ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობაზე საქართველოს დროშის ინსტალაცია მოეწყო

საქართველოს დამოუკიდებლობის 102-ე წლისთავთან დაკავშირებით ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობაზე საქართველოს დროშის ინსტალაცია მოეწყო.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა საქართველოს ჰიმნი და მრავალჟამიერი შეასრულა.

ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია დაესწრნენ.

“პირველ რიგში, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. 26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გახლავთ მნიშვნელოვანი თარიღი, დღეს ჩვენი წინაპრების მონაპოვარზე ვაშენებთ განვითარებულ დამოუკიდებელ ქვეყანას, ევროპული ტიპის დემოკრატიულ სახელმწიფოს, სადაც მთავარი ღირებულება ადამიანია. ამაყი ვარ, რომ ქუთაისი თავისი ისტორიული წარსულით ყოველთვის წარმოადგენდა ევროპული ცივილიზაციის უძველეს ნაწილს და ამ ქალაქში ყოველთვის იგრძნობოდა დამოუკიდებლობისა და განვითარებისთვის ურყევი ნების არსებობა”, – განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

დავით ერემეიშვილის თქმით, 26 მაისი ჩვენი სიამაყის, თვითშეგნების და ღირსების დღეა.

“ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოს მოქალაქეებისთვის. წელს, სამწუხაროდ, მასობრივ ღონისძიებებს ვერ ვმართავთ, თუმცა შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, აღვნიშნოთ ეს ეროვნული მოვლენა ჩვენი ხალხისთვის. სახელმწიფო დროშის ფერებში სიმბოლურად გავანათეთ ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობა. 26 მაისი არის ჩვენი სიამაყის, თვითშეგნების და ღირსების დღე. ვულოცავ ყველას!”, – განაცხადა დავით ერემეიშვილმა.

ხვალ ბაგრატის ტაძრის ეზოში ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის ორკესტრი და კაპელა მინიკონცერტს გამართავს, სადაც საქართველოს ჰიმნი საზეიმოდ შესრულდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად