რა პირობებით თანხმდებიან ინტერვიუებს პრეზიდენტობის კანდიდატები

ხვალ საპრეზიდენტო არჩევნებია. საქართველო მეხუთე პრეზიდენტს აირჩევს. პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა უკანასკნელად მოხდება. როგორც კი საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო “აიპრესმაც” დაიწყო მეტ-ნაკლებად ანგარიშგასაწევ კანდიდატებთან ინტერვიუების ჩაწერა.

თუ სოციოლოგიურ კვლევებს დავუჯერებთ მთავარი ბრძოლა უნდა გაიმართოს სამ კანდიდატს შორის: მმართველი გუნდის მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილს, “ევროპული საქართველოს” კანდიდატ დავით ბაქრაძესა და გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია” კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის. თუმცა, ხანგრძლივი მოლაპარაკების მიუხედავად ინტერვიუზე არცერთი მათგანი დაგვთანხმდა. აღსანიშნავია, რომ უარი არცერთ მათგანს უთქვამს.

სალომე ზურაბიშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ შემოგვთავაზეს კითხვების გადაგზავნა და კითხვებზე წერილობითი პასუხის გაცემა, ეს პირობები რედაქციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ეს პოზიცია სრულ თანხვედრაშია, ჩემთან როგორც ამ რუბრიკის ავტორთან.

ამ ფორმატს არ დავთანხმდით, რადგან: დაწერილ კითხვებზე პასუხი ნაკლებად საინტერესოა, ეს ფორმატი არ იძლევა ჩაკითხვის შესაძლებლობას და მკითხველის წინაშე არ ვიქნებოდით მართალი, რადგან დადგმული ინტერვიუს შთაბეჭდილებას დატოვებდა. და ბოლოს როდესაც ხარ პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა შეგეძლოს მოულოდნელ კითხვებზე პასუხის სწრაფად გაცემა და არა  ამ ფორმატში, რასაც გვთავაზობდნენ. ამის მიუხედავად, დაგვპირდნენ, რომ ეცდებოდნენ კანდიდატთან შეხვედრას, თუმცა ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად ინტერვიუ არ შედგა.

რაც შეეხება დავით ბაქრაძეს, მასაც არაერთხელ შევთავაზეთ ინტერვიუ, თუმცა მისგან საბოლოო პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. ბაქრაძის მხარემ ბოლოს სატელეფონო ინტერვიუ შემოგვთავაზა, რასაც დავთანხმდით, თუმცა პასუხი არც ამაზე გაუციათ.

ინტერვიუ არ შედგა არც “ლეიბორისტული პარტიის” საპრეზიდენტო კანდიდატ შალვა ნათელაშვილთან, თუმცა შალვა ნათელაშვილის მხარემ მიზეზად თავიდანვე მოუცლელობა დაასახელა და გვითხრა, რომ ინტერვიუს ჩაწერა გართულდებოდა.

ინტერვიუზე თავიდანვე უმარტივესად დაგვთანხმდნენ “გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე, ასევე “თავისუფალი დემოკრატებისა” და “შენების მოძრაობის” კანდიდატი დავით უსუფაშვილი და “თავისუფალი საქართველოს” საპრეზიდენტო კანდიდატი კახა კუკავა. ასევე გვსურდა, მცირე დრო შედარებით ნაკლებად ანგარიშგასაწევი კანდიდატებისთვისაც დაგვეთმო და ვისთანაც კომუნიკაცია შევძელით, მცირე დრო მათაც დავუთმეთ. მათი საკონტაქტო ინფორმაცია ცესკომ არ მოგვაწოდა, რაც პერსონალური ინფორმაციით ახსნა, ამიტომ ვერ დავეკონტაქტეთ ყველა კანდიდატს.

“აიპრესმა” გასულ წელს, თვითთმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის მეტ-ნაკლებად ანგარიშგასაწევ ყველა კანდიდატთან ჩაწერა ინტერვიუ. ჩვენ მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველა კანდიდატს დავუთმოთ ტრიბუნა. ისე კი თავად კანდიდატების ინტერესებშიც უნდა შედიოდეს, უპასუხონ კითხვებს და მიაწოდონ საზოგადოებას სრული ინფორმაცია. მით უმეტეს, რომ ეს ინტერვიუები პროგრამულ ნაწილსაც ეხება.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად