რა დგას Covid-19-ის შემთხვევების ზრდის უკან და რატომ არ არის საჭირო პანიკა

ევროპის მრავალი ქვეყნის, მათ შორის საფრანგეთის, ესპანეთისა და იტალიის ხელისუფლებებმა, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის კვლავ ზრდის გამო განგაში ატეხეს. ევროპაში დაღუპულთა რაოდენობით, საფრანგეთი მესამე ადგილზე აღმოჩნდა (30 ათასზე მეტი), მას მხოლოდ ბრიტანეთი და ესპანეთი უსწრებს. ცოტა ხნის წინ იქ დაფიქსირდა ინფიცირებულთა ყოველდღიური ზრდის რეკორდი – დაახლოებით 1 700, და საერთო ჯამში საფრანგეთში 344 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული). ამის შესახებ BBC წერს.

საფრანგეთს მსოფლიოში მეშვიდე ადგილი უკავია Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით, ხოლო ხელისუფლება ყურადღებით აკვირდება ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ ვითარებას, რათა საჭიროების შემთხვევაში განამტკიცოს ადგილობრივი საკარანტინო ზომები.

საფრანგეთის ხელისუფლება შიშობს, რომ ნოემბერში ქვეყანა შეიძლება ინფექციის მეორე ტალღით გადაიფაროს.

ესპანეთში, სადაც საკარანტინო ზომების შერბილება ჯერ კიდევ ივნისში დაიწყო, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ საკმაოდ მკაცრია, ივლისიდან კვლავ მოხდა ინფიცირებულთა მკვეთრი ზრდა და ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია 534 ათასზე მეტი შემთხვევა. ესპანეთი მხოლოდ ოდნავ ჩამორჩება საფრანგეთს გარდაცვლილთა რაოდენობით.

ბრიტანეთში, რომელიც ინფიცირებულთა რაოდენობის ევროპული რეკორდია, მხოლოდ სამ დღეში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობამ გადააჭარბა 2 000-ს. ზრდის საშუალო ტემპი 4-ჯერ მეტია, ვიდრე ივლისის შუა რიცხვებში.

მაგრამ ნამდვილად ასახავს ეს საშიში ციფრები რეალურ სურათს? სანამ პანიკას დაიწყებთ, ექსპერტები ამბობენ, რომ ყურადღება უნდა მიაქციოთ ხუთ მნიშვნელოვან ფაქტორს:

 

1. ინფიცირების “პიკი” რეალურად არ ყოფილა ნამდვილი პიკი

ჩვენ უკვე შევეჩვიეთ კორონავირუსული ინფექციის დადასტურებული შემთხვევების ცხრილს: ის გვიჩვენებს ყოველდღიური დადებითი ტესტების რაოდენობას. აპრილში ბრიტანეთში 6 ათასი ახალი შემთხვევა დარეგისტრირდა.

ამასთან, ბრიტანეთში პანდემიის დასაწყისში, ისევე როგორც ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში, ტესტები კეთდებოდა თითქმის მხოლოდ საავადმყოფოებში პაციენტებზე, რადგან არავინ იყო მზად მასობრივი ტესტებისთვის.

შემთხვევითი ტესტები კი ნიშნავდა, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ექიმების ხელში არ გაუვლიათ, ახლა კი ტესტირება მართლაც მასიური გახდა. ამიტომ, უბრალოდ არასწორია დღევანდელი მაჩვენებლების შედარება ეგრეთ წოდებულ პიკური პერიოდის მონაცემებთან, რომლებიც დაფიქსირდა მარტი-აპრილში.

2. დამატებითი ტესტირებების ფაქტორი

მასობრივი ტესტირების შემოღების შემდეგ, ყოველდღიური და ყოველკვირეული ტესტების რაოდენობა სტაბილურად იზრდება.

ეს გამოწვეულია იმით, რომ იხსნება ახალი ცენტრები და იზრდება ლაბორატორიების გამტარუნარიანობა. ეს ნიშნავს, რომ ახლა სპეციალისტებს ვირუსის მოძრაობაზე დაკვირვება ბევრად უკეთ შეუძლიათ, ვიდრე მასობრივი ტესტირების დასაწყისში (რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე, რომ პანდემიის დასაწყისში ვირუსის გადაცემის ჯაჭვები სათანადოდ არ იყო გამოვლენილი).

დიახ, ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, რომ ახალი ინფექციების რაოდენობა მასშტაბურია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ივნისის შუა რიცხვებიდან ტესტების რაოდენობა 80%-ით გაიზარდა, ინფექციის ზრდა ისე სწრაფად და საშიშად აღარ გამოიყურება.

3. ტესტირებები ტარდება ინფიცირების კერებში

ახლა ბრიტანეთის მთავრობას აქვს ასზე მეტი მობილური ლაბორატორია, რომელთა გაგზავნა შესაძლებელია ინფექციის ცენტრებში.

მიუხედავად იმისა, რომ ლაბორატორიული შესაძლებლობების პრობლემები კვლავ არსებობს და ზოგჯერ ბრიტანელებს, მაგალითად, ჯერ კიდევ უჭირთ ტესტირება, ახლა ექიმებს შეუძლიათ ყურადღება გაამახვილონ ინფექციების ყველაზე მაღალი მაჩვენებლების მქონე ადგილებზე. ასეთ ადგილებში ტესტებს სთავაზობენ იმ ადამიანებსაც კი, რომლებსაც აშკარა სიმპტომები არ აქვთ.

იგივე ხდება სხვა ქვეყნებში. მაგალითად, ესპანეთში მთელი რეგიონების შემოწმება ხდება, სადაც ინფექციების რიცხვი იზრდება.

ეს ნიშნავს იმას, რომ დადებითი ტესტის ალბათობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მაგალითად, გასულ კვირაში დიდ ბრიტანეთში ყველა ახალი ინფიცირების შემთხვევების მეოთხედი დაფიქსირდა 20 მუნიციპალიტეტში, რაც ქვეყნის მუნიციპალიტეტების მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 5%-ს წარმოადგენს.

4. ჰოსპიტალიზირებული ადამიანების რაოდენობის ზრდა უფრო დაბალია, ვიდრე ინფიცირებულთა

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბრიტანეთში კორონავირუსით დიაგნოზირებული ჰოსპიტალიზირებულთა რაოდენობა ოდნავ გაიზარდა, მაგრამ ის არც ისე სწრაფად იზრდება, როგორც ინფიცირებულთა რაოდენობა. სურათი ძალიან შორსაა იმისგან, რაც მარტში დაფიქსირდა, როდესაც საავადმყოფოები სავსე იყო.

იგივე სიტუაციაა ესპანეთსა და საფრანგეთში.

ერთ-ერთი ახსნა ისაა, რომ ტესტირება ავლენს დუნე ინფექციებს, რომლებიც არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. დიდ როლს ასრულებს ის ფაქტიც, რომ შემთხვევათა უმეტესობა ახალგაზრდები არიან, რომლებიც ზოგადად ადვილად იტანენ დაავადებას.

ამასთან, ინციდენტების ზრდა შეგვახსენებს, რომ ვირუსი არსად წასულა და პანდემიის სწრაფი ესკალაცია მაინც შესაძლებელია.

5. ახალ ინფიცირებულთა შორის იზრდება ახალგაზრდების პროცენტული წილი

ინგლისში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის თანახმად, 20-დან 39 წლამდე ასაკის ადამიანები უფრო ხშირად ინფიცირდებიან კორონავირუსით, ვიდრე სხვა ასაკობრივ ჯგუფებში და მათი ინფიცირების მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე პანდემიის ნებისმიერ სხვა დროს. კითხვა ის არის, რატომ ხდება ეს.

მიზეზები შეიძლება იყოს ქცევითი ან დემოგრაფიული: ახალგაზრდები უფრო ხშირად დადიან სამსახურში, ეს სამუშაო შეიძლება გულისხმობდეს უფრო მჭიდრო კომუნიკაციას ხალხთან და ისინი უფრო მეტად დადიან სახლის გარეთ, ბარებში და ღამის კლუბებში.

მაგრამ მიზეზი შეიძლება ასევე იყოს ის, რომ კორონავირუსის ტესტირება ფართო წრისთვის გახდა ხელმისაწვდომი. კორონავირუსით სერიოზულად ავადობის გაცილებით ნაკლები შანსი აქვთ ახა;გაზრდებს, ვიდრე სხვა პოპულაციურ ჯგუფებს, ამიტომ პანდემიის დასაწყისში ისინი გაცილებით ნაკლებად ხვდებიან საავადმყოფოებში, სადაც მათი ტესტირება შეიძლებოდა. მასობრივი ტესტირების დაწესების შემდეგ, ამ პოპულაციურ ჯგუფში ინფექციის კიდევ მრავალი შემთხვევის დადგენა დაიწყო, მაგრამ ისინი არანაირად არ მოქმედებენ საავადმყოფოების სურათზე, რადგან უმეტეს შემთხვევაში დაავადება მარტივია და არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად