A1 ბანერი

რასმუსენი: რუსეთი აგრძელებს ნარატივს, რომ უკრაინა არშემდგარი ქვეყანაა და მისი ინსტიტუციების ნდობა არ შეიძლება

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა უკრაინაში 31 მარტს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა. როგორც მან ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთის მიზანია, არჩევნებში გამარჯვებულის რეპუტაციას ძირი გამოუთხაროს, ასევე გააჩინოს ეჭვი, რომ არჩევნები სამართლიან და თავისუფალ გარემოში არ ჩატარდა.

„რუსეთის მიზანია, უკრაინაში საარჩევნო პროცესის სრული დელეგიტიმაცია მოხდეს, მოსკოვს სურს ძირი გამოუთხაროს გამარჯვებულის რეპუტაციას, და გააჩინოს ეჭვი უკრაინელი ხალხსა და საერთაშორისო თანამეგობრობაში იმის შესახებ, იყო თუ არა ეს არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი.

რუსეთი აძლიერებს ნარატივს იმის შესახებ, რომ უკრაინა არის არშემდგარი ქვეყანა და მისი ინსტიტუციების ნდობა არ შეიძლება. სადაც ყველაფერი იყიდება, მათ შორის არჩვენების შედეგებიც. ეს ის სურათია, რომელიც რუსეთს უნდა უკრაინელებს და საერთაშორისო თანამეგობრობას აჩვენოს,” – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

ცნობისთვის, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს გაიმართება. უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 44 კანდიდატი დაარეგისტრირა. ეს მაჩვენებელი 2004 წლის მონაცემებთან შედარებით თითქმის ორჯერ მაღალია – მაშინ არჩევნებში 24 კანდიდატი მონაწილეობდა. სულ განაცხადი 91-მა ადამიანმა შეიტანა, რაც 1991 წლიდან არ მომხდარა, რაც უკრაინამ დამოუკიდებლობა მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...