“ყველაფერს პროგრამაში ვერ ჩავწერდით, სამართლიანობა აღდგა”, – ინტერვიუ ზაზა პაპუაშვილთან

კოალიცია „ქართული ოცნება“ 2012 წლის მოწვევის პარლამენტში ერთი მთავარი განაცხადით – „სამართლიანობის აღდგენა“ მოვიდა ხელისუფლებაში. „ქართული ოცნების“ 2016 წლის საარჩევნო პროგრამაში სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით მხოლოდ რამდენიმე ფრაზა გვხვდება და მითითებულია: „გაგრძელდება სამართლიანობის აღდგენის პროცესი კონსტიტუციურ ფარგლებში და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, ხელისუფლება გამოიყენებს ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რათა თითოეულ ადამიანს აღუდგეს წინა ხელისუფლების მიერ დარღვეული უფლება და დაისაჯონ შესაბამის დანაშაულში ბრალდებული პირები“.

პროგრამაში ასევე მითითებულია, რომ „წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელები დაისაჯნენ ან ქვეყნიდან გაიქცნენ. პროკურატურაში შეიქმნა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი, რომლის მუშაობის საფუძველზე წინა ხელისუფლების პირობებში ჩადენილი წამების, არაადამიანური მოპყრობისა დასხვა ძალადობრივ დანაშაულებთან დაკავშირებით, პროკურატურამ აწარმოა გამოძიება 191 სისხლის სამართლის საქმეზე, რის საფუძველზეც სასამართლომ დამნაშავედ სცნო 81 ყოფილი თანამდებობის პირი და საჯარო მოხელე, 38 შემთხვევაში კანონიერ მფლობელებს 15 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების წართმეული ქონება დაუბრუნდათ. გამოძება გრძელდება 324 საქმეზე“.

საკმარისია თუ არა ხელისუფლების მიერ გაწეული ღონისძიებები სამართლიანობის აღდგენისთვის „აიპრესმა“ „ქართული ოცნების“ კოალიციის ყოფილი პარტიების წარმომადგენლები გამოკითხა.

ამჯერად, გთავაზობთ ინტერვიუს „ქართული ოცნების“ წევრ ზაზა პაპუაშვილთან:

კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დაპირება სამართლიანობის აღდგენა იყო. რას ეტყვით საზოგადოებას, სამართლიანობა აღდგა?

ჩვენი ამოცანა არ იყო, ის გაგვეკეთებინა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა, რომ მთელი საქართველო ციხეში აღმოჩენილიყო. ვინც ამ ბოროტების არქიტექტორები იყვნენ დღეს ისინი ციხეში არიან. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს რომ მთელი საქართველო ციხეში გამოვამწყვდიოთ. დანარჩენ საკითხებზე მოკვლევა, გამოძიება გაგრძელდება ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც კანონი დაარღვია.

ბიზნესისა და ქონების დაბრუნებას რაც შეეხება, ამაზე მუშაობა მიდის. მისი სპეციფიკიდან გამომდინარე პროკურატურაში სპეციალური დეპარტამენტი შეიქმნა, რომელიც ასეთი ჩამორთმეული ქონების საკითხებს განიხილავს. პროცედურების გათვალისწინებით მუშაობს. ვფიქრობ, რომ კანონი ამ ნაწილშიც აღსრულდება.

„ქართულ ოცნებას“ საარჩევნო პროგრამაში სამართლიანობის აღდგენაზე აქცენტი აღარ გაქვთ გაკეთებული? ეს იმაზე ხომ არ მიანიშნებს, რომ ეს საკითხი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული აღარ არის?

სამართლიანობის აღდგენის შესახებ ყველაფრის გაწერა ლოზუნგებში, პლაკატებში და მოწოდებებში არასწორია. სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობა და მისი დაცვა კონსტიტუციითა და სხვა კანონებით ყველა ხელისუფლებას ევალება. არა მგონია სწორი იყოს, რომ ეს სიტყვები ყველა ბუკლეტში და საიტზე დაიწეროს. ჩვენ ვაშენებთ კანონიერ სახელმწიფოს, რაც წინა ხელისუფლებას შებღალული ჰქონდა.

პროგრამაზე გკითხეთ და არა მოწოდებებზე…

პროგრამაში ჩვენ ვლაპარაკობთ ეკონომიკურ განვითარებაზე, თავისუფლებაზე, აჩქარებულ ტემპებზე, კეთილდღეობაზე, ეს სამართალთან და კანონის უზენაესობასთან არის დაკავშირებული. სიკეთე კანონზე დაფუძნებული ცხოვრებით კეთდება. 

როგორც რიგითი დეპუტატობის კანდიდატი, ჰპირდებით თუ არა იმ ადამიანებს ქონების დაბრუნებას, რომლებიც წლებია ამას ელოდებიან?

მე ვპირდები მოსახლეობას, რომ შეიქმნას ისეთი საკანონმდებლო ბაზა, სადაც ბევრი ადამიანის ყოოფა მოგვარდება. ეს გარკვეულწილად შეეხება უამრავ პრობლემას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ კანონის უზენაესობა ყველა საკამათო პრობლემებს მოაწესრიგებს.

რაც ახლა ჩამოთვალეთ ეს სამართლიანობის აღდგენას არ ნიშნავს. 2012 წელს ამომრჩეველს ამას არ ჰპირდებოდით…

2012 წელს ჩვენ ამომრჩეველს ვპირდებოდით, რომ ამ ნაძირალა, დამნაშავე ხელისუფლებას მოვაშორებდით და ჩვენ ეს გავაკეთეთ. ჩვენ ადამიანები გავათავისუფლეთ ციხიდან. როდესაც ბოროტებას გაისტუმრებ პოლიტიკური არჩევნებით, ეს სამართლიანობის აღდგენა არ არის?! ეს დიდი მაჩვენებელია, სამართლიანობა აღდგა!

თქვენი ყოფილი პარტნიორები – „თავისუფალი დემოკრატები“, „რესპუბლიკელები“ და „ეროვნული ფორუმი“ აცხადებენ, რომ პროკურატურა ძალიან ინერტულია. ასევე ამბობენ, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვდნენ, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა. რას უპასუხებთ მათ?

ჩვენს ძველ პარტნიორებს, რომლებიც რაღაც გაუგონარ განცხადებებს აკეთებენ ასე ვუპასუხებდი: სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით თუ რამეს ითხოვდნენ, მაშინ მათი ხმა ხმამაღლა რატომ არ ისმოდა?! ისინი ოპონირების რეჟიმში არიან გადასულები. მათ ევალებათ ასეთი რაღაცეების თქმა. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ჩვენ დავამთავრეთ ცხოვრება, ყველაფერი მოვაწესრიგეთ და ხვალიდან არაფერს არ ვაკეთებთ. ასე არ არის, ბევრი რამე გავაკეთეთ, მაგრამ კიდევ ბევრი რამე გაკეთდება. საქმეები, რომლებიც ძიებაშია, მათი გამოძიება დაჩქარდება.

თქვენ არ ფიქრობთ, რომ პროკურატურა ზედმეტად ნელა მოქმედებს?

პროკურატურამ ძალიან ბევრი საქმე გამოიძია. კვალიფიციური გამოძიების შედეგად ძალიან ბევრი საქმე დადო, მაგრამ თუ რამე ხარვეზი არსებობს, ამას ახალი მოწვევის პარლამენტი ყოველდღიურ რეჟიმში განიხილავს და ის ხარვეზებიც გამოსწორდება. მთავარია არ მოხდეს ისეთი დანაშაულებრივი ქმდებები, რომელიც სახელმწიფოს ზიანს მიაყენებს. ხარვეზი ყველა ქვეყანაში არსებობს, მაგრამ ჩვენს მიერ მიღებული კანონებით ეს ხარვეზებიც გამოსწორდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად