განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

“საარცევნო კოდექსში” შესატანი ცვლილების შესახებ კანონპროექტის ინიცირება, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება, რომლის მიხედვით:

თუ პირი ამ მუხლის ამოქმედებამდე პარლამენტის წევრობის კანდიდატად საარჩევნო რეგისტრაციაში არ გატარდა მხოლოდ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარუდგენლობის გამო, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია, ამ მუხლის ამოქმედებიდან სამ დღეში გაატაროს იგი საარჩევნო რეგისტრაციაში.

ცვლილებებით კონკრეტდება, რომ არჩევნებში პარლამენტის წევრად არჩეული პირი ვალდებულია, შესაბამისი კენჭისყრის დღიდან შვიდი დღის ვადაში გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება ცესკო-ს მიერ ამ კანონის საფუძველზე განსაზღვრულ ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების უფლების მქონე დაწესებულებაში და ამავე ვადაში წარუდგინოს ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა იმ საარჩევნო კომისიას, სადაც გატარდა იგი პარლამენტის წევრობის კანდიდატად საარჩევნო რეგისტრაციაში.

კანონპროექტის ინიციატორების ინფორმაციით,  კანონპროექტის მიღების შედეგად, ნარკოლოგიური შემოწმების გავლა და ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენა არ მოუწევს სავარაუდოდ 9 000-მდე პირს.

შეგახსენებთ, მოქმედი კანონმდებლობით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის პირის მიერ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენა სავალდებულოა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად