რა გამოცდილება და მიღწევები აქვს ვილი სანიოლს, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ახალ მწვრთნელს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვილი სანიოლი დაამტკიცა.

ვილი სანიოლი 1977 წლის 18 მარტს დაიბადა საფრანგეთში, ოვერნ-რონა-ალპების რეგიონში მდებარე ლუარის დეპარტამენტის დედაქალაქ სენტ-ეტიენში.

სახელი მამამ ცნობილი ჰოლანდიელი ფეხბურთელის, ვილი ვან დერ კერკჰოფის საპატივცემულოდ დაარქვა. მანვე მიიყვანე თავისთან ვილი სენტ-ენტიენთან ახლოს მდებარე პატარა დასახლებული ადგილის, მონფოკონ-ენ-ველეს საფეხბურთო სკოლაში.

1990 წელს მამამ რეგიონალურ გაზეთ Le Progrès -ში საფეხბურთო კლუბ „სენტ-ეტიენის” სკოლაში მისაღები კონკურსის შესახებ განცხადება ნახა და დაარწმუნა ვილი, რომელიც, მისი თქმით, თანატოლებისგან განსხვავებით, არა ფეხბურთელობაზე, არამედ პოლიციის კომისრობაზე ოცნებობდა, მიეღო მონაწილეობა გასინჯვებში.

1995 წლის 1 ივლის „სენტ-ეტიენის” 19 წლამდელთა გუნდიდან უფროსებში აიყვანეს, სადაც 1996 წლის 27 თებერვალს პირველი მატჩი ჩაატარა პირველ დივიზიონში. გუნდი იმ წელს პირველი დივიზიონიდან გავარდა და ვილი სანიოლმა მომდევნო სეზონი მეორე დივიზიონში გაატარა.

1997 წლის 1 ივლისიდან ვილი სანიოლი „მონაკოს” რიგებშია, სადაც იგი პირველ სეზონზე ბრინჯაოს, ხოლო მე-3 სეზონზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მე-3 სეზონის შემდეგ სანიოლმა ჩათვალა, რომ იგი სპორტულ დონესთან შეუსაბამოდ მცირე გასამრჯელოს იღებდა და კლუბის პრეზიდენტთან მოლაპარაკება სცადა, მან კი კონტრაქტის გაგრძელება და სასაცილოდ მცირე მატება შესთავაზა და ვილი იძულებული გახდა კარი გაეჯახუნებინა.

„მე კლუბში ყველაზე ცოტას მიხდიდნენ კლუბში, რაკი ახალგაზრდა ვიყავი, სულელად მთვლიდნენ. (…) ეს უფრო პრინციპის საქმე იყო, ვიდრე ფულის”, – ყვებოდა მოგვიანებით ვილი.

ვილი სანიოლმა მიუნხენისკენ აიღო გეზი და 2000 წლის 1 ივლისიდან იგი „ბაიერნის” მოთამაშე გახდა და კარიერის ბოლომდე თამაშობდა იქ მარჯვენა მცველის პოზიციაზე. „ბაიერნმა” მასში 7,7 მლნ ევრო გადაიხადა.

ვილი სანიოლი „ბაიერნში” გატარებული 8 სეზონის განმავლობაში 5-ჯერ გახდა ბუნდესლიგის ჩემპიონი, 4-ჯერ გერმანიის თასის მფლობელი, ერთხელ უეფას ჩემპიონთა ლიგაზე გაიმარჯვა და ერთხელ საკონტინეტთაშორისო თასზე.

ვილი სანიოლმა პირველი შეხვედრა საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში 2000 წლის 15 ნოემბერს თურქეთში ჩაატარა. თურქეთის ნაკრების წინაღმდეგ გამართულ მატჩში მან 78-ე წუთზე ლილიან ტიურამი შეცვალა. სულ, ნაკრებში ვილი სანილმა 58 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში ვილი სანიოლი ორჯერ, 2001 და 2003 წლებში გახდა კონფედერაციის თასის მფლობელი, იყო 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდის შემადგენლობაში, თუმცა არცერთ მატჩი არ უთამაშია, 2006 წელს საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გახდა.

