რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო თასი: ქართველები არგენტინით იწყებენ

რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო თასი, დღეს, ავჭალის სტადიონზე, საქართველოსა და არგენტინის ნაკრებების დაპირისპირებით გაიხსნება.

უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა, ილია მაისურაძემ ის 23 მორაგბე შეარჩია, რომლითაც 2017 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში არგენტინას დაუპირისპირდება.

გუნდის მთავარი მწვრთნელი ფიქრობს, რომ შემადგენლობა თანაბარძალოვანია და შემცვლელებს ჩვენს თამაშში დამატებითი იმპულსის შეტანა შეეძლებათ:

„შემადგენლობა ისე გვაქვს დაკომპლექტებული, რომ შემცვლელები ჩვენს თამაშში ახალ იმპულსს შემოიტანენ. ჯგუფურ ეტაპზე თავის გამოჩენის საშუალება ყველა მორაგბეს მიეცემა. გუნდში კარგი განწყობაა და ახლა იმაზე ვმუშაობთ, რომ წინასატურნირო ემოცია ვმართოთ. გუშინ შევხდით მსაჯთა ხელმძღვანელ ალან როლანს, რომელმაც წესებში განხორციელებული ცვლილებები გაგვაცნო. უმოკლეს დროში მოგვიწევს ადაპტაცია და მაქსიმალური ყურადღება უნდა მიექცეს დისციპლინას. ეს ტურნირი ამ ბიჭებისთვის დიდი გამოცდა იქნება. ესაა მათთვის კარი, რომლის გავლითაც დიდ რაგბში უნდა შეაბიჯონ“, – განაცხადა მაისურაძემ.

მაისურაძემ მეტოქის ძლიერი მხარეები კარგად იცის და თვლის, რომ არგენტინაში რაგბი სწრაფად პროგრესირებს, თუმცა დაცვაში დისციპლინირებული თამაშით მეტოქის იერიშების მოგერიებას იმედოვნებს:

„არგენტინელებმა შეკრება ახალ ზელანდიაში გაიარეს და ზე-რაგბის თანატოლთა გუნდებს ეთამაშნენ. მათ ტრადიციულად დაბალანსებული გუნდი ეყოლებათ: სწრაფი, ტექნიკური მოთამაშეები, ძლიერი რაქით. არგენტინელებმა განვითარების გზა ჩვენზე ადრე გაიარეს, მათი ყველა ასაკობრივი გუნდი და ნაკრები დღითიდღე წინ მიდის. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ შეტევებისთვის პლათფორმა არ მივცეთ და ორგანიზებულად ვიმოქმედოთ დაცვაში“, – აცხადებს მაისურაძე.

მისი აზრით სავსე ტრიბუნები და მაყურებლის მხარდამჭერა მომავალ მატჩში მნიშვნელოვანი იქნება და ბიჭები დამატებით სტიმულს მიიღებენ:

„ბედნიერებაა ასეთი ტურნირი საქართველოში რომ ტარდება. ველოდებით სავსე ტრიბუნებს და მაყურებლის მხარდაჭერა ჩვენთვის დიდი სტიმულის მომცემი იქნება. ბიჭების უმეტესობას მსგავს გარემოში არასდროს უთამაშიათ და ამისთვის ცალკე ვემზადებით“, – განაცხადა მაისურაძემ

უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა არგენტინასთან: 15. მირიან მოდებაძე (აია), 14. ლადო მიმინოშვილი (ბათუმი), 13. ბეჟან გავაშელიშვილი (ლელო-სარასენს), 12. გიორგი წიკლაური (ჯიქი), 11. დავით მესხი (არმია), 10. თედო აბჟანდაძე (აია), 9 გელა აფრასიძე (ლელო-სარასენს); 1. გურამ გოგიჩაშვილი (ლოკომოტივი), 2. ლევან პაპიძე (ლელო-სარასენს), 3. ლაშა ტაბიძე (ბორდო, საფრანგეთი), 4. ბექა საღინაძე (ლელო-სარასენს), 5. კობა ჯიმშელეიშვილი (არმაზი), 6. გიორგი ნუცუბიძე (აია), 7. ილია სპანდერაშვილი (არმია, კაპ.), 8. არსენ მაჩალაძე (აია);

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (ლელო-სარასენს), 17. უშანგი ჭეიშვილი (მონპელიე, საფრანგეთი), 18. გურამ პაპიძე (ლიონი, საფრანგეთი), 19. ლაშა ჯაიანი (ექსეტერი, ინგლისი), 20. თორნიკე ჯალაღონია (ჯიქი), 21. ლუკა დვალიშვილი (არმაზი), 22. გიორგი გოგოლაძე (მონპელიე, საფრანგეთი), 23. გიორგი კვესელაძე (ლელო-სარასენს).

საქართველოსა და არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებების შეხვედრა, დღეს ავჭალის სარაგბო სტადიონზე 18 საათზე დაიწყება.
 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...