ქვეყანა ჩრდილოეთ კორეას დაემსგავსა – ხმაური ფოთის საკრებულოში

ფოთში, “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარია, საკრებულოს სხდომაზე ისევ ტრანსფარანტით მივიდა, შს მინისტრის გადადგომა მოითხოვა და მთელი სხდომა პლაკატით ხელში ფეხზე იდგა.

მისმა თანაგუნდელმა, დათო ხომერიკმა კი დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც მან განაცხადა, ქვეყანას ერთი პიროვნება მართვას და საქართველო ჩრდილოეთ კორეას დაემსგავსა.

“ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე დავტოვე სხდომა. მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიმეღო, რადგან საქართველოში პოლიტპატიმრების გაჩენით, ტელევიზიების წართმევით ქვეყანა ჩრდილოეთ კორეას ემსგავსება.სულ არ გამიკვირდება, ერთ დღეს, რომ გამოაცხადონ, საქართველოს ნაკრები გახდა მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში და კალაძემ გაიტანა გადამწყვეტი გოლიო.

დღეს ფოთში ფეხბურთი იღუპება. ამ თემაზე უნდა მელაპარაკა, მაგრამ იმ დროს როდესაც ქვეყანაში რეპრესიებია დაწყებული და თავისუფალ მედიაზე ზეწოლა ხორციელდება, ფეხბურთზე ლაპარაკი უპრიანი არ იყო. ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა შს მინისტრის გადადგომა, ასევე ვუერთდებით 20 ივნისს დაწყებულ აქციებს და ეს პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე არ მივაღწევთ მიზანს. მომავალ სხდომას დავესწრები თუ არა, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები,“- განაცხადა დავით ხომერიკმა.

საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი კაკულიამ ოპოზიციის განცხადებებს მორიგი დემაგოგია და ცილისწამება უწოდა.
„ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ საზოგადოებას და ამ დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველა ადამიანს აქვს უფლება დააფიქსიროს თავისი აზრი, მითუმეტეს ოპოზიციურ პარტიებს. ეს ასე იყო სულ და იმ განცხადებებს რომელიც ეხება ჩვენს ქალაქს, კონკრეტულ რაიმე საკითხს, ჩვენ ყოველთვის ვიზიარებთ, ხოლო იმ დემაგოგიურ განცხადებებს, რომლებიც პირდაპირ ცილისწამებას და კონკრეტული ადამიანების შეურაცხმყოფას შეიცავს, რა თქმა უნდა, ბუნებრივია ვგმობთ და არანაირად არ ვეთანხმებით იმიტომ, რომ სწორედ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ამ ხელისუფლებამ შესძლო საქართველოში დემოკრატიული პროცესების ისეთ დონეზე წარმართვა, როგორიცაა ევროპული სტანდარტი“,- აღნიშნა ირაკლი კაკულიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...