ქიბარ ხალვაში: “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტებს წნეხის ქვეშ მუშაობა არ მოუხდებათ

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ "რუთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში არცერთ ჟურნალისტს წნეხის ქვეშ მუშაობა აღარ მოუწევს.

"ჟურნალისტებს ვპირდები, რომ მათ არ მოუწევთ წნეხის ქვეშ მუშაობა. ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ისინი დიდი წნეხის და კონტროლის ქვეშ მუშაობენ, რაც შეეხება სახელფასო ბიუჯეტს, აქედან დიდი ნაწილი მიდის მათზე, რომელთაც ნამუსზე ხელი აქვთ აღებული. პროფესიონალებზე გადავანაწილებთ ამ ბიუჯეტიდან უფრო მეტ თანხას", – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა "იმედის" ეთერში.

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოს 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით რუსთავი 2-ის ქონება სრულად დაყადაღებულია. ყადაღა დაედო შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის მფლობელთა წილებს. არხის მეწილეებს აეკრძალათ ტელეკომპანიის სახელით ვალდებულებების აღება, რეორგანიზაცია, წესდებაში ცვლილებების შეტანა, საზოგადოების საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა.

ასევე დაყადაღებულია რუსთავი 2-ის სახელზე გაფორმებულ ქონება, კერძოდ, ნაკვეთი სანდრო ეულის ქუჩაზე და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები. რუსთავი 2-ს საბოლოო დავის დასრულებამდე ეკრძალება მოძრავი ნივთების, მათ შორის ტელე-რადიო სიხშირის გადამცემი მოწყობილობების, გენერატორების, ავტომობილების გასხვისება და გაქირავება. ამ ქონების ნებისმიერი სახით უფლებრივად დატვირთვა.

სასამართლომ გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე მიიღო. თუმცა – არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა რუსთავი 2-ის ლოგოს გამოყენების აკრძალვის შესახებ. ასევე სასამართლომ არ განიხილა არხის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების საკითხი.

შეგახსენებთ, არხის მფლობელები არიან: ლევან ყარამანიშვილი – 23 პროცენტი, გიორგი ყარამანიშვილი 18 პროცენტი, ტელეკომპანია საქართველო – 51 პროცენტი და ნინო ნიჟარაძე – 9 პროცენტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად