რაჭაში მომხდარი სტიქიიდან მე-10 დღეს, მაღალი გამავლობის მანქანებისთვის საავტომობილო მოძრაობა ყველა სოფელთან აღდგა

რაჭაში მომხდარი სტიქიიდან მე-10 დღეს, მაღალი გამავლობის მანქანებისთვის, დროებით
მოწყობილი მისასვლელებით, ყველა იმ სოფელთან აღდგა საავტომობილო მოძრაობა,
რომელიც გარესამყაროს იყო მოწყვეტილი.

ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე შესაძლებელია სოფელ ჟამიერეთთან,
სოფლების – გომი-ჯინჭვისისა და მაჟიეთი-ხიდეშლების მისასვლელ გზებზე.
მაღალი გამავლობის ავტომანქანებისა და სპეციალური ტექნიკისათვის საავტომობილო
მოძრაობა შესაძლებელია სოფლების – ჭიორასა და ღების მისასვლელ გზაზე. ასევე,
დროებითი მისასვლელები მოწყობილია ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის
საავტომობილო გზის 127-ე, 128-ე, 129-ე, 131-ე კმ-ზე, შოვთან დამაკავშირებელ საგლოლოს
ხიდსა და შოვი-გლოლას მიმართულებით ჩამოშლილი გზებზე.
სარმის ხიდის მონტაჟის სამუშაო დასრულდა სოფელ მაჟიეთთან, ხოლო სოფელ
ლაგვანთასთან მისასვლელ გზაზე მოეწყო ახალი ხიდი.
დროებით მოწყობილ გადასასვლელ გზებსა და ხიდებზე გადაადგილება ნებისმიერი სახის
ავტოტრანსპორტისთვის რამდენიმე დღეში იქნება შესაძლებელი.
პარალელურად, სტიქიის ზონაში გრძელდება მდინარე რიონის კალაპოტის ფორმირების
სამუშაო, დაზიანებული საავტომობილო გზის მონაკვეთების აღსადგენად კი ინტენსიურად
მუშაობს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2 საპროექტო ჯგუფი. საპროექტო
სამუშაოების დასრულებისთანავე დაიწყება საგზაო ინფრასტრუქტურის კაპიტალური
შეკეთების სამუშაოები.
მეგზევეებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ლოკაციაზე აგრძელებენ
მუშაობას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, „ენერგო პრო ჯორჯიას", საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახურის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზარალებული ადგილობრივი
მცხოვრებლების დატბორილი სახლებისა და საკარმიდამო ნაკვეთების წმენდა.
მოსახლეობის დასახმარებლად მუშაობენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და წითელი
ჯვრის მოხალისეთა ჯგუფები.
უკვე დასრულდა სტიქიის შედეგად დაზიანებული ონის წყალმომარაგების ცენტრალური
მაგისტრალის რეაბილიტაცია, უახლოეს პერიოდში კი სრულად აღდგება ჟიჟორეთის სათავე
ნაგებობა. მიუხედავად არსებული დაზიანებებისა, ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის
შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას წყალი, ალტერნატიული ქსელის საშუალებით,
მეორე დღიდანვე სტაბილურად მიეწოდებოდა.
სტიქიის შედეგად დაზარალებულ ყველა სოფელს მეოთხე დღეა ელექტროენერგია
უწყვეტად მიეწოდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად