ქუთაისი, ხვალიდან დამატებით 30 ათასი ადამიანი უწყვეტ წყალმომარაგებაზე გადადის

კომპანიის ხელმძღვანელი, სახელმწიფო რწმუნებულთან იმერეთში, ზვიად შალამბერიძესთან და მის მოადგილეებთან ერთად, პროექტის კონტრაქტორებსაც შეხვდა, რათა შეფერხებების გამომწვევ მიზეზებსა და არსებულ ვითარებას გაცნობოდა.

ქუთაისის წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში, ახალ ქსელზე გადართვითი სამუშაოების შედეგად, ამ დროისთვის ქალაქის 60 % 24 საათიანი წყლის მიწოდებით სარგებლობს. ხვალიდან, დამატებით, უწყვეტ წყალმომარაგებაზე 30 ათასი ადამიანი გადავა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, გიგა მანდარიამ ქუთაისში ის ქუჩები დაათვალიერა, სადაც გადართვითი სამუშაოებისას ქსელი ავარიულად დაზიანდა და მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდების კუთხით პრობლემები შეექმნა.

თურქულ კომპანია ,,ესემკა’’-ს, რომელიც ქუთაისის წყლის სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს მიეცა მითითებები და დავალებები, რომ ხარვეზები დროულად მოაგვაროს და სამუშაოები ვადებში დაასრულოს.

გიგა მანდარიას განცხადებით, ამ დროისთვის წარმოქმნილი შეფერხებები აღმოფხვრილია და დამატებით, ახალი აბონენტებისთვის უწყვეტი წყალმომარაგების მიზნით სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

,,ვაგრძელებთ პროექტების მონიტორინგს რეგიონებში, რათა პრობლემების შემთხვევაში დროულად და კოორდინირებულად მოხდეს საკითხის ოპტიმალურ ვადებში გადაჭრა. ამჯერად, ქუთაისში დავათვალიერეთ ის ქუჩები, სადაც ახალ ქსელზე გადართვით სამუშაოებისას ავარიულად რამდენიმე მონაკვეთი დაზიანდა და გარკვეულ პერიოდში ქალაქის ნაწილს, წყლის მიწოდების პრობლემა შეექმნა. პროცესს თან ახლავს შეფერხებები, თუმცა, ამ დროისთვის ვითარება გამოსწორებულია და კონტრაქტორი სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს. ხვალიდან, უკვე გრაფიკიდან უწყვეტ წყლის მიწოდებაზე დამატებით 30 ათასი მომხმარებელი გადავა. ჩვენ უკვე პროექტის ბოლო ეტაპზე ვართ. ამ დროისთვის, 60 %-ზე მეტი ჩართულია ახალ ქსელში. ძალიან მალე, ყველა ქუჩას, დასახლებასა და მთელ ქალაქს ახალი ინფრასტრუქტურა მოემსახურება და 24 საათიანი წყლის მიწოდება ექნება ’’- განაცხადა გიგა მანდარიამ.

სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით 92 მილიონი ლარი მოხმარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად