A1 ბანერი

რა ბედი ელის მოსამართლეთა სკანდალურ სიას? – რაზე მოილაპარაკეს კობახიძემ და მიქაუტაძემ შეხვედრისას

საზოგადოებრივი ვნებათაღელვა იუსტიციის საბჭოს მიერ წარმოდგენილ მოსამართლეების სიაზე გრძელდება. იურისტების, უფლებადაცველების და ამ საკითხზე მომუშავე ენჯეოსექტორის დიდი ნაწილი იმ პერსონების უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად დანიშვნას აპროტესტებს, რომლებსაც არაერთ გახმაურებულ საქმეზე გამოუტანიათ განაჩენი თუ გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის გარკვეული ნაწილი მზად იყო მათთვის მხარი დაეჭირა, გუნდში ამას სერიოზული დაპირისპირება მოჰყვა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხზე პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ვრცელი განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს: ” ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული პოზიციები მოსამართლეების არჩევის პროცედურასთან და კრიტერიუმებთან დაკავშირებითაც კი”.

დღეს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს შეხვდა. უკვე ხმამაღლა დაიწყო საუბარი მოსამართლეთა შერჩევის ახალ კრიტერიუმებზე.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ შემუშავდეს მოსამართლეთა არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კრიტერიუმები. აღნიშნულს კი, სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილავენ. ჯგუფის შემადგენლობაში ხელისუფლების სამივე შტოა წარმოდგენილი – პარლამენტის წევრები, მთავრობა, იუსტიციის სამინისტროს სახით,  სასამართლო ხელისუფლება,  მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უკლებლივ ყველა წევრი. აქ ასევე წარმოდგენილნი არიან საერთაშორისო პარტნიორები, ექსპერტები და სამოქალაქო სექტორის წამრომადგენლები.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის გაწვევა პარლამენტიდან იურიდიულად შეუძლებელია, თუმცა შემუშავებული იქნება მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის ისეთი პროცედურა, რომელსაც უკვე წარდგენილი კანდიდატებისთვის უკუძალა ექნება.

მისივე თქმით, თითოეული ის კანდიდატი, რომელიც წარმოდგენილი იქნება საგაზაფხულო სესიისთვის, დაექვემდებარება იმ პროცედურას და კრიტერიუმებს, რომელიც  გაწერილი იქნება, დანარჩენი კი არის ტექნიკური მხარე.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რაც შეეხება იურიდიულ მხარეს, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ სიის განახლება, ამასთან დაკავშირებით შეიძლება მოფიქრებული  იყოს სხვადასხვა ფორმა.

“ეს შეიძლება იყოს კონკრეტული კანდიდატების ფორმალური ჩაგდების პროცედურა, ეს შეიძლება იყოს კანონში გარდამავალ დებულებებში ცვლილებები ან ნებისმიერი სხვა რამ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე აქვე ამბობს, რომ შემუშავებული კრიტერიუმები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დეკემბერში წარმოდგენილ მოსამართლეობის კანდიდატებზეც გავრცელდება.

პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმაც, გიორგი მიქაუტაძემ.

მან აღნიშნა, რომ  ახალ კრიტერიუმებს დაექვემდებარება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეული კანდიდატი და საერთო წესით მოხდება უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევა.

“რაც შეეხება წარმოდგენილ კანდიდატურებს, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ჰქონდა წარმოდგენილი, ამ კანდიდატურების თაობაზე, ასე ვთქვათ, მე მქონდა საუბარი თითოეულ მათგანთან და ყველას პოზიცია არის ასეთი, რომ ახალ კრიტერიუმებს, რომელიც იქნება შემუშავებული, დაექვემდებარება თითოეული მათგანი და საერთო წესით მოხდება უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევა”,-განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

მისივე თქმით, იუსტიციის  უმაღლეს საბჭოს აქვს იმის რესურსი, რომ კიდევ წარმოუდგინოს პარლამენტს მოსამართლეების კანდიდატურები.

„უზენაეს სასამართლოში უნდა იყოს მინიმუმ 28 მოსამართლე. დღეს არის მოქმედი 10 მოსამართლე და წარდგენილია კიდევ ათი კანდიდატი. ბუნებრივია, რომ ეს 10 კანდიდატურა, რომელიც წარმოდგენილია, არის არასაკმარისი და კიდევ იქნება წარმოდგენილი კანდიდატები. რა თქმა უნდა, საბჭოს აქვს ამის რესურსი, ეს საჭიროებაც არსებობს და  ბუნებრივია, ეს ასე იქნება“,-განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.​

ვინ არის 10 კანდიდატი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად დაასახელეს (სია)

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...