რა გახდა ძმების მკვლელობის მოტივი – 120 000 დოლარი თუ წილთა გადანაწილება ბიზნესში

ქალაქი თბილისი, დიღმის მასივი, VI კვარტალი, კორპუსი 22ა, ბინა 20  – 2015 წელი საზარელი მკვლელობით დაიწყო. 

ძმები ალექსანდრე და დენის ატარშიკოვები საკუთარ ბინაში 3 იანვარს მოკლულები იპოვეს. მათ ჯერ ბლაგვი საგნით სხეულის დაზიანებები მიაყენეს, შემდეგ კი გაგუდეს.

 ატარშიკოვების მეზობლები და ნათესავები აცხადებენ, რომ ისინი ვერც კი წარმოიდგნედნენ, დენის და საშას ვინმე ასე თუ გაიმეტებდა. ძმებს ყველა   დადებითად ახასიათებს და ამბობენ, რომ ­­­ისინი მეზობლებს ხშირად ეხმარებოდნენ.

 ლიფტების ბიზნესში ძირითადად ალექსანდრე იყო ჩართული. მეზობლების განცხადებით, მეორე ძმა, დენისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი იყო.  „აიპრესის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ალექსანდრე ატარშიკოვზე  რამდენიმე კომპანიაა რეგისტრირებული : 1. შპს კ. ო. ლაინლიფტი, 2. შპს გამმა ლიფტი  და 3. შპს ლიფტი 2005. სამივე კომპანიის 100% -იანი მეწილე ალექსანდრე ატარშიკოვია.  კომპანიებს რამდენჯერმე აქვს მოგებული სახელმწიფო ტენდერი.

 საშა (ალექსანდრე) ატარშიკოვის ერთ-ერთი ნაცნობი „აიპრესთან“ საუბრისას ამბობს, რომ მას დაახლოებით ერთი წლის წინ სერიოზული პრობლემები ჰქონდა ბიზნესთან დაკავშირებით. მისივე თქმით, საშა გაიტაცეს კიდეც, სავარაუდოდ ფულის გამოძალვის მიზნით. ის საუბრობდა ბიზნესწილებზე და ზეწოლაზე, თუმცა კონკრეტულ პიროვნებებს არ ასახელებდა.

 შევიდა თუ არა ერთი წლის წინ რაიმე სახის შეტყობინება შსს-ში ალექსანდრე ატარშიკოვისგან მისი გატაცების შესახებ? „აიპრესმა“ ამ კითხვით შსს-ს მიმართა.  შსს ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. როგორც ჩანს ატარშიკოვმა პრობლემა საკუთარი ძალებით მოაგვარა და სამართალდამცავ ორგანოებს მომხდარის შესახებ არ შეატყობინა.

საინტერესო დეტალი გახლავთ ის, რომ გამოძიება თავის ოფიციალურ ვერსიაში ატარშიკოვების ყოფილ თანამშრომლებზე საუბრობს. ბრალდებამ დაადგინა, რომ მკვლელობაში ბრალდებულები მოკლულების ყოფილი თანამშრომლები იყვნენ.

 ოპერატიულსამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1994 წელს დაბადებული გიორგი , 1995 წელს დაბადებული ბესიკ . და 1991 წელს დაბადებული მიხეილ . მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

 „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა თავისივე ყოფილ თანამშრომლებს – 1975 წელს დაბადებულ ალექსანდრე ა-ს და 1980 წელს დაბადებულ დენის ა-ს მათივე საკუთარ ბინაში ბლაგვი საგნით სხეულის დაზიანებები მიაყენეს და გაგუდეს.

 შემდეგ გაიტაცეს "ჯეოლიფტის" სადაც ალექსანდრე ა. მუშაობდა, ოფისის გასაღებები. ბრალდებულებმა მკვლელობის შემდეგ აღნიშნული ოფისი გაქურდეს. გაიტაცეს რკინის მონეტების სახით თანხა – 500 ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ისინი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. გატაცებული თანხა და გასაღებები ნივმთტკიცებად ამოიღეს. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.“ _ ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 ატარშიკოვების ახლობელი "აიპრესთან" საუბრისას აცხადებს, რომ პოლიციამ ჩხრეკისას 120 000 დოლარი ამოიღო. ამ ინფორმაციას შსს-ში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. სავარაუდოდ, მკვლელები სწორედ ამ თანხას ეძებდნენ, მათ ინფორმაცია ჰქონდათ იმის შესახებ, რომ ალექსანდრე ატარშიკოვი ფულს სახლში ინახავდა, თუმცა ვერ მიაგნეს.

 თუ ოფიციალურ ვერსიას მივყვებით, ორი ფაქტორი იკვეთება: 1. ძმებმა სავარაუდოდ მკვლელები ამოიცნეს, რადგან ისინი ყოფილი თანამშრომლები იყვნენ და 2. რეალობას არ უნდა იყოს მოკლებული ის ვერსია, რომ ატარშიკოვს ბიზნესში ყოფილ პარტნიორებთან პრობლემები ჰქონდა.

 დაკავებულების ვინაობას შსს ჯერჯერობით არ ასახელებს. მათ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ.  გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან რამდენიმე პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით), რაც საკმოდ მძიმე სასჯელს ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად