რაგბი U20: ათი ცვლილება საფრანგეთისთვის

უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩისთვის, სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად 10 მორაგბე შეცვალა.

საფრანგეთთან გასამართ მატჩს მეტოქისთვის უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ვიდრე ჩვენთვის. ნებისმიერ შემთხვევაში, უმცროსი ბორჯღალოსნები ჯგუფში მე-4 ადგილს იკავებენ და მე-9 ადგილისთვის გააგრძელებენ ბრძოლას, ხოლო ფრანგებს თასის ნახევარფინალში გასვლის კარგი შანსი აქვთ.

„ნორჩ ქურციკებთან“ ნათამაშები შემადგენლობიდან სასტარტო შემადგენლობაში დარჩნენ გარემარბი, აკაკი ტაბუცაძე და შუამარბი, ბეჟან გავაშელიშვილი, ბურჯი, უშანგი ჭეიშვილი, მეორეხაზელი, ლაშა ჯაიანი და მესამეხაზელი, თორნიკე ჯალაღონია, რომელიც შერკინების შემკვრელად გადაინაცვლებს და საფრანგეთთან გუნდს უკაპიტნებს.

„მნიშვნელოვანია, რომ ყველა მორაგბეს მივცეთ სათამაშო დრო, მიიღონ გამოცდილება და გადამწყვეტ თამაშებს უფრო თავდაჯერებულები შეხვდნენ. ამავდროულად, ამ ბიჭებს თავის გამოჩენის შანსი ეძლევათ და ეს გუნდს უფრო კონკურენტუნარიანს გახდის“, – განაცხადა 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების თავკაცმა, ილია მაისურაძემ.

რადგან შემადგენლობაში რამდენიმე ახალი მოთამაშე გამოჩნდა, მთავარ მწვრთნელს სათამაშო რგოლებს ასე ახასიათებს:

„სამხრეთ აფრიკასთან მატჩში შოთა არეშიძე დაშავდა, მინიმუმ ორი თამაშის გამოტოვება მოუწევდა და კიდევ ერთხელ გავხსენით რეზერვის კარი. დავიმატეთ სანდრო მამამთავრიშვილი, რომელიც დაცვაში ძალიან კარგად თამაშობს და ფიზიკურ ორთაბრძოლებში ერთ-ერთი გამორჩეულია. მთლიანობაში, საფრანგეთთან მატჩისთვის მესამე ხაზში უფრო სწრაფი და კარგი დამცველები გავამწესეთ. გარდა ამისა, სამივე მოთამაშე 1998 წელსაა დაბადებული და მომავალი წლისთვის გამოცდილებას შეიძენენ. დარწმუნებული ვარ, ხვალ სამივე ძალიან ბევრს იმუშავებს. მეორე ხაზში დავტოვეთ ლაშა ჯაიანი, რომელიც სტაბილური იყო ორივე განვლილ შეხვედრაში (შეცვლაზე არგენტინასთან და სრულად სამხრეთ აფრიკასთან), თავისი საქმე კარგად შეასრულა. კობა ჯიმშელეიშვილს ამ ორ შეხვედრაში დიდი სათამაშო დრო დაუგროვდა, გადავწყვიტეთ მისთვის დასვენების საშუალება მიგვეცა და საფრანგეთთან გიორგი ნუცუბიძე შეცვლის. შერკინების პირველ ხაზში ბრუნდება გურამ პაპიძე, რომელმაც ტრავმა მოიშუშა. ის სტაბილურობით და მობილურობით გამოირჩევა. იყო საფრთხე, რომ გურამი ტურნირის ბოლომდე გამოგვაკლდებოდა, მაგრამ ჩვენმა სამედიცინო შტაბმა ძალიან კარგად იმუშავა, ამისთვის მადლობას ვუხდი. მათი დამსახურებაა, რომ განვლილი ორი დღის შემდეგ ბევრი მოთამაშე არ დავკარგეთ და ისინი ჩვენთან რჩებიან. თენგიზ ზამთარაძემ ორივე შეხვედრაში შეცვლაზე ითამაშა და ახლა გვინდა, რომ მეტი დრო მივცეთ. პირველ ნომერზე რჩება უჩა ჭეიშვილი, რომელსაც მეორე ტაიმის დასაწყისში გურამ გოგიჩაშვილი შეცვლის. პირველ თამაშში ისიც დაშავდა და სამედიცინო შტაბის დამსახურებით მწყობრში უმოკლეს დროში დაბრუნდა“, – განაცხადა ილია მაისურაძემ.

მრავლად განხორციელდა ცვლილებები ხაზშიც. ჯერ კიდევ არგენტინასთან მატჩისას დაშავდა და ტურნირს გამოეთიშა ლადო მიმინოშვილი, რომლის ნაცვლად რეზერვიდან ბექა მამუკაშვილი დაწინაურდა. მაისურაძემ ამ თამაშში სრულად შეცვალა ღერძი, რაც ნაწილობრივ ტრავმებითაა განპირობებული:

ლუკა დვალიშვილმა ორივე ჯერზე შეცვლაზე ითამაშა, ახლა კი გვინდა მთლიანი თამაში მივცეთ. ამის ერთ-ერთი მიზეზი გელა აფრასიძის ტრავმაცაა, რომელიც საბედნიეროდ მძიმე არ აღმოჩნდა და მალე ოპტიმალურ ფორმაში იქნება. მგეზავად თამაშს გიორგი გოგოლაძე დაიწყებს. ის ამპლუით ცენტრია, თუმცა დავით მოძღვრიშვილის ტრავმის შემდეგ, პოზიცია იძულებით შევუცვალეთ და ახლა გვინდა, რომ ამ პოზიციაზე მეტი გამოცდილება შეიძინოს. გადავწყვიტეთ დაგვესვენებინა გიორგი კვესელაძე, რომელსაც მუხლის ტრავმის და ოპერაციის გამო 8 თვე გაუცდა. მან განვლილ ორ შეხვედრაში დიდძალი ენერგია დახარჯა, გვინდა მეოთხე თამაშისთვის ოპტიმალურ ფორმაში გვყავდეს. მის ნაცვლად თამაშს გიორგი წიკლაური იწყებს. სკამიდან დაწინაურდა კიდევ ერთი უთამაშებელი მორაგბე ბექა მამუკაშვილი. მას შემდეგ, რაც „ვესთერნ პროვინსთან“ მატჩისას ფულბეკი ლუკა იურინი დაგვიშავდა, ჩვენ მას 15 ნომრის პოზიციაზე მოვიაზრებთ და გვინდა ვნახოთ ამ ამოცანას თავს როგორ გაართმევს. გარემარბის პოზიციაზე ითამაშებს საბა სვიმონიშვილი, რომელიც ძალიან ნიჭიერი ბიჭია. მას პირველ ორ შეხვედრაში თამაშის საშუალება არ ქონია და ახლა თავის გამოჩენის შანსი ექნება. მეორე გარემარბი კვლავ აკაკი ტაბუცაძეა“, – აღნიშნა მაისურაძემ.

უმცროს ბორჯღალოსნებს ჯგუფში წინსვლის შანსი აღარ აქვთ. ამავდროულად, მეტოქეს თასის ნახევარფინალში გასასვლელად საქართველოსთან პრემიალური გამარჯვება ჭირდება და მომავალი თამაშისთვის დიდი მონდომებით ემზადება:

„საფრანგეთის ნაკრებს ძალიან ძლიერი შერკინება ყავს, გამორჩეულია მოლში და დერეფანში. გუნდი ტანმაღალი, ძლიერი ბიჭებითაა დაკომპლექტებული და ბურთის მოგების ზონაში ძლიერად თამაშობენ. დაემტვრათ კარგი 10 ნომერი, თუმცა შემცვლელიც ყავთ. ჩამოიყვანეს "ლა როშელის" 9 ნომერი, რომელიც უკანა ხაზში რამდენიმე პოზიციას ფარავს და ხვალ თამაშს გარემარბად იწყებს. ვფიქრობ, ისინი ეცდებიან, რომ სრულად გამოიყენონ სივრცე და ფლანგებზე უპირატესობა მოიპოვონ“, – აცხადებს მაისურაზე.

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი

თბილისი. ავჭალა. 18:00

საქართველო – საფრანგეთი

საქართველო: 15. ბექა მამუკაშვილი, (ლელო სარასენს), 14. აკაკი ტაბუცაძე (ლელო სარასენს), 13. ბეჟან გავაშელიშვილი (ლელო სარასენს), 12. გიორგი წიკლაური (ჯიქი), 11. საბა სვიმონიშვილი (შარქსი, სამხრეთ აფრიკა), 10. გიორგი გოგოლაძე (მონპელიე, საფრანგეთი), 9. ლუკა დვალიშვილი (არმაზი); 1. უშანგი ჭეიშვილი (მონპელიე, საფრანგეთი), 2. თენგიზ ზამთარაძე (ლელო სარასენს), 3. გურამ პაპიძე (ლიონი, საფრანგეთი), 4. ლაშა ჯაიანი (ექსეთერი, ინგლისი), 5. გიორგი ნუცუბიძე (აია), 6. სანდრო მამამთავრიშვილი (თიბიეს უნივერსიტეტი), 7. ალექსანდრე კალმახელიძე (არმია), 8. თორნიკე ჯალაღონია (ჯიქი, კაპ.);

მარქაფა: 16. ლევან პაპიძე (ლელო სარასენს), 17. გურამ გოგიჩაშვილი (ლოკომოტივი), 18. რევაზ დუგლაძე (ლელო სარასენს), 19. ბექა საღინაძე (ლელო სარასენს), 20. არსენ მაჩალაძე (აია), 21. გელა აფრასიძე (ლელო სარასენს), 22. თედო აბჟანდაძე (აია), 23. მირიან მოდებაძე (აია);

ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...