რას უნდა ველოდოთ პომპეოს ვიზიტისგან?! – ინტერვიუ ირაკლი მენაღარიშვილთან

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია. მისი თვითმფრინავის თბილისში ამ საღამოს დაეშვა. მას ხვალ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები აქვს. მართალია ის თავის უფლებამოსილებას 2 თვეში ასრულებს, მაგრამ საქართველო ამ დონის ვიზიტებით განებივრებული არ არის, შესაბამისად მოლოდინიც დიდია.

რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ამ ვიზიტისგან? მხოლოდ რეგიონში არსებულ ვითარებაზე იქნება საუბარი თუ საუბარი საქართველოს შიდა პოლიტიკას, მათ შორის არჩევნებსაც შეეხება? რეგიონში არსებული ვითარებით ხომ არ ჩნდება შანსი საქართველოსთვის, რომ დაჩქარდეს ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი? – ამ და სხვა კითხვებზე „აიპრესთან“ ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი საუბრობს:

_ დღეს საქართველოს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ეწვია. თქვენ, როგორც გამოცდილი დიპლომატი, როგორ აფასებთ ამას? რა მნიშვნელობა ენიჭება ხოლმე ასეთი მაღლი დონის ვიზიტებს, თანაც იმ ფონზე, როდესაც პომპეო ასრულებს თავის უფლებამოსილებას?

_ ეს მომენტი, რომ უფლებამოსილება ეწურება, ალბათ გასათვალისწინებელია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი რამე განაპირობებს ამ ვიზიტის განსაკუთრებულობას – ეს არის ძალიან დაძაბული და მძიმე გეოპოლიტიკური გარემოება, რომელიც სამხრეთ კავკასიაშია შექმნილი. მით უმეტეს იმ სიტუაციაში, როდესაც ყარაბახის პრობლემა ჯერ არ არის დასრულებული და დასრულების ფაზაშია. როდესაც საქართველო-რუსეთის ომი ახლო წარსულში იყო და ამ მხრივაც სერიოზული პრობლემაა. როდესაც რეგიონს აქვს უამრავი გეოპოლიტიკური გამოწვევა. ამას გეოპოლიტიკური რევოლუციას ნუ დავარქმევთ, მაგრამ სერიოზული გადაადგილებები ხდება. რეგიონში შემოდის ახალი მოთამაშე, რომელიც თავისი ამბიციების, შეხედულებებით და ხედვებით გამოირჩევა. ბევრი რამე იცვლება და ამ დროს, ამ პოლიტიკური ალიაქოთის პერიოდში მოუწევს ბატონ პოპმპეოს ჩამოსვლა და მისი ჩამოსვლა პრინციპული მნიშვნელობისაა.

_ როგორ ფიქრობთ, პომპეო საქართველოში მხოლოდ რეგიონის გამოწვევებზე ისაუბრებს თუ საქართველოში არსებულ ვითარებაზეც ექნება ხელისუფლებასთან საუბარი და მათ შორის არჩევნების კონტექსტშიც, რამაც კრიზისი შექმნა ქვეყანაში?

_ უდავოა, რომ ალბათ ეს თემა წამოიჭრება. უდავოა, რომ წამოიჭრება სხვა საკითხებიც, მათ შორის გლობალურიც და არა მხოლოდ რეგიონული. მაგრამ ძირითადი ყურადღება რეგიონზე გამახვილდება. იმიტომ, რომ ეს არის ის მწვავე თემა, რომელიც მთელ მსოფლიოს მიაპყრობს სამხრეთ კავკასიისკენ.

_ ხომ არ ფიქრობთ, რომ ამერიკამ იგრძნო საფრთხე იმ თვალსაზრისით, რომ რუსეთმა დაიწყო მთელი რეგიონის კონტროლი და ამიტომაც ხომ არ დაიგეგმა ეს ვიზიტი თუ ისედაც იგეგმებოდა?

_ არა. როგორც ჩემთვის ცნობილია,  საქართველო ამ ვიზიტის პირვანდელ სიაში არ იყო და საქართველო სიაში მოხვდა ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შემდეგ.

მე მგონი თქვენ სწორად ბრძანეთ, რომ ძალების გადალაგების პროცესი, რომელიც ახლა რეგიონში მიდის, ეს იწვევს ამერიკის არა მხოლოდ დაინტერესებას, არამედ შეშფოთებასაც იწვევს.

_ რა მოლოდინი გაქვთ ამ ვიზიტისგან? შეიცვლება რამე?

_ მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის დაჩქარებას და გააქტიურებას. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საქართველო რეალურად რჩება იმ მოთამაშედ რეგიონში, რომელიც ამერიკის ერთგული და მისი პოლიტიკის მხარდამჭერია აქ. ამ სიტუაციაში ამ ცვლილებების დროს, თუ შეიძლება ასე ითქვას მომხრეთა შემომტკიცება როგორც წესი სტრატეგიული ამოცანა გახლავთ.

_ საქართველოსთვის შანსი ხომ არ ჩნდება, რომ დაჩქარდეს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია?

_ მე ვერ გეტყვით, რომ ამ ვიზიტის დროს ეს გამოცხადდება, მაგრამ ის, რომ ამ ვიზიტის დროს მოვლენათა განვითარება სერიოზულად იმოქმედებს იმ პროცესზე, რასაც თქვენ კითხულობთ, ამაში ეჭვი არ მეპარება.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად