“ყველა თანამდებობა დროებითია, ჭორაობაზე ბევრ დროს რომ არ ვხარჯავდეთ, უკეთესი იქნება” – ინტერვიუ კახეთის გუბერნატორთან

„ჩვენ, წელს, დაახლოებით  60  მილიონი ლარის ინფრასტრუქტურულ პროექტებს განვახორციელებთ კახეთში, ის რაც მუნიციპალიტეტის დონეზეა დაგეგმილი. რასაც მუნიციპალიტეტები განახორციელებენ, 350  პროექტზე მეტი არის ჯამურად 60 მილიონი ლარის ღირებულების. ეს არის გზები, ადგილობრივი წყალმომარაგების სისტემები, საბავშვო ბაღები, სკოლების რეაბილიტაცია, სასწრაფოების მშენებლობა და ამბულატორიების მშენებლობა და რეაბილიტაცია, სტიქიის პრევენცია, ადგილობრივი საჭიროებებისთვის ზოგი შენობის გარემონტება, სკვერების მოწყობა და ა.შ. ყველა სოფელში მოხდება სოფლის პროგრამის რეალიზაცია, ამისთვის 4 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.“ – აცხადებს „აიპრესთან“ ინტერვიუში კახეთის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი.

მისი თქმით, ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან იგეგმება ცენტრალური გზების რეაბილიტაცია.

ირაკლი ქადაგიშვილი: შემოვლითი გზების დაპროექტება დაიწყება და ალბათ ჩვენ უკვე 2020-2021 წლებიდან თბილისიდან კახეთისკენ მომავალი ცენტრალური გზის მშენებლობის პროცესში გადავალთ. რა გზაც გვაქვს, უკვე აღარ არის საკმარისი და დიდი, თანამედროვე გზა გაკეთდება თბილისიდან მოყოლებული, საგარეჯო- ბაკურციხე, ბაკურციხიდან წნორის მიმართულებით. ბაკურციხიდან გურჯაანის შემოვლითი  გზა უკვე აშენებულია და გაგრძელდება, ამოვა თელავამდე.

ბოლო დროს, ყველაზე აქტუალური თემა პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენებია. ადგილობრივი მოსახლეობა ღიად აცხადებს, რომ ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით შეხვედრები არა უშუალოდ მოსახლეობასთან, არამედ ადგილობრივ ხელისუფლებასთან იმართებოდა. რატომ არის კომუნიკაციის პრობლემა თქვენსა და  პანკისის ხეობის მოსახლეობას შორის?

პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ზოგადად ჰესების მშენებლობა ეს არის საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის, მდგრადობის და ზოგადად ეკონომიკის განვითარების აუცილებელი ერთ-ერთი  წინაპირობა. ამიტომ ნებისმიერი ჰესის მშენებლობა ეს არ არის მხოლოდ რომელიმე ერთი სოფლის,  ან ერთი რომელიმე კუთხის გადასაწყვეტი საქმე. ეს არის ზოგადად ქვეყნის, მთლიანად სტრატეგიული განვითარების გეგმაში და ამ მასშტაბში დასანახი. გამომდინარე  აქედან, რა თქმა უნდა, ყველა  მშენებლობას გააჩნია  თავისი ნებართვების სისტემა და მათ შორის ერთ-ერთი არის გარემოზე რა ზემოქმედება შეიძლება ამა თუ იმ მშენებლობამ და მათ შორის ჰესის მშენებლობამ იმოქმედოს. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფოს აქვს სპეციალური ორგანოები და მათ მიერ არის კომპეტენტური დასკვნები გაცემული, რომ ამ  ჰესის მშენებლობას რაიმე მნიშვნელოვანი, დამაზიანებელი ზემოქმედება არ შეიძლება რომ მოეხდინა ბუნებაზე.

თვითონ ჰესი, თავისი სიმძლავრით და მოცულობით არის მცირე ჰესი და რა თქმა უნდა, სხვა თანმდევი ყველა საკითხი იქნა შესწავლილი და დასკვნა იქნა ესეთი მიღებული. მაგრამ ამავდროულად, ჩვენ როგორც სახელმწიფოს, მაინც ყოველთვის ადგილობრივებთან გვაქვს ყველა კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით კონსულტაციები, არამარტო ჰესთან დაკავშირებით, გზა რომ გაგვყავს, იმასთან დაკავშირებითაც კი კონსულტაციები გვაქვს.

რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა შეხვედრები მთელი წელიწადნახევრის განმავლობაში და ცოტა უფრო მეტი ხნის განმავლობაშიც მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებთან, სხვადასხვა დაინტერესებულ ადამიანებთან, სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებთან. მათ შორის, როგორც მოწინააღმდეგებთან, ისე ნეიტრალურ ადამიანებთან და ა.შ.

ვიტყვი იმას, რომ უბრალოდ ყოველთვის ადვილი არის ჩვენს საზოგადოებაში უარყოფითი მესიჯის გავრცელება, ვიდრე დადებითი მესიჯის გავრცელებ. ბევრი არის ამაზე მოწადინებული,  რომელთა უკანაც, როგორც წესი, აღმოჩნდება, რომ არანაირი ექსპერტული, მეცნიერული, დასაბუთებული აზრი არ არის და ხშირ შემთხვევაში ეს ყველაფერი არის  აგებული მითოლოგიებზე და ადამიანებს პირდაპირ შიშს უნერგავენ, რომ თქვენ შვილები აღარ გეყოლებათ, ტყე გადახმება, წყალი გაქრება.

ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ სპეციალურად იყო ეს მესიჯი გავრცელებული?

მე ვფიქრობ კი არა, მე ვხედავდი როდესაც აბსოლუტურად დაუსაბუთებლად ხდებოდა ასეთი აზრების და ასეთი მესიჯების გავრცელება ხალხში და ადამიანი ამას ყოველთვის ადვილად იჯერებს, ვიდრე იმას, რომ ამას ვთქვათ რა სიკეთე მოაქვს ზოგადად ქვეყნისათვის და კონკრეტულად იმ მოსახლეობისათვის.

თვითონ ეს ინვესტორი, რომელსაც მოსახლეობა ძალიან კარგად იცნობს და როგორც თვითონ ინვესტორი აცხადებს, დაახლოებით ასამდე ქისტი ეროვნების მოქალაქე ჰყავს დასაქმებული თავის კომპანიებში და მათ კარგად იციან რა შემოსავალია და ასე შემდეგ, თვითონ ეს ინვესტორი ძალიან ბევრ სიკეთეს პირდება მოსახლეობას, იმიტომ, რომ ეს სახელმწიფო პოლიტიკაც არის, როდესაც რაღაც დიდი ინვესტიცია კეთდება, რომ მოსახლეობამ სოციალური და ეკონომიკური შედეგებიც ნახოს. მათ შორის ჩამონათვალი ძალიან დიდი არის ამ სიკეთეების, საუბარი იყო ყველა იმ შიშების პრევენციაზე რაც კი დაისვა. მაგალითად, იმ სოფლისთვის ცალკე ფონდი შეიქმნებოდა 120 ათასი ლარი წელიწადში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სოფლის მიერ არჩეული საბჭოს განსასაზღვრი იქნებოდა თუ ვინ და რაში გამოიყენებდა ამ თანხას. ანუ სიკეთე გაცილებით მეტი იყო და ზიანი, თუ ჩვენ ზიანს ვეძახით, რომ ბუნებაზე ზემოქმედებაზეა ლაპარაკი, ზიანი იყო მინიმალური.

ეს თემა, რომ კარგად ცნობილი იყო ყველასთვის გასაგებია, ჩვენ ეხლა იმ რეაქციაშიც დავინახეთ, რა თქმა უნდა, ის რეაქცია რომელიც  იქნა გამოვლენილი, ეს არის ყოვლად მიუღებელი, დაუშვებელი და პირველ რიგში დამაზიანებელი თვითონ იმ მოსახლეობისათვის. იმიტომ რომ, არ იმსახურებს ქართული პოლიცია და საქართველოს სახელმწიფო ესეთ დამოკიდებულებას და ეს ხეობის მოსახლეობამ უნდა კარგად გაათვითცნობიეროს. ის პოლიტიკა, ის სოციალური, ის ინფრასტრუქტურული, ის ჰუმანიტარული თუ ის ეკონომიკური ბენეფიტები და ის ყურადღება, რომელიც მთავრობის წევრებიდან იქნება თუ ადგილობრივი ხელისუფლებიდან არის გამოვლენილი, რა თქმა უნდა, ეს არ არის ის დამოკიდებულება და ელემენტარულად აქ არ არის მარტო ჰესის პრობლემა, როგორც ჩანს.

მე ვფიქრობ, რომ იმ ადამიანებმა, რომლებმაც ამ პროპაგანდით ეს შედეგი მოიტანეს, დააზიანეს საკუთარი  თავი, რაც გულდასაწყვეტია ძალიან. იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის ვიყავით, ვართ და ვიქნებით მოწოდებული იმისაკენ, რომ არამარტო ეგ ხეობა, საერთოდ ქვეყანა განვითარდეს და განსაკუთრებულ ყურადღებას რატომ ვაქცევდით მაგ ხეობას. იმიტომ რომ ის მძიმე პერიოდი, რომელიც მაგ ხეობამ გამოიარა, დაწყებული ნარკო ტრაფიკიდან დამთავრებული იმით, რომ 40 ახალგაზრდა არის მარტო ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაციის რიგებში დადასტურებულად რაც ვიცით, გარდაცვლილი.

მაშინ, როდესაც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე პრემიერი და კიდევ სხვა მაღალი თანამდებობის პირები, რატომ არ წახვედით თქვენ პანკისში, არ ჩათვალეთ საჭიროდ თქვენი იქ ყოფნა?

 იმ მომენტში  ჩვენ ყველა რაღაც გარკვეულ  საქმეს ვახორციელებდით. ამიტომ ყველას ერთ წერტილში კონცენტრირება არ იყო ამოცანა. მე ჩემი ფუნქციები მქონდა აქ დავალებული, რაც უნდა მეკეთებინა და ასე შემდეგ, მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ. იქ საკმარისად კომპეტენტური მთავრობის წევრები, ვიცე პრემიერი ბრძანდებოდა და ჩემი იქ, იმ წერტილში ყოფნა არ იყო საჭირო, სხვა საქმეები როცა მქონდა, გამომდინარე აქედან, სხვა მეტი არაფერი. მე ხეობაში უამრავჯერ ვარ ნამყოფი და უამრავ შეხვედრას ვარ დასწრებული.

არსებობდა თუ არა რეალურად იმის აუცილებლობა, რომ შსს-ს სპეცტექნიკის და ასეულობით სამართალდამცველის მობილიზება მოეხდინა, არ იყო 21 აპრილის მოვლენების თავიდან აცილება შესაძლებელი?

როდესაც მშენებლობას იწყებდა ინვესტორი და მან რამოდენიმეჯერ დაიწყო და ყოველთვის მოხდა შემოტევა, მშენებლობის დაწყებისთვის იქ სულ რაღაც რამდენიმე პიკაპით იყო პოლიცია მისული, რომ უბრალოდ ეს ვითარება დაეცვა. რომ დაიწყო თავდასხმა და რომ დაიწყო შემოტევა, მერე იძულებულნი გახდნენ, რომ განემუხტათ და დაეცვათ ეს ხალხი იქ შეეყვანათ პოლიციის დამატებითი ძალები.

მე უბრალოდ ერთი რამე მინდა რომ ყველამ კარგად გაიგოს, რომ საქართველოში პოლიცია არის აბსოლუტურად ყველგან თანაბარი უფლებამოსილებით აღჭურვილი და ნურავის ექნება იმის პრეტენზია, რომ რომელიმე კუთხეში პოლიციის მიერ კანონიერი უფლებამოსილების შესრულება რაღაც განსაკუთრებულ ნებართვას მოითხოვს თუ გინდაც ადგილობრივი მოსახლეობისაგან. ასე, რომ ძალიან გთხოვთ,  დისკრეციას ნუ შევუმცირებთ და ნუ შევუკვეცავთ, იმიტომ რომ ეს არაფრის კარგის მომტანი არ არის. პოლიცია შემოვიდა და ამიტომ მე მაქვს უფლება, რომ ქვა ვესროლო, ეგ არ არის ლოგიკა.

ბოლო პერიოდის განმავლობაში კულუარებში საკმაოდ ხშირად საუბრობენ, რომ შესაძლო თანამდებობა დატოვოთ. რატომ არის აქტუალური ეს თემა და უნდა ველოდოთ თუ არა მასშტაბურ საკადრო ცვლილებებს?

საერთოდ, ჭორები არის ჩვენი საზოგადოების ყოფიერების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ჩვენ რომ ჭორაობაზე არ ვხარჯავდეთ იმდენ დროს და უფრო მეტად პრაქტიკულ საქმიანობაზე ვიყოთ ორიენტირებული, ალბათ უკეთესი იქნება. ზოგადად, ყველა თანამდებობა არის დროებითი, როდესაც ინიშნები და როდესაც ამთავრებ. ამიტომ აქ საჭორაოც ბევრი არაფერია.

