რაგბი, მსოფლიო თასი-2019, გრანდიოზული სპექტაკლი იაპონელთა შესრულებით(ვიდეო)

იაპონიაში, რაგბის მსოფლიო თასზე, გუნდები ჯგუფებში მეორე ტურის მატჩებში ხვდებიან ერთმანეთს.

მოულოდნელი შედეგით დასრულდა მატჩი A ჯგუფში ირლანდიელებსა და მასპინძლებს შორის. მსოფლიო თასის გათამაშების დაწყების წინ მსოფლიო რეიტინგის სათავეში მყოფმა ირლანდიელებმა ვერ შეძლეს თავგანწირვით მებრძოლი იაპონელი მორაგბეების მრისხანე დაწოლის შეჩერება და დამარცხდნენ.

იაპონელებს და ირლანდიელებს დღემდე 7 შეხვედრა ჰქონდათ ერთმანეთში ჩატარებული და შვიდივე შეხვედრა ირლანდიელები სასარგებლოდ იყო დასრულებული. მათ მერვე შეხვედრაში, როგორც ამას პორტალი rugbyworldcup წერს, “იაპონიამ აჩვენა სექტაკლი, უფრო გრანდიოზულიც კი, ვიდრე იყო “ბრაიტონის სასწაული”, სამხრეთ აფრიკასთან 2015 წლის რაგბის მსოფლიო თასზე მათი ისტორიული გამარჯვება. ისინი დომინირებდნენ მეორე ტაიმში და შეეძლოთ 7 ქულაზე მეტითაც მოეგოთ”

შეხვედრის პირველ ნახევარში ირლანდიელებმა ორი ლელო დადეს, მათგან ერთი, მეორე, ზუსტად გარდასახეს და 12 ქულა დააგროვეს. იაპონელებმა პირველ ლელოს ერთი ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმით უპასუხეს, მეორე მიღებული ლელოს შემდეგ კი ორჯერ დაარტყეს საჯარიმო სრულად და სულ 9 ქულა დააგროვეს.

მეორ ნახევარში ირლანდიელებმა ვერაფერი შემატეს თავის აქტივს, იაპონელებმა კი გარდასახულ ლელოსთან ერთად ჯარიმაც გაიტანეს და სენსაციური გამარჯვება მოიპოვეს – 19:12.

რაგბიში მსოფლიო თასების გათამაშების ისტორიაში მეორედ მოხდა, რომ მეორე დონის გუნდმა პირველი დონის გუნდი 7 ქულის სხვაობით დამარცხა. პირველი ასეთი შემთხვევა 1995 წელს მოხდა, როდესაც სამოელებმა უელსი დაამარცხეს – 38:31.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის მსოფლიო თასზე სამხრეთ აფრიკასთან მოპოვებული გამარჯვება, სულ ჯგუფში კი სამი თამაშის მოგება, არ აღმოჩნდა საკმარისი მეორე ადგილის დასაკავებლად და პლეი-ოფში გადასასვლელად. მაშინ იაპონელებმა შოტლანდიასთან განიცადეს მძიმე მარცხი – 10:45 და ჯგუფში ჩარჩნენ. ანალოგიური შეიძლება განმეორდეს ამჯერადაც და 13 ოქტომბერს, ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩში, შოტლანდიასთან დამარცხებამ შეიძლება ამჯერადაც ძლიერ გააწბილოს იაპონია.

დღეს გამართულ კიდევ ერთ შეხვედრაში სამხრეთ აფრიკამ ნამიბიელებს 9-ჯერ დაუდო ლელო. შეხვედრა სამხრეთ აფრიკის გუნდმა ანგარიშით 57:3 მოიგო.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად