რაბათის ნამოსახლარზე დაახლოებით 50 საუკუნის წინანდელი ნაგებობები აღმოაჩინეს

რაბათის ნამოსახლარზე დაახლოებით 50 საუკუნის წინანდელი ნაგებობებია აღმოჩენილი, რომლის მსგავსი არქიტექტურა კავკასიის რეგიონში ცნობილი არ არის, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.

“საქართველოს ეროვნული მუზეუმის საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია ასპინძის რაიონში, სოფელ ზველში, ადგილ რაბათზე მუშაობს.

რაბათი წარმოადგენს გორა ნამოსახლარს, რომელსაც გააჩნია სასიმაგრო სისტემა. მასზე ფიქსირდება ცხოვრების უწყვეტი კვალი ადრებრინჯაოს ხანიდან (ძვ.წ. III ათასწლეული) შუა საუკუნეების ჩათვლით. ამ მხრივ რაბათი წარმოადგენს მნიშვნელოვან საკვლევ ობიექტს იმის დასადგენად, თუ როგორ მიმდინარეობდა ადამიანის მიერ გარემოსთან ადაპტაციის პროცესი და როგორ სოციო-ეკონომიკურ და კულტურულ ცვლილებებს განიცდიდა უძველესი მოსახლეობა ათასწლეულების მანძილზე.

ამ ეტაპზე, რაბათის ნამოსახლარზე აღმოჩენილია დაახლოებით 50 საუკუნის წინანდელი მძლავრი ნაგებობები, რომლის მსგავსი არქიტექტურა კავკასიის რეგიონში ცნობილი არ არის. რაბათის ნამოსახლარის მიდამოებში აღმოჩენილია სამარხები და ყორღანები; საყოფაცხოვრებო ნივთებთან ერთად, ვხდებით სარიტუალო დანიშნულების არტეფაქტებს, როგორიც არის მაგალითად ცხოველისგამოსახულებიანი სადგრები და სხვა, რომელთა ანალოგები ჩვენს რეგიონში დღემდე არ არის აღმოჩენილი. იგივე სურათია მომდევნო პერიოდის ფენებშიც, აქ აღმოჩნდა დაახლოებით 43 საუკუნის წინანდელი თიხის სტილიზებული ცხოველის ფიგურები და სავარაუდოდ სარიტულო ჭურჭელი, რაც სრულიად ახალ წარმოდგენას გვიქმნის ამ პერიოდის მოსახლე ხალხის შესახებ. ყოველივე ეს მიუთითებს, რომ სოფელ ზველის ტერიტორიაზე ადრებრინჯაოს ხანაში არსებობდა რეგიონისთვის მნიშვნელოვანი დასახლებული ადგილი.

რაბათის ნამოსახლარის და მისი მიმდებარე ტერიტორიის კვლევა წარმოადგენს მრავალწლიან ფართომასშტაბიან საერთაშორისო პროექტს. ექსპედიცია მოიცავს საველე სკოლას, სადაც ყოველწლიურად, ქართველ სტუდენტებთან ერთად, მელბურნის უნივერსიტეტის ათობით სტუდენტი გადის არქეოლოგიური გათხრების პრაქტიკას. გარდა ქართველი და ავსტრალიელი არქეოლოგებისა, კვლევებში ჩართულნი არიან საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან მოწვეული სპეციალისტები.

საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიციის სამეცნიერო ხელმძღვანელია საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი გიორგი ბედიანაშვილი.

რაბათის ნამოსახლარის აღმოჩენები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სამეცნიერო წრეებში ქართული არქეოლოგიური ძეგლების ცნობადობის გაზრდას, ასევე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, როგორც სამეცნიერო ინსტიტუციის პოზიციონირებას საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე.

რაბათის ნამოსახლარზე არქეოლოგიური კვლევები შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს”, – აღნიშნულია ეროვნული მუზეუმის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...