ქუთაისელი ექიმი, რომელსაც 15 000-ზე მეტი ახალშობილის დაბადებაში აქვს მონაწილეობა მიღებული

ქუთაისელ მეან-გინეკოლოგს, კლინიკა „ბომონდი“-ს სამედიცინო დირექტორს, როლანდ კვერნაძეს მისი სამედიცინო პრაქტიკის განმავლობაში 15 000-ზე მეტი ახალშობილის დაბადებაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ცნობილი ექიმი “აიპრესთან” აცხადებს, რომ ბედნიერია, რადგან სიცოცხლეს ემსახურება.

– ბატონო როლანდ დავიწყოთ თავიდან, როგორ დაიწყეთ და პროფესიის სიყვარულმა რა შესაძლებლობები მოგცათ?

-ძველ პირველ სამშობიაროში ვიყავი განყოფილების გამგე, 1987 წლიდან, 14 წლის განმავლობაში კი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამშობიაროს მთავარი ექიმი გახლდით. 2006 წლიდან 2012 წლამდე, ცხაკაიას სახელობის ეროვნული მედიცინის ცენტრში სამედიცინო დირექტორის პოზიციას ვიკავებდი. გარდა ამისა, აღნიშნული ცენტრის ჩამომყალიბებაშიც მიმიძღვის წვლილი. აქტიურად ვიყავი ჩართული 17 წლის წინ, კლინიკა „ბომონდი“-ს სამშობიარო სახლის სახით ჩამოყალიბებასა და შემდეგ უკვე მის მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებად გადაქცევაში.

-ალბათ, თქვენთვის ყველაზე დიდი ჯილდო, თქვენი პაციენტების ჯანმრთელობაა, გარდა ამისა ვიცით რომ ბევრი ჯილდოს მფლობელი ხართ.

– ექიმობისათვის დაჯილდოვებული ვარ ღირსების ორდენით. მიღებული მაქვს ასევე ღვაწლმოსილი ქუთაისელის საპატიო სიგელი და არაერთი სიგელი წარმატებული სამედიცინო საქმიანობისათვის, ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. ბედნიერი ვარ რომ ვემსახურები საქმეს და სიცოცხლეს, რომელიც ძალიან მიყვარს.

-შეგიძლიათ გაიხსენოთ ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პერიოდი, როცა გადაგირჩენიათ ახალშობილები და მათი დედები, ალბათ ყოფილა მსგავსი შემთხვევებიც.

-არ ვლაპარაკობ ხოლმე ხშირად ამაზე, ეს ჩემი საქმეა, არაერთი ახალშობილი და დედა მყავს გადარჩენილი, განსაკუთრებით 90-იან წლებში, ომის პერიოდში, როდესაც ჩემთან დაჭრილები მოყავდათ. ასევე მინდა გითხრათ რომ ჩემი ინიციატივით, რაჭაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, ფეხმძიმე ქალები ქუთაისში სამშობიაროში ჩამოვიყვანეთ და სამი კვირის განმავლობაში მათ შესაბამის გამოკვლევებს ვუტარებდთ.

-ალბათ ბევრი რთული პერიოდი გაქვთ გამოვლილი იმ წლების განმავლობაში, რაც თქვენივე პროფესიით მუშაობთ, აქედან გამომდინარე სირთულეებთან ერთად იქნებოდა კურიოზებიც.

-სამედიცინო პრაქტიკიდან ყოფილა როგორც რთული შემთხვევები, ისე კურიოზული შემთხვევებიც. განყოფილების გამგე ვიყავი. მშობიარობაა, სამშობიარო ბლოკში ვარ. ჩემი ექიმი ამშობიარებდა ქალს. ამ დროს შემოვიდა ჩემი მშობიარე, რომელსაც უკვე ჭინთვები ჰქონდა. ჩემს მშობიარეს ბიჭი შეეძინა. ქალი, რომელსაც ჩემი ექიმი ამშობიარებდა, მეხუთე ბავშვს ელოდებოდა. მე ჩავილაპარაკე, ეს ქალი მე განასინჯი მყავს მეთქი? მე რომ დავადებ ხელს, უეჭველი ბიჭი იქნება მეთი. ეს მშობიარე თან იჭინთება, თან კიდევ ყვირის, ექიმო გამსინჯეთ რა, კიდევ გოგო აღარ მინდაო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...