ტრავმებით შეწუხებულმა ვილი სანიოლმა 2007/08 წლის სეზონზე „ბაიერნის” რიგებში მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა. 2009 წლის სეზონის დასაწყისში მან პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

ფეხბურთის თამაშის დასრულების შემდეგ, 2010 წლის იანვრამდე, ვილი სანიოლო „კანალ პლიუსის” კონსულტანტი იყო. 2010 წლის იანვრიდან „სენტ-ეტიენის” სამეთვალყურეო საბჭოში აირჩიეს, თუმცა უთანხმოების გამო ეს პოსტი იმავე წლის მაისში დატოვა და „ბაიერნის” მაისში დატოვა.

2011 წლის მარტიდან ნოემბრიდ დასაწყისამდე „ბაიერნის” სკაუტი იყო.

2011 წლის ნოემბრიდან 2013 წლის ივლისამდე საფრანგეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორი იყო, 2013 წლის ივლისიდან 2014 წლის ივლისამდე კი მთავარი ოპერაციული დირექტორი.

2013 წლის ივლისიდან 2014 წლის ივლისამდე საფრანგეთის 21 წლამდელთა ასაკის ფეხბურთელთა ნაკრებს წვრთნიდა. გუნდმა მისი ხელმძღვანელობით ორი ამხანაგური შეხვედრა ფრედ დაასრულა, საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფურ ტურნირზე კი 6 შეხვედრიდან 6 მოიგო.

2014 წლის 1 ივლისიდან „ბორდოს” მწვრთნელი გახდა. გუნდმა მისი ხელმძღვანელობით ჩემპიონატის 38 შეხვედრიდან 17 მოიგო, 12 ფრედ დაასრულა, 9 წააგო და მე-6 ადგილი დაიკავა.

2015-2016 წლების ჩემპიონატზე „ბორდომ” მისი ხელმძღვანელობით 30 შეხვედრაში 9 გამარჯვება მოიპოვა, 11 ფრედ დაასრულა და 10-ჯერ დამარცხდა.

„ბორდომ” 2016 წლის 12 მარტს ტულუზასთან დერბიში (ტულუზა და ბორდო მდ. გარონასპირა ქალაქებია) განიცადა მე-10 მარცხი (0:4) და ვილი სანიოლი გუნდთან 3 წლიანი კონტრაქტის ამოწურვამდე 16 თვით ადრე, 3 თებერვლიდან 12 მარტის ჩათვლით ჩატარებულ 8 შეხვედრაში ერთი გამარჯვების და 2 ფრის წილ განცდილი 5 მარცხის გამო, მწვრთნელობიდან გაათავისუფლეს.

2017 წლის 1 ივლისს ვილი სანიოლი „ბაიერნში” კარლო ანჩელოტის თანაშემწე გახდა. 29 სექტემბერს „ბაიერნმა” ანჩელოტისთან კონტრაქტი გაწყვიტა და 1 ოქტომბერს „ჰერტასთან” ბერლინში გამართულ მატჩში (2:2) გუნდის მწვრთნელი ვილი სანიოლი იყო. 8 ოქტომბერს, მწვრთნელად იუპ ჰეინკესის დაბრუნების შემდეგ, „ბაიერნის” ოფიციალური შტატში არმყოფი, ანჩელოტის შტაბის წევრი ვილი სანიოლისთვის ადგილი ვერ მოიძებნა.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩემპიონატის დაწყების წინ ვილი სანიოლი RMC (რადიო მონტე-კარლო) და BFM TV-ს კონსულტანტი, მსოფლიო ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ კი RMC -ზე გადაცემის “ეს არის ვილი” წამყვანი გახდა. 2020 წლის 22 მაისს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სირთულეების გამო პროექტი დაიხურა.

პროექტის დასრულების შემდეგ მიცემულ ინტერვიუში ვილი სანიოლი აცხადებდა, რომ ფეხბურთის სამყაროში დაბრუნების დრო იყო. გავრცელებულ ხმებს ვილი სანიოლის ტექნიკურ დირექტორად შესაძლო მისვლის შესახებ „სენტ-ეტიენში”, რომლის მიმართ სიმპათიებსაც ის არასდროს მალავდა, კმაყოფილებით არ შეხვედრიან. გაიხსენეს, რომ ის მთავარი მწვრთნელი იყო „ბორდოში”, სადაც ყველაფერი არცთუ კარგად დასრულდა და სადაც მას მენეჯმენტშიც ჰქონდა პრობლემები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...