არჩევნების თემასაც შევეხოთ. მაგალითად, გავიხსენოთ საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც მმართველმა პარტიამ არც თუ ისე სახარბიელო შედეგი დადო. ხომ არ ფიქრობთ, რომ კომუნიკაციის არარსებობა მოსახლეობას და ხელისუფლებას შორის გამოწვევად რჩება?

კახეთი სწრაფად განვითარდა,  ეკონომიკურად ძალიან  წინ წასული რეგიონია და საერთოდ ეკონომიკურ წინსვლას მოჰყვება ხოლმე უფრო მეტი და მეტი მოთხოვნა. ამიტომ თვითონ ადგილობრივი თვითმმართველობაც, პარტიაც ვალდებულია უფრო მეტი კონტაქტი ჰქონდეს მოსახლეობასთან, ამ შედეგში ეს გზავნილიც იგულისხმებოდა და, რა თქმა უნდა, შესაბამისი დასკვნები გაკეთებულია და მუშაობა ამ მხრივ კიდევ უნდა გაფართოვდეს და გაძლიერდეს. აქ არაფერი განსაკუთრებული არ არის. ყველა არჩევნები გარკვეულწილად იმ  სოციალურ სარკეს წარმოადგენს, რომელშიც ხელისფლებამ უნდა ჩაიხედოს და თვალი გაუსწოროს.

წყალმომარაგება კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება. რატომ გაიწელა დროში 24 საათიანი წყალმომარაგების პროექტი და როდის მიიღებს კახეთის, თელავის მოსახლეობა 24 საათიან წყალმომარაგებას?

წყალმომარაგება დღეს გახდა ნომერ პირველი პრობლემა. ცხოვრების დონის მატებასთან ერთად, ახლა უკვე დღის წესრიგში სრული სიმწვავით დადგა ეს პრობლემა. ხელშეკრულება ფორმდება მშენებელ კომპანიასთან, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა და  წელიწადნახევარში უნდა დამთავრდეს მთელი თელავის საბოლოო რეაბილიტაცია და თელავი გახდება, როგორც თბილისი, იმ დონის წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი.

კახეთის ოთხ ქალაქში, 2014 წელს დაწყებული პროექტები გაიჭედა. ამ გაჭედვას ჰქონდა თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები, იმიტომ, რომ პროექტი არ იყო სწორად შეფასებული თავის დროზე. ამ წელს ეს პროექტები დამთავრდება. ჩვენ ერთი კვირის წინ გვქონდა თათბირი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან და ჩვენ უკვე საკითხს ვსვათ ესე, რომ კახეთში ეტაპობრივი გეგმა უნდა განხორციელდეს, რომ არამარტო მუნიციპალურ ცენტრებში, არამედ ყველა დასახლებულ პუნქტებში წყალმომარაგება გახდეს ხარისხიანი, 24 საათიანი და ეს უნდა ვიცოდეთ, რომ უკვე იქნება გადასახადთან დაკავშირებული.

უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტის პრეზენტაცია იმართება, თუნდაც ავიღოთ წყალმომარაგების პროექტი, რომლის დასრულებასაც ამდენი წელია ელის მოსახლეობა. ხომ არ ფიქრობთ, რომ ტყუილი დაპირებები აუცილებლად გამოიღებს შედეგს მომავალ არჩევნებზე?

მე ვთქვი, რომ ის ოთხი პროექტი, რომელიც ვერ განხორციელდა, წელს დამთავრდება. ამიტომ იმ პროექტებზე შედეგი გვექნება. თელავის პროექტს რაც შეეხება, ერთი ნაწილი დასრულებულია და ახლა ქვედა ნაწილის მშენებლობა დაიწყება.

რაც შეეხება მთლიანად კახეთის წყალმომარაგების სისტემის გამართვას, ამაზე ბევრი უკვე გაკეთებულია და დანარჩენიც გაკეთდება. ასეთი პრაქტიკა არ არსებობდა კახეთში და ზოგადად საქართველოში არ იყო, მარტო დიდ ქალაქებში იყო, ეტაპობრივად სახელმწიფო ყველგან ამ წყალმომარაგების სისტემას შექმნის და დახვეწავს, ეს ინჟინრულად არ არის მარტივი გადასაწყვეტი საქმე, ამას ცოტა სხვა დონის დაგეგმარება, სხვა დონის ფინანსები სჭირდება, მაგრამ ვიმეორებ, რომ კახეთისათვის წყალმომარაგება არის პრიორიტეტული და ნაბიჯ-ნაბიჯ ყოველწლიურად ყველა დაინახავს რომ წყალთან დაკავშირებული  საკითხები ნელ-ნელა გამოსწორების გზაზეა.

კახეთი ტურისტული კუთხით ერთ-ერთი მიმზიდველი და დიდი პოტენციალის მქონე რეგიონია. თუმცა რჩება შთაბეჭდილება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ სათანადოდ არ არის გაპიარებული. რა სიახლეებით ხვდებით ახალ ტურისტულ სეზონს, თუ ტარდება სარეკლამო კამპანიები, ტურისტების მოზიდვის მიზნით ღონისძიებები და ა.შ?

ტურისტული კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.  2020 წლიდან  დაიწყება თელავის რეაბილიტაციის მეორე ფაზის პროექტირება. ანუ თელავის აღდგენა-გალამაზების, ახალი ტურისტული მარშრუტების გამოყოფის პროექტი დაიწყება. ეს ძირითადად მოიცავს ისეთ ტერიტორიას, რაც ტურისტულად მიმზიდველია, უფრო ცენტრალურ, გვირაბის ქუჩას, აბანოს მხარეს, მეფის გალავნის გარშემო ტერიტორიები, კიდევ უფრო განვითარდება ყადორის ტერიტორია, თეატრი და მისი გარშემო ტერიტორიები. თელავის სივრცითი განვითარების გეგმა ეხლა დამტკიცდება მაისის თვეში საბოლოოდ და თელავის ქაოტური განვითარება არ მოხდება.

ამავდროულად, კაკაბეთი-ჭერემი, ჭერემი-ზეგაანის გზა  შენდება, რომელიც 30 კილომეტრს მოიცავს, ჩამოდის ველისციხემდე . ეს აბსოლუტურად ახალი მარშრუტი იქნება და უძველესი ისტორიული ჭერემი ტურისტებისთვის გაცოცხლდება.  ველისციხის სივრცითი დაგეგმარება დაიწყო ეხლა და ველისციხის, როგორც ერთ- ერთი  ძველი ურბანული დასახლების ტურისტული მიმზიდველობა გაიხსნება.

სიღნაღს, რომელიც ერთერთი ყველაზე მთავარი ტურისტული ცენტრია, მას განახლება სჭირდება. ჩვენ ახლა ვმუშაობთ, რომ  სიღნაღის განვითარების მეორე ფაზა დავიწყოთ.  სიღნაღი გადატვირთულია დღეს ტრანსპორტით. ფაქტობრივად, ავტოსადგომად არის ქცეული და ტურიზმისთვის სივრცე იზღუდება, ამიტომ  ჩვენ სიღნაღის განვითარების მეორე ეტაპს დავიწყებთ. წელს ალბათ დაიწყება სიღნაღის სივრცითი მოწყობის  გეგმის შემუშავება, რათა მომავალი წლიდან უკვე გვქონდეს გეგმა.

აქტიურად მიმდინარეობს ასევე ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა, უფრო და უფრო მეტი ინვესტიცია შემოდის კახეთში. 30 მაისს ჩვენ გვაქვს დაგეგმილი  საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი წინანდალში, კახეთის რეგიონის განვითარებისთვის, სადაც რა თქმა უნდა, განსაკუთრებული აქცენტი იქნება ტურიზმზე გაკეთებული. ვიმსჯელებთ ასევე მზის ენერგიის შესაძლებლობების გამოყენებაზე, განახლებად ენერგიებზე. ეს იქნება მაღალი დონის კონფერენცია, უცხოელი ინვესტორების, ბიზნესმენების, ქართველი ბიზნესმენების ჩართულობით. ჩამოვა პრემიერ მინისტრი.

ტურიზმის განვითარებისათვის ჩვენ კახეთმა პირველმა ჩამოვაყალიბეთ ,,დიემო,, ეს არის ტურიზმის დეპარტამენტის და მსოფლიო ბანკის რეკომენდაცია, ანუ ეს არის ტურიზმის დეპარტამენტის ანალოგი, ოღონდ ადგილზე.

ეს არის მუნიციპალიტეტების დაფუძნებული, რომელიც ბიზნესის, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამშრომლობის მოდელია. მთელს ევროპაში აპრობირებული სისტემაა, თუ როგორ უნდა შეიქმნას ადგილზე ბიზნესისთვის წამახალისებელი პროდუქტები და პირობები.

რაც შეეხება ორ სტრატეგიულ ობიექტს, თელავის აეროპორტსა და რკინიგზას. ხომ არ იგეგმება თელავის აეროპორტიდან შიდა ფრენების განხორციელება, ან რკინიგზის ფუნქციონირების აღდგენის საკითხი თუ განიხილება სამომავლოდ?

ტურისტული მიმზიდველობის გაზრდაზე ბევრს ვმუშაობთ და ვცდილობთ, რომ ამაში თელავის აეროპორტიც გამოვიყენოთ. მაგალითად,პირველი ტურისტული ნაკადი აეროპორტმა უკვე მიიღო. თვითმფრინავი დაფრინდა და ტურისტები ჩამოიყვანა თბილისიდან. ჩვენ გვინდა რომ ეს გეოგრაფია გავზარდოთ, შიდა ფრენები, ჩარტერები იყოს. პერსპექტივაში ვფიქრობთ, რომ შორი ქვეყნებიდანაც ჩარტერული რეისები მივიღოთ და ამაზე მუშაობა ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს.

რაც შეეხება რკინიგზას, რკინიგზა არის ძალიან ძვირადღირებული პროექტი, დაახლოებით შეიძლება 200 მილიონ დოლარზე ავიდეს რკინიგზის სრული რეაბილიტაცია. მივაღწიეთ იმას, რომ აზიის განვითარების ბანკი, რომელიც საქართველოს ერთ ერთი მსხვილი დონორია, იქნება ამ დიდ პროექტებში ჩართული. ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად მინიშნებული გვაქვს სწორედ რკინიგზის რეაბილიტაცია. მე მიმაჩნია, რომ რკინიგზამ უნდა გაზარდოს ძალიან მნიშვნელოვნად ტურისტული ნაკადი, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ფაქტობრივად ტურისტული ნაკადის შემოდინების  ძალიან ვიწრო საშუალება გვაქვს, ეს არის ან მიკროავტობუსი, ან ტაქსები ან ტურისტული კომპანიის მიერ დაქირავებული სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებები.

რკინიგზა ყველას გაუხსნის ძალიან ფართოდ კარებს, და მითუმეტეს  ევროპა ძალიან მიჩვეულია რკინიგზით მოგზაურობას.

მაწანწალა ძაღლების პრობლემა ერთ-ერთია იმ პრობლემებს შორის, რომელზეც მოსახლეობა ყველაზე ხშირად საუბრობს. როდის იგეგმება ძაღლების თავშესაფრის მშენებლობა და გადაჭრის თუ არა ხოლოდ ერთი თავშესაფარი კახეთის მასშტაბით არსებულ პრობლემას?

ძაღლთა თავშესაფარი ჩვენი მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი პრობლემური საკითხია. წელს დაპროექტება უკვე დასრულდება და მომავალ წელს ჩვენ უკვე ძაღლთა თავშესაფარი გვექნება.

ხშირად არის ხოლმე, რომ მოსახლეობა ფიქრობს, თუ რატომ იწელება რაღაც პროექტი. დიდი პროექტების  განხორციელება სქართველოში ხდება დონორის ფულით. იმიტომ რომ ჩვენი ბიუჯეტი არ არის იმხელა, რომ დიდი მრავალ ასეული მილიონის მქონე პროექტები განახორციელოს.  ეს ყველაფერი ხდება საერთაშორისო კანონებით. ძალიან დიდი კონტროლი არის, ძალიან დიდი ტენდერები ცხადდება, ამიტომ ყველა ის ნორმა, რომელიც საერთაშორისო კანონებით არის განსაზღვრული და ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობით, ამის დაცვით ხდება და ამ ფულის დამენეჯმენტებას მიაქვს ხოლმე ძალიან დიდი დრო.  გადაწყვეტილების მიღებიდან რაღაც პერიოდია საჭირო, რომ ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით მოხდეს ამ საკითხების გადაწყვეტა, რათა არ მივიღოთ ისეთი შედეგი, როდესაც კეთილი ზრახვით იწყება საქმე და მერე იჭედება…

ნათია ნანაშვილი

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...