რამდენად ეფექტურია ვაქცინების შერევა და საჭიროა თუ არა მესამე დოზა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ვაქცინების შერევის ეფექტურობის შესახებ ამ ეტაპზე მყარი სამედიცინო მტკიებულებები არ არსებობს. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მეორე დოზის დროს ვაქცინის შეცვლა მხოლოდ იმ შემთხვევაშია რეკომენდებული, თუ პირველ დოზაზე პაციენტს ალერგიული რეაქცია გამოუვლინდა.

მან ასევე განმარტა, განიხილება თუ არა სამეცნიერო სფეროში ვაქცინის მესამე დოზის, ანუ ე.წ. „ბუსტერის“ საჭიროება.

„ჯერჯერობით, საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება შეთანხმებულია, რომ როდესაც პირველ ინექციას ერთი ვაქცინით იწყებ, მეორე ვაქცინაც გაკეთდეს იგივე ვაქცინით, თუ პირველ ინექციაზე არ იყო განსაკუთრებული გვერდითი რეაქცია. თუ იყო განსაკუთრებული გვერდითი რეაქცია, ექიმი იღებს გადაწყვეტილებას ვაქცინის შეცვლასთან დაკავშირებით. მიმდინარეობს არაერთი კვლევა ვაქცინის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით – როცა ვაქცინაცია ერთი ვაქცინით იწყება და შემდეგ, კეთდება სხვა, მაგრამ, ჯერჯერობით, მყარი სამეცნიერო მტკიცებულებები არ არის. ამიტომ, დღეს რეკომენდაციაა, რომ რითაც დაიწყე ვაქცინაცია, იმითვე გააკეთე მეორე, თუ პირველ ინექციაზე არ იყო მძიმე ალერგიული ან სხვა ტიპის გვერდითი რეაქცია.

რაც შეეხება ვაქცინის მესამე დოზას, ანუ ე.წ „ბუსტერს“; ამაზე ახლა აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა. საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება ჯერ არაა შეთანხმებული, გადატანის ან პირველი, მეორე ინექციის შემდეგ, რამდენ ხანს გრძელდება ე.წ. ხელოვნური იმუნიტეტი. უმრავლესობა შეთანხმებულია, რომ ეს 6-8 თვე გრძელდება. ამიტომ, შესაძლებელია, რომ, ისევე, როგორც სხვა რესპირაციული ვირუსების შემთხვევაში, დადგეს ე.წ. ბუსტერის საჭიროება, რომელზეც დღეს სერიოზული განხილვები და მსჯელობები მიმდინარეობს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები
იტვირთება...