ყველას სირცხვილია გამსახურდია პრეზიდენტი რომ გახდა და მიწაზე დადის – სარიშვილის სიტყვა 1993 წელს (ვიდეო)

სოციალურ ქსელ facebook-ში გავრცელდა ვიდეო ჩანაწერი, 1993 წლის 18 ოქტომბრით არის დათარიღებული, სადაც ეროვნულ- დემოკრატიული პარტიის წევრი, ირინა სარიშვილი, რომელიც 1993 წელს რამდენიმე თვე საქართველოს ვიცეპრემიერი იყო, ტრიბუნიდან ყველა იმ პირს აკრიტიკებს, ვინც საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია გროზნოში ცოცხალი გაუშვა.

ვიდეო კადრებში კარგად ჩანს დარბაზში მყოფი ედუარდ შევარდნაძე(1992–1995 წლებში საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე) როგორ უკრავს ტაშს ირინა სარიშვილის გამოსვლას.

“მე როდესაც გუშინ,  ბატონი რეზო ამაშუკელის გამოსვლა მოვისმინე ტელევიზიით, აი ამ დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით, უნდა გითხრათ, ბატონო რეზო რომ პირველად გამაღიზიანა თქვენმა ნათქვამმა. კონკრეტულად ის წინადადება მაქვს მხედველობაში, თქვენ როცა თქვით: აი, ხვალ ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათო.

ჩვენ წელიწადნახევარია ყველაფერს თავის სახელს ვარქმევთ. არ შეიძლება წელიწადნახევრის განმავლობაში მუშტები ვიქნიოთ ასე უმისამართოდ და უმისამართოდ ვიმუქროთ, რომ აი ახლა ამას თავის სახელს დავარქმევ, ახლა დაერქმევა ამას ბანდიტი, ამას მოღალატე და ამით გადაწყდება თითქოს ყველაფერი.

ჩვენ ვნახეთ რომ ეს ასე არ არის. ვნახეთ რომ ის საფრთხობელა რაც წელიწადზე ნაკლებია, და შემდეგ გროზნოში გავუშვით, და სხვათა შორის ის პირველი არანაკლებ პასუხისმგებლები არიან დღეს, ვინც ის ცოცხალი გაუშვა. მაპატიოს ღმერთმა ამას რომ ვამბობ და ახლა ყველაზე ისეთ დროს, როცა სოხუმი ეცემოდა, ესეც ყველამ კარგად ვიცით, დასავლეთ საქართველოს პრობლემა დგას მთლიანად, ისევ იმ სიტყვას ვიხმარ, ეს საფრთხობელა კვლავ მოიწევს თბილისისკენ და ალბათ სხვა ქვეყნისთვის ეს სასაცილო იქნებოდა.

ჩვენ ქვეყანაში რომ ხდება ეს, ამიტომ არ გვეცინება ალბათ, თორემ ნამდვილად ტრაგიკული სწორედ ის არის, რომ აი ასეთი ადამიანი… მე იმდენი შეურაცხმყოფელი რამე მაქვს მისი მისამართით ნათქვამი რომ, არ მინდა ტაშის დაკვრის გულისთვის ვიხმარო ის სიტყვები: მანიაკი, პათოლოგი და ა.შ. ვიცით ჩვენ ყველამ ვისთან გვაქვს საქმე. ეს მისი სირცხვილი კი არ არის, ეს არის ჩემი ქვეყნის, ჩემი, თქვენი, თითოეული ჩვენგანის სირცხვილი, რომ ეს ადამიანი ჯერ პრეზიდენტი გახდა და დღეს კიდევ მიწაზე დადის. კიდევ აქ ჩამოვიდა და კიდევ აქ რაღაც მუქარებს გზავნის.

 

ჩვენი დამოკიდებულება სნგ-ში გაწევრიანებისადმი ალბათ ცნობილია ყველასთვის. დღეს ამ შეხვედრაზე, არც სნგ-ს კრიტიკის და არც სნგ-ს ქების დრო არ არის, დღეს, ჩვენ აქ სულ სხვა რამზე უნდა ვილაპარაკოთ.

თვითონ ბატონმა ედუარდმა დღეს ბრძანა თავის რადიო გამოსვლაში, რომ მან გააკეთა განცხადება სნგ-ში შესვლის თაობაზე. მთავრობა ერთსულოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით. ნუ ვინც უშლიდა ხელს ერთსულოვნებაში, ის აღარ არის ამ მთავრობაში.

დღეს შეიძლება ითქვას ერთსულოვანია,  ამიტომ რუსეთისთვის ეს აბსოლუტურად საკმარისია ჩემი აზრით, იმისთვის რომ ჩვენ რაღაც დავინახოთ. აი ამ სნგ-ეში შესვლით თუ  არ შესვლით ან მეორეთი, რამე ჩვენს პრობლემას მოვაგვარებთ.

რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას, მე როგორც მესმის, შეიძლება მართლა ვცდები მაგრამ მე ასე მესმის, სანამ ზვიად გამსახურდიას პრობლემა არსებობს, საქართველოში არც სნგ-ში შესვლით, არც სნგ-ში შეუსვლელობით, არც ევროგაერთიანებაში შესვლით და ამერიკის შტატად რომ მიგვიღონ, არაფერო საქართველოს აღარ ეშველება. ეს უნდა ვიცოდეთ და ალბათ აქ ამისთვის უნდა ვიყოთ შეკრებილი. და ერთ რამეში ნება მიბოძეთ კატეგორიულად არ დავეთანხმო სახელმწიფოს მეთაურს, მან, არ მახსოვს გუშინ იყო თუ დღეს ტავის ინტერვიუში ბრძანა რომ მოვიდა დროს, ზვიად გამსახურდიას საკადრისი პასუხი გაეცეს და მას გროზნოში ელოდებიან.

არა ბატონ ედუარდ, არ შეიძლება ზვიად გამსახურდიას გაშვება გროზნოში.

ზვიად გამსახურდია როგორ თავისი ერის შვილი, თუნდაც როგორც თავის ერის სირცხვილი, უნდა დარჩეს, რა თქმა უნდა სახეცვლილი მდგომარეობით აქ, საქართველოში და მაშინ ვილაპარაკოთ ჩვენ საქართველოს გადარჩენაზე საერთოდ”, – აცხადებს ირინა სარიშვილი თავის გამოსვლაში .

შეგახსენებთ, ზვიად გამსახურდია თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტია, ის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ 1991 წლის 9 აპრილს პრეზიდენტად აირჩია. სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, ზვიად გამსახურდია 1992 წლის 6 იანვარს გადადგა პრეზიდენტის პოსტიდან. 1993 წლის დეკემბერში ზვიად გამსახურდია დევნილობაში გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად