ქუთაისის მერია: მხატვარმა ქუთაისის მერის პორტრეტი პირად სივრცეში გამოფინა და არა მთავარ გამოფენაზე

იტალიაში ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას პორტრეტის გამოფენა, ოპოზიციის კრიტიკის ობიექტი გახდა. 

როგორც ქუთაისის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" გიგა შუშანია facebook- ზე წერს:

"ქუთაისის მერი ბიუჯეტის ხარჯზე იტალიაში გაყვა მხატვრებს, სადაც "საზეიმო" ვითარებაში გამოფინა, არც მეტი, არც ნაკლები, საკუთარი სურათი. იტალიელები აღფრთოვანებული შეხვედრიან ამ ამბავს, დიდი "პატივია", რომ "მსოფლიო დონის" "სახელმწიფო მოღვაწის" პორტრეტი პირველად ჩვენთან გამოიფინაო.

ეხლა ქუთაისის მერიისა და აიპების 4300 თანამშრომლის მოთხოვნით ეს სურათი ჩამოვა ქუთაისში და მის გადათხრილ ქუჩებში მოეწყობა დემონსტრაციები, სადაც "მადლიერი" მოსახლეობა მიესალმება ქუთაისის მერის სურათს, ასევე გაიჟღერებს მერისადმი მიძღვნილი ლექსები და სიმღერები.

P.S. ვიდეოს მეორე ნაწილში ამ დემონსტრაციის ანონსია, აბა ბატონო მერო, შენ იცი, ამ პოსტსაც შემოასიე მერიის თანამშრომლები და პარტიის აქტივისტები, არ დაზოგო არც თავი და არც მათი ენერგია"- წერს შუშანია.

"აიპრესი" მერის პორტრეტის ავტორს, მხატვარ ლევან გოგატაძეს დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს რომ მთავრობის ხაზით პირველად მოეწყო მსგავსი პლენერი ქვეყნის გარეთ, ამიტომ მადლიერება გამოხატა და ეს ნახატები საჩუქრად გადაცეს მასპინძლებს.

"მადლიერების გამო დავხატე. არა მხოლოდ ქუთაისის, კოზენცას მერიც დავხატე. მთავრობის ხაზით პირველად მოეწყო ასეთი პლენერი ქვეყნის გარეთ, ამიტომ მადლიერება გამოვხატე და ეს ნახატები საჩუქრად გადავეცით მასპინძლებს. პლენერში ქართველი მხატვრები მონაწილეობდნენ, ორი კვირის განმავლობაში ისინი ხატავდნენ სხვადასხვა ნამუშევრებს, საიდანაც ნაწილი კოზენცას მუზეუმში რჩება. ჩემი ინფორაციით, პერიოდულად, კოზენცაში სხვადასხვა ქვეყნის მხატვრების დელეგაციები ჩადის და თავიანთი ნამუშევრების ნაწილს კოზენცას მუზეუმს უძღვნიან"- აცხადებს მხატვარი ლევან გოგატაძე.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქუთაისელმა მხატვრებმა იტალიის ქალაქ კოზენცაში საერთაშორისო პლენერში Bocs Art მიიღეს მონაწილეობა. აღნიშნული პორტრეტი მხატვარმა პირად სივრცეში გამოფინა და არა მთავარ გამოფენაზე . რაც შეეხება ოფიციალურ დელეგაციას, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ვიცე მერი გიორგი იობაშვილი და ქუთაისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვლასი გარდაფხაძე იტალიური მხარის მიწვევით დასკვნით გამოფენაზე იმყოფებოდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...