“რადისონში” საჯარო და კერძო თანამშრომლობის პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა

სასტუმრო "რადისონში" საჯარო და კერძო თანამშრომლობის (PPP) პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.

პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი ბრუნო ბალვანერა, საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი იეშიმ ელჰან-კაიალარი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, თბილისის მერი დავით ნარმანია, ბიზნეს ომბუდსმენი გიორგი გახარია, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე და სხვა მოწვეული სტუმრები.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც საქართველოს სამთავრობო და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

"ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ, ბატონი გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივითდავიწყეთ კერძო და საჯარო პარტნიორობის კანონმდებლობის შექმნა. ამ ნაწილში ჩვენ ძალიან გვეხმარება მსოფლიო ბანკი და აზიის განვითარების ბანკი. პოლიტიკის დოკუმენტი, რომელსაც დღეს ვიხილავთ, არის დოკუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც შემდგომში ჩვენ შევქმნით საკანონმდებლო და ქვენორმატიულ ბაზას მომდევნო წლის პირველ ნახევარში", – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მინისტრის შეფასებით, ეს არის ქვეყნის განვითარების შემდგომი ნაბიჯი.

“ეს არის ახალი ნაბიჯი ინვესტიციების მოსაზიდად და იმისთვის, რომ განვითარებულმა ინვესტორმა თავი იგრძნოს კომფორტულად იმ ახალი ინსტრუმენტებისთვის, რომელი ინსტრუმენტებიც მოყვება კერძო და საჯარო პარტნიორობას. კერძო და საჯარო მიმართულებები არის ძალიან მრავალმხრივი – იწყება ჯანდაცვიდან და მთავრდება განათლებით. მათ შორის, რა თქმა უნდა, არის ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი, სხვადასხვა წამახალისებელი ინვესტიციების ნაწილი, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია. ჩვენ დიდი პრივატიზების ნაწილი, პრაქტიკულად, დავამთავრეთ ქვეყანაში და იმისთვის, რომ დამატებითი ინვესტიციები მოვიზიდოთ, საჭიროა ეს კანომდებლობა", – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თანამშრომლობის შედეგად, ევრობანკმა საქართველოში საჯარო და კერძო თანამშრომლობის მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის განვითარებისთვის ტექნიკური დახმარება გამოყო. აღნიშნული ტექნიკური დახმარების ფარგლებში დაფინანსებული პროექტი 2015 წლის ივლისის ბოლოს დაიწყო და 10 თვეს მოიცავს.

მოცემულ ეტაპზე კონსულტანტების მიერ უკვე შემუშავდა საქართველოში საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან (PPP) დაკავშირებული არსებული კანონმდელობის და პრაქტიკის კვლევის დოკუმენტის პროექტი.

მომდევნო ეტაპზე გათვალისწინებულია საჯარო და კერძო თანამშრომლობის პოლიტიკის დოკუმენტის, საჯარო და კერძო თანამშრომლობის თაობაზე კანონპროექტისა და სხვა შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.

კომენტარები
იტვირთება...