ქობულეთში აქციის მონაწილეებმა რკინიგზა გადაკეტეს

ქობულეთში, ბობოყვათის მოსახლეობის ნაწილმა, რომელიც მიწის აუქციონზე გაყიდვას ეწინააღმდეგება, რკინიგზა გადაკეტეს და თბილისი-ბათუმის მატარებელს გავლის საშუალებას არ აძლევდნენ.

მოგვიანებით, ადგილობრივების მიერ ჩაკეტილი რკინიგზა სამართალდამცველებმა გახსნეს. თბილისი-ბათუმის მატარებელმა მოძრაობა განაგრძო.

ბობოყვათის მოსახლეობის ნაწილი, აჭარის მთავრობის მიერ გამოცხადებული აუქციონის გაუქმებას ითხოვს, რომელზეც ბობოყვათში სანაპირო ზოლზე 27 ჰექტარი მიწის ფართობი უნდა გაიყიდოს. მათი თქმით, გასაყიდად გატანილი მიწის ნაკვეთი მათი საკუთრებაა და მისი დარეგისტრირება ვერ მოახერხეს. მიწის ნაკვეთზე პრეტენზიას 100-ზე მეტი ოჯახი აცხადებს.

აუქციონის შეჩერების მოთხოვნით აქცია ქობულეთში ერთი კვირის წინაც გაიმართა, დღევანდელი პროტესტის მიზეზი კი, მათივე განცხადებით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პასუხი გახდა. უწყება აუქციონის შეჩერებას არ აპირებს.

აქციის დროს, სამართალდამცველებმა 10-მდე პირი დააკავეს, ისინი პოლიციის სამმართველოში არიან გადაყვანილი.

კომენტარები
იტვირთება...