ქუთაისის მერის მოვალეობას დავით ერემეიშვილი შეასრულებს

ამის შესახებ ინფორმაცია მერიის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.

“როგორც ცნობილია, 8 აპრილს, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან წავიდა. 2017 წლის ნოემბრიდან , თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, გიორგი ჭიღვარიამ, გუნდთან ერთად , ქალაქში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. ამ პერიოდში ქუთაისში გაკეთდა გზები ათეულობით ქუჩაზე, როგორც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ასევე გარეუბნებში, მოეწყო სკვერები და პარკები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა საჯარო სკოლებს და ბაგა-ბაღებს, მუდმივად მიმდინარეობდა მუშაობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტზე. წელს ქუთაისი თითქმის მთლიანად გადავიდა 24 საათიან წყალმომარაგებაზე, რაც , გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.
ჩვენი გუნდის მუშაობის ერთ-ერთ წარმატებულ მიმართულებად სამართლიანად ითვლება სოციალური პროგრამები, რომელთა საშუალებით ასეულობით ჩვენს თანაქალაქელს, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებიდან, მიეცათ შესაძლებლობა გაეუმჯობესებინათ ცხოვრების პირობები და ხარისხი, თავი ეგრძნოთ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად. პანდემიასთან ბრძოლის პირობებში, ქვეყანაში გამოცხადებული საყოველთაო კარანტინის დროს, ქუთაისის თვითმმართველობა მუხლჩაუხრელად , შეუსვენებლად აკეთებს ყველაფერს, რათა დაცული იყოს ყველა რეკომენდაცია და მოქალაქეებმა იგრძნონ , რომ ხელისუფლება მათ გვერდითაა . ათასობით ქუთაისელმა მიიღო ამ დღეებში სასურსათე ამანათი თუ სხვა ტიპის დახმარება. მე, როგორც ქუთაისის მერის მოადგილე, უშუალოდ ვიყავი ჩართული ყველა პროექტის მიმდინარეობაში და ვიცი, რამხელა ძალისხმევას მოითხოვს თითოეული მათგანის სწორად და ეფექტურად განხორციელება.
ყოველწლიურად გაზრდილი ბიუჯეტი გვაძლევს უფრო და უფრო მეტი კარგი საქმეების კეთების საშუალებას. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პროექტებია დაგეგმილი უახლოესი პერიოდისთვის, რომელთაგან გამოვყოფდი რიონისპირა სახლების რეაბილიტაციას, მუნიციპალურ ტრანსპორტს, ოლიმპიური აუზის მშენებელობას, გაგრძელდება საგზაო და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები და ქალაქს შეემატება ახალი სარეკრეაციო ზონები. ყოველწლიურად იზრდება ქუთაისში ტურისტთა რაოდენობა. 2021 წელს კი ჩვენი ქალაქი ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების მე-11 ფორუმს უმასპინძლებს. მადლობა მინდა ვუთხრა გიორგი ჭიღვარიას გუნდის სახელით ქალაქისთვის გაკეთებული სასიკეთო საქმეებისთვის, ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და წარმატებები ვუსურვო !

ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, მე ვრჩები ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად იმისთვის, რომ არ შეფერხდეს ქუთაისში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული, სოციალური, კულტურული თუ სხვა პროექტები და ამ რთულ პერიოდშიც ღირსეულად გავუმკლავდეთ ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს.”-აცხადებს დავით ერემეიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად