ქვარაია: ხომ არ იქმნება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლ​ით, ერთგვარი ტროას ცხენი “ნაცმოძრაობისთვის”

ამის შესახებ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლ​ის საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ.

 

„ნამდვილად არის კითხვები, რომლებსაც აქვს ლეგიტიმური საფუძვლები და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია ეს ჩვენი დიალოგი. თქვენ დაიწყეთ თქვენი მოხსენება „ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებით და ამ კონტექსტში მინდა კითხვა დაგისვათ. კითხვა, რომელიც ჩვენ ამომრჩევლებს, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს, იმ ადამიანებს, ვინც ბატონო ირაკლი თქვენ და ჩვენ მხარი დაგვიჭირა ყველა არჩვენებზე, მათ აწუხებთ და მათ აქვთ ამ ცვლილებასთან დაკავშირებით. კერძოდ, დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ფლობს 27 მანდატს ბოლო არჩევნების შედეგებით და მაჟორიტარული არჩევნების შენარჩუნების პირობებში, სავარაუდოდ, ამის ნახევარსაც ვერ აიღებს „ნაციონალური მოძრაობა“. თუ სისტემა შეიცვლება, პროპორციული სისტემის პირობებში, მას უჩნდება შანსი შეინარჩუნოს მანდატების ეს რაოდენობა, რადგან პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ხდება ამომრჩეველთა პოლარიზება და არის დიდი შანსი, რომ რაოდენობა შეინარჩუნონ. შესაბამისად ჩვენი ამომრჩეველი გვეკითხება, ხომ არ იქმნება ამ სისტემით ერთგვარი ტროას ცხენი ნაციონალური მოძრაობისთვის.
როდესაც თქვენი ხელმძღვანელობით კონსტიტუცია მივიღეთ, ეს იყო ჩვენი მოწვევის პარლამენტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც ჩვენი ბიოგრაფიის ისტორიული ნაწილია და იქნება ყოველთვის. ჩვენ მაშინ თავი შევიკავეთ 2020 წელს გადავსულიყავით პროპორციულ არჩევნებზე. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. ერთ-ერთი იყო ის, რომ ჯერჯერობით მზად არ ვიყავით და გარკვეული მოსამზადებელი პერიოდი იყო ამისთვის საჭირო, იგივე თვითმმართველობების გაძლიერების თვალსაზრისით, დეცენტრალიზაციის თვალსაზრისით, ქონებრივი, მიწის განკარგვის უფლებების, ფინანსური გაძლიერების, გარემოსდაცვითი თუ სხვა ინტერესებიდან გამომდინარე. დეცენტრალიზაციის შესაბამისი ნაბიჯების განხორციელების შემდეგ უფრო მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, რომ მაჟორიტარის ინსტიტუტის ამოვარდნა იქნებოდა ნაკლებად მტკივნეული. ერთ-ერთი მიზეზი იყო ეს. ჩემი ბიურო 3 წლის ანგარიშს აკეთებს და აღმოჩნდა, რომ ამ წლების განმავლობაში 4 ათასზე მეტ ადამიანს მოვემსახურეთ, ასზე მეტი წინადადება, მათ შორის საკანონმდებლო ინიციატივაც კი, დაფიქსირდა მოქალაქეების მხრიდან შემოსული. დღეს თუ გავაჩენთ ამ სიცარიელეს, რას ვეუბნებით ამ ადამიანებს და რით ვავსებთ ამ სიცარიელეს“ – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტმა პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლ​ის საკონსტიტუციო ცვლილებების პლენარულ სესიაზე განხილვა დაიწყო და  კენჭისყრის საფუძველზე ჩააგდო ოპოზიციის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას 3%-იანი ბარიერით და პოლიტიკური ბლოკებით ითვალისწინებს.

პარლამენტში საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ინიცირებულია ასევე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომლის თანახმადაც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით, ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება. უქმდება საარჩევნო ბლოკები. ბუნებრივი ბარიერის პირობებში, გარკვეული ხმების რაოდენობა იქნება აუცილებელი იმისათვის, რომ პოლიტიკურმა პარტიამ მანდატი მიიღოს.

მაგალითად, თუ საპარლამენტო არჩევნებში 2 მილიონი ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას, იმისათვის, რომ საარჩევნო სუბიექტმა ერთი მანდატი მიიღოს, მას ექნება აუცილებლობა მიიღოს დაახლოებით 14 ათასი ხმა. ანუ ამ შემთხვევაში 2 მილიონი იყოფა 150-ზე.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად