რა ღირს სიმართლე რუსულ პრესაში?! – ზვიად კვაჭანტირაძის ინტერვიუს 25 000 რუბლად ყიდიან

დღეს ერთ-ერთმა პოპულარულმა რუსულმა ჟურნალმა და ინტერნეტ- პორტალმა "Сноб" – მა გამოაქვეყნა ინტერვიუ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერთან ზვიად კვაჭანტირაძესთან. თავად ამ ფაქტში განსაკუთრებული არაფერია, თუ არ ჩავთვლით იმ გარემოებას, რომ ინტერვიუს გამოქვეყნებიდან პირველ ხუთ წუთში მას 500 წაკითხვა ჰქონდა. 10 წუთის შემდეგ კი პორტალმა ინტერვიუ ფასიანი გახადა და ამით მასზე წვდომა შეზღუდა. 

საინტერესოა, რომ "სნობი" ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თავისუფალ პორტალად რუსეთში, რომელშიც თანამშრომლობენ ბორის აკუნინი, სერგეი პარხომენკო, ანდრეი მაკარევიჩი, ვლადიმერ სოროკინი და ბევრი სხვა ცნობილი რუსი მოაზროვნე. გასაკვირი სწორედ ისაა, რომ როგორც ჩანს ასეთი ავტორიტეტის მქონე გამოცემაც კი არაა სრულიად თავისუფალი და იგი იძულებული გახდა ინტერვიუზე წვდომა ხელოვნურად მაინც შეეზღუდა.

iPress-ი, რომელსაც აქვს წვდომა პორტალის ყველა პუბლიკაციაზე, გთავაზობთ ინტერვიუს ქართულ თარგმანს სრული სახით და ასევე მისი ორიგინალური, რუსული ვერსიის სკრინშოტს.

ბატონო ზვიად, თბილისიდან ისმის საგანგაშო ზარები, რა ხდება კონფლიქტის ზონაში?

იმას, რაც ახლა ხდება, დავარქმევდი უაზრო პროვოკაციას. რუსი მშენებლები სამხედროების მხარდაჭერით ჯებირების მშენებლობას განაგრძობენ, რითაც ცხინვალის რეგიონს დანარჩენი საქართველოსგან ყოფენ. ამასთან, სულ უფრო მეტად შემოდიან ჩვენი ტერიტორიის სიღრმეში. ჩვენ მხოლოდ გაპროტესტება შეგვიძლია. შეთანხმების თანახმად, შეიარაღებული ძალები საოკუპაციო ხაზისგან მნიშვნელოვნადაა დაშორებული.  მხოლოდ პოლიციის რამდენიმე პატრულია, რომლებიც მოსახლეობას ასე თუ ისე, ყურადღებას აქცევენ და ფაქტობრივად, საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის გიდების ფუნქციას ასრულებენ.

როგორც ვხვდები, ჯებირები შენდება, რომ საზღვრისპირა კონფლიქტების პრევენცია მოხდეს?

საქმეც ამაშია, რომ არა! იქ არ არის კონფლიქტები, იქ სოფლის მოსახლეობა მიწას ამუშავებს, ახლა კი ამის საშუალება არ ექნებათ, იმიტომ რომ მათი ნაკვეთები საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩა. ზოგიერთ ადგილას გამყოფ ხაზად გამოყენებულია მავთულხლართი. ის შუაში ყოფს ქართულ სოფლებს. რუსი სამხედროების ლოგიკით გამოდის, რომ ერთი მეზობელი ე.წ. სამხრეთ ოსეთშია, მეორე კი საქართველოში. ამასთან, ორივე რჩებიან საქართველოს მოქალაქეები.

შედეგად, ადამიანებს არ შეუძლიათ სასწრაფოს გამოძახება, ნათესავების საფლავების მონახულების საშუალებაც კი არ აქვთ… და უბრალოდ ურთიერთობის საშუალება არ აქვთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უკვე რამდენიმე წელია, რაც ამ რაიონში სიმშვიდეა, ცოტ-ცოტა დიალოგიც დაიწყო. თქვენ ჩამობრძანდით თბილისში და ნახეთ, რამდენი მანქანაა ოსური ნომრებით… და ახლა, როდესაც ყველაფერი ასე დამშვიდდა, საჭირო გახდა ეს ჯებირი, რატომ? მე მხოლოდ ერთი პასუხი მაქვს, ადამიანებს შორის კონტაქტების გაუქმებისთვის.

თუმცა შეიძლება იყო ფინანსური მიზეზები. ჯებირები, რომლებიც ათობით კილომეტრზეა, დიდი ფული ღირს…

ეს  რუსი გადასახადის გადამხდელების ფულია. დიახ, ვუშვებ ასეთ შესაძლებლობას. იქ მუშაობს რაღაც სტავროპოლის კომპანია. საერთოდ, ის, თუ როგორ იყენებენ რუსულ ფულს ცხინვალში, ცალკე თემაა. ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას, რომ მაღალჩინოსნებმა, რომლებიც ამ გზავნილებთან არიან დაკავშირებულები, ევროპაში რესტორნები გახდნეს. მაგრამ ეს რუსეთის და მისი მოქალაქეების პრობლემაა.

ჩვენი პრობლემა და ჩვენი ტკივილი – ქართული მიწებია, რომელიც ოკუპირებულია და დეგრადაციას განიცდის. რა გაუკეთეს შავი ზღვის მარგალიტ აფხაზეთს? როგორ შეიძლება ასე მოექცე ტერიტორიას ასეთი კლიმატით, გეოგრაფიული მდებარეობით, რომ ამ მდგომარეობამდე, კრიმინალური  „საბომჟეთამდე“ მიიყვანო?! ცხინვალიც ცარიელდება. ხალხი მიდის და რჩება მხოლოდ რუსული სამხედრო ბაზა, ჯერჯერობით.

ალბათ ეს ხდება იმის საპასუხოდ, რომ საქართველო ნატოსკენ მიისწრაფვის?

ძალიან სამწუხაროა, რომ რუსები უფრო და უფრო მეტს ფიქრობენ პროპაგანდისტული დოგმებით. ნატოს წევრი ქვეყნები გახდნენ ბალტიისპირეთი ქვეყნები და ყოფილი სოციალისტური ქვეყნები. ისინი უფრო ახლოს არიან მოსკოვთან, ვიდრე საქართველო, რომელიც როგორც ცხინვალი, მოსკოვიდან ათასობით კილომეტრის მოშორებით, კავკასიონის მიღმაა. ნატოს წევრი ქვეყანაა საბერძნეთი, რომელსაც რუსეთი დღეს ასე აქტიურად უჭერს მხარს. ჩვენთვის ნატო არის სტაბილური განვითარების გარანტი არასტაბილურ სამყაროში.

რა რეაქცია აქვს საქართველოს მოსახლეობას დემარკაციაზე?

რეაქცია არის ნორმალური, სამოქალაქო აღშფოთება და წყენა. თქვენთვის რუსეთში რთული წარმოსადგენია, თუ რა არის ოკუპირებული ტერიტორიები დედაქალაქიდან 40-50 კილომეტრში.  წარმოიდგინეთ, რომ თქვენმა დიდმა აღმოსავლეთ მეზობელმა იჟევსკის და სარანსკის ოკუპაცია მოახდინა, გამოაცხადა უდმურტიის და მორდოვიის ეროვნული თვითგამორკვევა. ეს ანალოგიაა.

ჩვენ დიდი ხანი გვეგონა, რომ ერთიანი და ძლიერი რუსეთი ჩვენი კეთილდღეობის გარანტი იყო. მაგრამ არსებობს რაღაცეები, რასაც მტერსაც არ ვუსურვებ. ჩვენ არ ვთვლიდით რუსეთს მტრად და არ ვუსურვებდით მას მისი ტერიტორიების ოკუპაციას. მაგრამ ყველა ამ უაზრო ქმედებებით, ჩვენს  ხალხს აიძულებენ მტრული დამოკიდებულება გაუჩნდეთ. ეს დიდი შეცდომაა. რუსეთი ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში იქცევა როგორც სპილო ჭურჭლის ჯიხურში. ის საკუთარი თავის წინააღმდეგ განაწყობს ხალხს, რომლებიც ადრე მას იმედით უყურებდნენ, სულ მცირე სხვაგან არ იყურებოდნენ.

აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კონფლიქტის გადაწყვეტა როგორ წარმოგიდგენიათ?

ჩვენ არა მხოლოდ ვხედავთ, ჩვენ ვმოქმედებთ. რუსეთში ალბათ არ იციან, რომ ოსები და აფხაზები ქართულ კლინიკებში უფასო სამედიცინო დახმარებას იღებენ… რომ მათი ახალგაზრდები საქართველოს საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლობენ. არსებობს რეინტეგრაციის მთელი პროგრამა. ამას შესაბამისი სამინისტრო აკეთებს. ჩვენ გვესმის, რომ პოსტსაბჭოთა კონფლიქტების შემდეგ ნდობა ასე სწრაფად არ აღდგება. მაგრამ ჩვენ მშვიდობიანი განწყობა და ერთიანი ისტორია გვაქვს. ჩვენ გვაქვს ერთიანი რწმენა, რომ მთავარია პატიება და მშვიდობა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის დღევანდელი მმართველები ითამაშებენ სოხუმთან და ცხინვალთან და მიატოვებენ. ჩვენ მაინც მოგვიწევს ერთად ცხოვრება, მოგვიწევს ეკონომიკის აღდგენა და მავთულხლართების დანგრევა.

თქვენ ახსენეთ ქრისტიანობა, როგორ წარმოგიდგენიათ ეკლესიისა და სახელმწიფოს დამოკიდებულება?

საქართველო ევროპული, მრავალკონფესიური მოსახლეობის ქვეყანაა. ამასთან, ჩვენ ღრმა ტრადიციები გვაქვს.  ქრისტიანობა 6 საუკუნით ადრე მივიღეთ, ვიდრე რუსეთმა. ეს არის ჩვენი კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს, რა თქმა უნდა, გვეხმარება ერთმორწმუნეებთან დიალოგში, მათ შორის რუსეთთან. სხვათაშორის რუსეთში, როგორც ვიცი, არც თუ ისე უყვართ იმის გახსენება, რომ რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ არ აღიარა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ქართული ეკლესიისგან გამოყოფა. მაგრამ დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ თქვენთან უცნაური რამ ხდება,  მართლმადიდებლური იდეოლოგია საოცარი გზით გახდა კომუნისტური იდეოლოგიის შემცვლელი. ჩვენთან ასე არ არის. არსებობს სახელმწიფო პოლიტიკა და არსებობს კერძო მოსაზრებები და ადამიანების რწმენა.

საინტერესოა თქვენი ხედვა რუსეთზე, გარედან. კიდევ რას აკვირდებით?

ჩვენ ვაკვირდებით სხვა პარადოქსს. რუსეთის ხელისუფლებას არ ესმის, რომ სხვა ეპოქა დადგა. თანამედროვე პერიოდი იყოფა ყირიმის მოვლენებამდე და ყირიმის მოვლენების შემდეგ. სხვისიმიწის მიპატრონება, მათ შორის ცხინვალის და სოხუმის, უკვე არ შეიძლება დარჩეს შედეგების გარეშე. ანგარიში იზრდება და ისტორია მას აუცილებლად წარადგენს. მაგრამ ყველაზე მეტად მე და ჩემს ნაცნობებს გვაკვირვებს, თუ როგორ შეიძლება მოიქცე როგორც მაჩო სხვის მიწაზე და შენს ცენტრალურ ოლქებს საერთოდ არ მიაქციო ყურადღება.

ოდესღაც ვსწავლობდი იაროსლავლში, იქ დამრჩა ნამდვილი მეგობრები. დღეს მე ვიცი, რომ ამ რეგიონში ცუდი გზებია, სკოლები და სამშობიაროები იხურება… წარმოუდგენელია, რომ კრემლიდან 120 კილომეტრში ვერ პოულობენ ფულს, რომ სოფლის სკოლა შეინახონ. თუმცა ყოველთვის ნახავენ მილიარდებს არჩევნებისთვის და საერთაშორისო ავანტიურებისთვის.

არსებობს თუ არა საქართველოსა და რუსეთს შორის შერიგების იმედი?

ყველაფერი დამოკიდებულია რუსეთის ხელისუფლებაზე. როგორც ამბობენ, ბურთი მათ მხარესაა. ჩვენ გავაუქმეთ ვიზები, ვიღებთ რუს ტურისტებს, რომლებიც სიამოვნებით ისვენებენ ჩვენთან. გასულ წელს მილიონზე მეტი მივიღეთ. ყველა პრობლემა თქვენი ხელისუფლების ქმედებებშია.

უბრალოდ დაიწყეთ ომის შემდგომი შეთანხმებების შესრულება, გაიყვანეთ ჩვენი ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარები და მაშინ დავსხდეთ და სერიოზულად დავილაპარაკოთ. შევხედოთ ერთმანეთს თვალებში და მოვნახავთ პასუხს კითხვაზე – ვჭირდებით თუ არა ერთმანეთს. თუკი ვჭირდებით, მაშინ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ერთმანეთისთვის, კარგს ვგულისხმობ. მე თქვენ ჩემს კერძო აზრს გიზიარებთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ჩემი თანამოქალაქე ამას იზიარებს.

კომენტარები
იტვირთება...