რა კეთდება ქუთაისში საგანგებო მდგომარეობის პირობებში

რა კეთდება ქუთაისში საგანგებო მდგომარეობის პირობებში_ამის შესახებ ქალაქის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ ისაუბრა.

“ქუთაისის მერია გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. თანამშრომელთა დიდი ნაწილი დისტანციურად მუშაობს, ხოლო თანამდებობის პირები- მერი, მერის მოადგილეები, სამსახურის უფროსები და მოადგილეები, განყოფილების გამგეები 24 საათიან სამუშაო რეჟიმში ვართ.” განაცხადა თვალთვაძემ რადიო “ძველი ქალაქის” ეთერში.

როგორც მან აღნიშნა მნიშვნელოვანია მოქალაქეებს ჰქონდეთ ინფორმაცია არა მხოლოდ კორონავირუსის გავრცელების შესახებ, არამედ იმაზეც, თუ რას აკეთებს სახელმწიფო მათთვის საგანგებო მდგომარეობის პირობებში.

ქუთაისის მერის მოადგილის თქმით რეკომენდაციები, რომლებიც მოდის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსგან,ადგილზე სწრაფად და ეფექტურად სრულდება. “აქტივობების ერთი ჯგუფი მიმართულია სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად. ამ მიმართულებით საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა – შეიწამლა თვითმმართველობის ბალანსზე არსებული ყველა შენობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, აგრარული ბაზრები. ეტაპობრივად იცვლება ტრანსპორტთან დაკავშირებული რეგულაციები, იმის მიხედვით, თუ რა გადაწყვეტილებას იღებს საკოორდინაციო საბჭო. ამ ეტაპზე ქალაქში მხოლოდ ავტობუსები მოძრაობს. იმის გამო, რომ აიკრძალა მიკროავტობუსები, ჩვენ დავამატეთ ახალი სვლაგეზები ისეთ უბნებში, სადაც აქამდე მხოლოდ მიკროავტობუსები დადიოდნენ. ამასთანავე, ჩვენ გავითვალისწინეთ ერთ-ერთი საავადმყოფოს თანამშრომელთა თხოვნა და სპეციალურად მათ გადასადგილებლად გამოვყავით ავტობუსი. ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ხდება ამ ავტობუსების დეზინფექცია. იმის გამო, რომ 1 მარტიდან ბაგა-ბაღებში შეწყდა სასწავლო პროცესი, პროდუქტების ის ნაწილი, რომლებიც უკვე შეძენილი იყო ბაგა-ბაღების გაერთიანების მიერ, ჩვენ გადავეცით 70 წელს გადაცილებული მარტოხელა ადამიანებს. ხოლო ის პროდუქტი, რომელიც ბაღებს უნდა მიეღოთ მარტის და აპრილის თვეებში, დაფასოვდება სასურსათე პაკეტებად, კვების რაციონის მიხედვით და პარასკევიდან დარიგდება ყველა ბავშვზე, ვინც დადიოდა სახელმწიფო ბაგა-ბაღებში.”

ნინო თვალთვაძემ ასევე ისაუბრა პროცესში კერძო სექტორის ჩართვის მნიშვნელობაზე “ამ რთული პერიოდის პირველივე დღეებიდან ჩვენს გვერდით არის კერძო სექტორი. მათი შემოწირულობების საშუალებით სასურსათე ამანათები გადავეცით 571 მარტოხელა , 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეს, 30 მარტოხელა მშობელს, მეორე მსოფლიო ომის 15 ვეტერანს. დღეიდან დაიწყება ამ ნობათის გადაცემა 600-ზე მეტი მრავალშვილიანი ოჯახისთვის. წარმოუდგენელი თანადგომა ვიგრძენით ჩვენი ბიზნესმენებისგან და დიდი მადლობას ვეუბნები თითოეულ მათგანს!“- განაცხადა მან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად