”რაინეარი” საქართველოდან დაგეგმილ სამ მიმართულებას თბილისი-კიოლნის რეისს დაამატებს

პრემიერ-მინისტრის თხოვნით, „რაინეარი” საქართველოდან დაგეგმილ სამ მიმართულებას თბილისი-კიოლნის რეისს დაამატებს. ამის შესახებ მამუკა ბახტაძისა და ავიაკომპანია „რაინეარის“ კომერციული დირექტორის დევიდ ო’ბრაიენის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

„პრემიერ-მინისტრმა დაგვარწმუნა გერმანიასთან საქართველოს კავშირების მნიშვნელობაში და ძალიან მახარებს, რომ სულ რაღაც ნახევარი საათის განმავლობაში შევთანხმდით კიდევ ერთი მიმართულება დაგვემატებინა“, – განაცხადა დევიდ ო’ბრაიენმა.

მისი თქმით, თბილისიდან კიოლნის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისი მომდევნო წლის ზაფხულიდან განხორციელდება.

„თავდაპირველად დაგეგმილი გვქონდა საქართველოდან 3 მიმართულებით გამოგვეცხადებინა პირდაპირი ფრენები: თბილისიდან მილანის, ხოლო ქუთაისიდან ბოლონიისა და მარსელის მიმართულებით, მაგრამ ამ სამ ავიარეისს კიდევ ერთი მიმართულება დაემატება“, – განაცხადა „რაინეარი“-ს კომერციულ დირექტორმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესა და ავიაკომპანია „რაინეარი“-ს კომერციულ დირექტორ დევიდ ო’ბრაიენს შორის შეხვედრა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...