რა შეიცვლება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში?! – ინტერვიუ ვახტანგ ხმალაძესთან

საქართველო ნელ-ნელა უახლოვდება საგანგებო მდგომარეობის შემოღებას. საქართველოს მთავრობა თანდათანობით ზღუდავს სხვადასხვა უფლებებს. თუმცა, ამ ეტაპზე საგანგებო მდგომარეობის შემოღების აუცილებლობას ვერ ხედავს.

რა შეიცვლება ამ მდგომარეობიდან საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემთხვევაში და რა შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს? – ეს ის კითხვებია, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს აწუხებს. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „აიპრესთან“ ინტერვიუში კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე საუბრობს:

_ ნელ-ნელა ვუახლოვდებით საგანგებო მდგომარეობას. იმ შემთხვევაში თუ გამოცხადდება საგანგებო მდგომარეობა რა შეიცვლება იმასთან შედარებით რაც დღევანდელ რეალობაშია და რა შეზღუდვები დაწესდება სახელმწიფოში?

_ პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში არანაირი შეზღუდვა არ ხდება ავტომატურად. სხვაგვარად რომ ვთქვა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ ნიშნავს ავტომატური შეზღუდვის დაწესებას. ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ შეიძლება დაწესდეს შეზღუდვები.

_ მთავრობის გადაწყვეტილებით?

_ არა მხოლოდ. პირველი, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მთავრობამ, რა შეზღუდვების დაწესება მიაჩნია საჭიროდ. მეორე, ეს წინადადება უნდა წარედგინოს პრეზიდენტს და პრეზიდენტი დაეთანხმოს ამას. დათანხმების შემთხვევაში პრეზიდენტი გამოსცემს დეკრეტს, რომლითაც აწესებს ამ შეზღუდვებს. შეიძლება ყველაფერში დაეთანხმოს პრეზიდენტი, შეიძლება ნაწილობრივ. ყოველ შემთხვევაში რასაც პრეზიდენტი გამოსცემს დეკრეტით, იქ უნდა იყოს შეთანხმებული პოზიცია პრეზიდენტისა და მთავრობის და ამ დეკრეტს პრეზიდენტთან ერთად ხელს აწერს პრემიერ-მინისტრიც. შემდგომ ეს დეკრეტი გადაცემა პარლამენტს დაუყოვნებლივ და პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს მის დამტკიცებას.

თუ პარლამენტმა დეკრეტი არ დაამტკიცა, ის ძალას კარგავს. ანუ თუ დეკრეტით მოხდა უფლებების შეზღუდვა, ეს შეზღუდვა ძალაში შევა მაშინვე, როგორც კი დეკრეტი გამოქვეყნდება, მაგრამ თუ პარლამენტმა არ დაამტკიცა, მაშინ დეკრეტი გაუქმებულად ჩაითვლება და ყველა ეს შეზღუდვა მოიხსნება.

_ ანუ ყოველ გადაწყვეტილებაზე თუ რა უნდა შეიზღუდოს, ეს პროცედურებია გასატარებელი?

_ დიახ. აუცილებლად. რასაც მე გეუბნებით, ეს არის განსაზღვრული კონსტიტუციით. თან არის ასეთი წესი, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს რიგი უფლებებისა შეიძლება შეიზღუდოს პრეზიდენტის დეკრეტით და უფრო ნაკლები რაოდენობა უფლებებისა, შეიძლება შეჩერდეს პრეზიდენტის დეკრეტით. ანუ, კონსტიტუციით განსაზღვრული რამდენიმე ნორმა, რომელიც ამ უფლებებს განსაზღვრავს შეიძლება შეჩერდეს.

_ რომელ უფლებებზეა საუბარი? თვალსაჩინოებისთვის ჩამოთვალეთ რამდენიმე თუ შეიძლება.

_ ეს არის კონსტიტუციის მე-13 მუხლი – ადამიანის თავისუფლება, რომელიც სხვა რამეებთან ერთად ასეთ რამესაც გვეუბნება, რომ თუ პირი დააკავა პოლიციამ, ის უნდა წარედგინოს სასამართლოს 48 საათიან ვადაში და თუ სასამართლომ არ დაადასტურა დაპატიმრების კანონიერება, ეს პირი უნდა გათავისუფლდეს. ეს ნორმა შეიძლება შეჩერდეს პრეზიდენტის დეკრეტით ან მოიხსნას პირის სასამართლოსთვის წარდგენის ვალდებულება.

მაგალითად, ვირუსით დაავადებულმა პირმა, ან პირმა, რომელზეც ეჭვია, რომ ვირუსით იყოს დაავადებული და მოქცეულია კარანტინში და გაიპარა კარანტინიდან. შეიძლება დეკრეტით დადგინდეს, რომ ასეთი პირები პოლიციამ დააპატიმროს 20 დღის ან ერთი თვის ვადით სასამართლოსთვის წარდგენის გარეშე.

ასევე შეიძლება მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა, როდესაც კონსტიტუცია ამბობს, რომ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში შეიძლება ამ თავისუფლად მიმოსვლის შეზღუდვა. დეკრეტმა შეიძლება თქვას, რომ შეაჩეროს ეს უფლება და არა კანონით, არამედ დეკრეტით დაადგინოს მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის ფარგლები.

შემდეგ ეს არის მასობრივი ინფორმაციის და ინტერნეტის თავისუფლებების უფლებები. შესაძლებელია დეკრეტით შეჩერდეს ამ ნორმის მოქმედება და დადგინდეს შეზღუდვები მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის. კონსტიტუცია გვეუბნება, რომ ინფორმაციის თავისუფალი გავრცელება შეიძლება შეიზღუდოს საგანგებო მდგომარეობის დროს.

ასეთი შეიძლება იყოს სახელმწიფო თავისუფლების ორგანოებიდან საჯარო ინფორმაციის მიღების უფლება. შეიძლება ეს უფლებაც შეიზღუდოს. ასევე შეიძლება შეჩერდეს საკუთრების უფლების კონსტიტუციური დაცვა. მაგალითად, როდესაც ჩვენ კონსტიტუცია გვეუბნება, რომ აუცილებელი კონსტიტუციური საჭიროებისათვის შესაძლებელია საკუთრების ჩამორთმევა კანონით მხოლოდ პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს გადაწყვეტილებით. შეიძლება ეს ნორმა შეაჩეროს დეკრეტმა და თქვას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ამისათვის საჭირო არ არის და საკმარისია ხელისუფლების რომელიმე ორგანოს გადაწყვეტილება.

თუ კონსტიტუციური ნორმის თაობაზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ასეთი დეკრეტი მაშინვე კი არ შედის ძალაში, არამედ მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოქმედდება და მას შემდეგ, რაც პარლამენტი დაამტკიცებს მას.

_ ანუ, როდესაც ყველა პროცედურას გაივლის?

_ დიახ, მაგრამ როდესაც უფლებათა შეზღუდვაზეა საუბარი, მაშინ დეკრეტი ამოქმედდება მაშინვე, როგორც კი მას გამოსცემს პრეზიდენტი. ხოლო თუ პარლამენტმა არ დაამტკიცა, ის გაუქმდება. ეს მნიშვნელოვანი განსხვავებაა. ეს ყველაფერი არის შესაძლებლობის უფლების მიცემა ხელისუფლებისთვის, რომ მან შეზღუდოს ჩვენი კონსტიტუციური უფლებები.

_ დასაბუთება არ არის საჭირო, როდესაც დეკრეტი გამოიცემა?

_ რა თქმა უნდა, დასაბუთება ყოველთვის საჭიროა. ახლა სწორედ ამის თქმას ვაპირებდი. მაგრამ ამ უფლებათა შეზღუდვა უნდა მოხდეს ისევ კონსტიტუციით დადგენილი პრინციპების დაცვით. ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს აუცილებელი დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის. აუცილებელი ჩვენი ჯანმრთელობის დაცვისათვის. უნდა იყოს ის აუცილებელი მინიმუმი შეზღუდვისა, რაც  საჭიროა იმისათვის, რომ ამ კონკრეტულ მოცემულობაში ამ შეზღუდვებმა საზოგადოება დაიცვას ეპიდემიის გავრცელებისგან.

მაგალითად, ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვა სრულებით არ არის საჭირო ეპიდემიის გავრცელების შესაზღუდად. შესაბამისად, თუ დეკრეტით მოხდა ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება, სრულიად სამართლიანად შესაძლებელია იყოს გასაჩივრებული, როგორც ანტიკონსტიტუციური შეზღუდვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა შეზღუდვა უნდა იყოს დასაბუთებული, საზოგადოებისთვის გასაგები და გონივრული. ანუ, ფარგლები უნდა იყოს განსაზღვრული. უნდა განისაზღვროს – რა ტერიტორიაზე იმოქმედებს შეზღუდვა, მთელ ქვეყანაში თუ ქვეყნის ნაწილში. როდიდან როდემდე იმოქმედებს, ანუ საგანგებო მდგომარეობა როდიდან როდემდე იქნება. ასევე როგორია შეზღუდვის ფარგლები. მაგალითად, რომ ითქვას – შეიზღუდოს გადაადგილების თავისუფლება, ეს სრულებით არ იქნება საკმარისი. უნდა ითქვას, როგორი გადაადგილება იზღუდება.

_ უნდა დაკონკრეტდეს?

_ რასაკვირველია. ძალიან კონკრეტულად და ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული. პირობითად წარმოვიდგინოთ, რომ რომელიღაც ქალაქში მოხდა ეპიდემიის აფეთქება, მაგალითად ერთბაშად ათეულობით ადამიანს აღმოაჩნდა კორონავირუსი და იქ უკვე აშკარაა, რომ უკონტროლოდ ვრცელდება ეს ვირუსი. ამ შემთხვევაში შეიძლება მთლიანად ამ ქალაქში გამოცხადდეს კარანტინი, რაც იმას ნიშნავს, რომ აიკრძალება ამ ქალაქში შესვლა და ქალაქიდან გამოსვლა. ანუ, ყოველთვის კონკრეტულად უნდა განისაზღვროს – არ არის შეზღუდული, როგორ არის შეზღუდული, ამ შეზღუდვის ფარგლები როგორია და ა. შ. მაგალითად, გუშინ საკოორდინაციო საბჭომ გაავრცელა რეკომენდაცია სავაჭრო ობიექტების დახურვის შესახებ. იქ ძალიან კონკრეტულად იყო განსაზღვრული, რომ დროებით უნდა დაიხუროს ყველა სავაჭრო ობიექტი გარდა სასურსათოსი, აფთიაქების, ფოსტა… ე. ი. განისაზღვრა რა უნდა გაკეთდეს.

საკოორდინაციო საბჭო ასე ვერ კრძალავს, რადგან ეს არის შეზღუდვა კონსტიტუციური უფლებებისა. ის იძლევა რეკომენდაციებს და თუ საზოგადოება არ შეასრულა ეს რეკომენდაციები, მაშინ ხელისუფლებას სხვა არაფერი დარჩება, გარდა იმისა, რომ საგანგებო მდგომარეობა და უკვე დეკრეტით დააწესოს ეს შეზღუდვები. მაშინ მაგის შესრულება, ყველასთვის სავალდებულო იქნება. ვინც არ შეასრულებს, ის კანონით დაისჯება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება განპირობებულია თავად საზოგადოების დამოკიდებულებით იმ რეკომენდაციების შესრულებისადმი, რომელსაც ადგენენ და უნდა ადგენდნენ სპეციალისტები. ჩვენ შემთხვევაში ეპიდემიოლოგები. ყველა რეკომენდაცია, რომელსაც საკოორდინაციო საბჭო იძლევა, ეფუძნება სწორედ სპეციალისტების რჩევას, რომ ახლა საჭიროა გაკეთდეს ეს და ეს.

ამ რჩევას თუ საზოგადოების ყველა წევრი გაითვალისწინებს, მაშინ საგანგებო მდგომარეობის საჭიროება აღარ იქნება საჭირო. მაგრამ, ჩვენ კარანტინის რეჟიმის დაახლოებით 140 შემთხვევა გვაქვს. როდესაც საზოგადოებაში ასეთი ადამიანები არსებობენ, მაშინ საჭირო ხდება კანონის ძალის აქტით მათი დავალდებულება, რადგან თითოეული მათგანი უკვე საფრთხეს უქმნის ბევრ სხვა ადამიანს. ასეთი იძულებითი ზომების ხდება საჭირო.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად