რამაზ საყვარელიძე: “ოცნებას” ასეთი კარგი შემადგენლობა, როგორც დღეს ჰყავს, არცერთი არჩევნების წინ ჰყოლია (ინტერვიუ)

მთავრობა ერთჯერად 300 ლარიან დახმარებას ყველას დაურიცხავს, ვინც დარეგისტრირდა, მაგრამ დოკუმენტაცია სრულად ვერ წარადგინა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო სკოლის მოსწავლეებს 17 წლამდე 200 ლარიან ერთჯერად დახმარებას მისცემს, ოთხი თვის (ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი) განმავლობაში კი გაზის გადასახადს დაუფარავს 200 კუბური მეტრის ოდენობით, ხოლო სოციალურად დაუცველ სტუდენტებს ერთი სემესტრის თანხას გადაუხდის. ოპოზიცია მთავრობის ამ გადაწყვეტილებას არჩევნებს უკავშირებს.

ჩნდება თუ არა საფუძველი არჩევნების კონტექსტთან დაკავშირებით და რატომ დააგვიანა მთავრობამ გადაწყვეტილების მიღება? – ამ და სხვა კითხვებზე „აიპრესთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე საუბრობს:

_ დღეს პრემიერმა გიორგი გახარიამ გამოაცხადა, რომ კორონავირუსის შედეგად შექმნილი სოციალური კრიზისის გამო ადამიანების გარკვეულ კატეგორიებს დაეხმარება. ოპოზიციამ ეს დააკავშირა ამომრჩევლის მოსყიდვასთან. აქვს ამას საფუძველი თუ რატომ დასჭირდა ამდენი დრო?

_ ეგ კითხვა რომ მთავრობის წარომადგენლებს დაუსვათ ჯერ ცოტა გაუკვირდებათ, რადგან მეც გამიკვირდება ეგ კითხვა. ყველაფერზე დიდი დრო სჭირდება და რაღა ეგ გაგვიკვირდა?! ოპერატიულად მარტო კოვიდის აღმოფხვრის დროს იმუშავეს. დანარჩენზე ყველაფერზე აგვიანებდნენ ეს საწყლები. ამიტომ, მაგაში ამ განზრახვის დანახვა მიჭირს.

თან არის ბოროტი განზრახვის გარეშე მეორე მოტივიც. დახმარებებს მობილიზაცია უნდა და როგორ უნდა დავეხმაროთ? – ეს არის სხვა ქვეყნებიდან დახმარებების მობილიზაცია, საკუთარი რესურსების მობიზაცია და ა. შ. პრინციპში ალბათ დროს გაწელვაც იქნება.

რაც შეეხება იმას, რომ საარჩევნოდ გაკეთდა თუ არა, ოპოზიცია რა თქმა უნდა იტყვის მაგას, რომ საარჩევნოდ გაკეთდაო. იმიტომ, რომ შემპასუხებელი არავინ ჰყავს. მათ შორის ჟურნალისტებიც არ ჩაეკითხებიან ხოლმე.

საარჩევნოდ ასეთ რამეებს აკეთებს პარტია, რომელსაც უჭირს. რეიტინგით ჯერჯერობით „ქართულ ოცნებას“ არ უჭირს.

_ ანუ ოპოზიციას ასეთი განცხადებების საფუძველი არ აქვს?

_ საფუძველი რა, სურვილი აქვს.

_ რეალურ საფუძველზე გეკითხებით, სურვილი ბევრი რამის შეიძლება ჰქონდეს.

_ რეალური საფუძველი საერთოდ რისი აქვს?! ადრე, როდესაც სხვა რაღაცებს აცხადებდნენ, იქ ჰქონდათ რეალური საფუძველი?! მე მარტო ოპოზიციას არ ვგულისხმობ. პოლიტიკას აქვს ეს თავისებურება, პოლიტიკოსების განცხადებებს აქვს ეს თავისებურება, განსხვავებით აღმასრულებელი ხელისუფლებებისგან, რომ ისინი ამბობენ… იტყვიან რაღაცას და მერე „გათენდება“ თუ არა ეგ სხვა საკითხია. ეს პოლიტიკური რეალობაა. ამიტომ, პრინციპში ყველა მაგათ ნათქვამზე რეაგირებაც ცოტა დამღლელია, მე ასე მგონია.

_ თქვენ არ გაგიჩნდათ გარკვეული ეჭვები თუ კითხვები არჩევნების კონტექსტის გათვალისწინებით?

_ არ მაქვს. იმიტომ, რომ ასეთი კარგი მდგომარეობა, რაც „ოცნებას“ დღეს აქვს, არცერთი არჩევნების წინ არ ჰქონია. გინდ რეიტინგით, გინდ შემადგენლობით. ასეთი შემადგენლობა არასოდეს არ ჰყოლია.

_ რა შემადგენლობა დაინახეთ ასეთი „ქართულ ოცნებაში“, რომ ხაზს უსვამთ, ასეთი კარგი შემადგენლობა არასდროს ჰყოლიაო?

_ მაგალითად გახარია, კახიშვილი, სერგეენკო… საუკეთესო ფიგურები იყვნენ.

_ თუმცა, ეს უკანასკნელი ორი – სერგეენკო და კახიშვილი მინისტრობიდან გაუშვეს.

_ კი, გაუშვეს, მაგრამ ეს უკვე დეტალებია. პრინციპში თავიანთი საქმის პროფესიონალიზმი მათ დაადასტურეს. ასეთი პროფესიონალების ამხელა რაოდენობა „ოცნებას“ არასდროს არ ჰყოლია.

_ თუმცა, ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ ისიც, რომ ჰყავს ისეთი ფიგურებიც, რომლებსაც არც თუ კარგი რეპუტაცია აქვთ. მაგალითად კობახიძე და მდინარაძე.

_ კი ბატონო, მაგრამ ასეთი ყველა პარტიას ეყოლება. აბა „ნაციონალური მოძრაობის“ ან „ევროპული საქართველოს“ სია რომ გამოქვეყნდება, იქ ყველა უნაკლო რეპუტაციის იქნება?

_ რა თქმა უნდა, არა.

_ ამაშია საქმე.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად