ყველა სახელმწიფო უწყების პასუხი სააკაშვილის მიერ “ჩაშლილად” გამოცხადებულ პროექტებზე

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის  ჟურნალისტი აკაკი გოგიჩაიშვილი ოდესაში სტუმრად ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილთან იმყოფებოდა. საუბრის მთავარი თემა ის პროექტები იყო, რომელიც მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო, მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ მათი განხორციელება ვერ მოახერხა და ყველა პროექტი „ჩააგდო“.

ოდესის გუბერნატორს საქართველოს დიდი რუკა ჰქონდა გაშლილი და რეგიონების მიხედვით ნიშნავდა მის მიერ დაწყებულ და მისი თქმით ახალი ხელისუფლების მიერ განუხორციელებელ პროექტებს.

„აიპრესი“ იმ პროექტების ბედით დაინტერესდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა „ჩავარდნილად“ გამოაცხადა და ყველა იმ სახელმწიფო სტრუქტურას მივმართეთ, რომელსაც აღნიშნული პროექტების განხორციელება ეხებოდათ.

„წინანდალი რედისონი“ – მიხეილ სააკაშვილის მიერ ერთ -ერთი განუხორციელებლად გამოცხადებული პროექტია.

პასუხი „წინანადალი რედისონზე“ -„წინანდალი რედისონის" მშენებლობა 2012 წელს დაიწყო, რისთვისაც საპარტნიორო ფონდმა იმ ეტაპზე 2,3 მლნ აშშ დოლარის გამოუყო კომპანიას, თუმცა სასტუმროს მშენებლობა გარდა საპარტნიორო ფონდის მიერ გამოყოფილი დაფინანსებისა, მოითხოვდა მსხვილ 5 მლნ აშშ დოლარამდე ინვესტიციას კერძო პარტნიორის, შპს “წინანდლის მამულების” მხრიდან, რაც იმ ეტაპზე ვერ მოხერხდა. პარტნიორის მხრიდან მიღებულ იქნა გაადაწყვეტილება, და შესაბამისად სრულად იქნა დაფარული ფონდის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებები. 

პროექტის განხორცილების მიზნით, 2014 წელს პარტნიორმა საპარტნიორო ფონდთან მოლაპარაკებები განაახლა და გადაწყვიტა ხელშეკრულებაში გარკვეული ცვლილებების შეტანა, რათა პროექტი გამხდარიყო კომერციულად უფრო მიმზიდველი, ფონდის ინვესტიცია ყოფილიყო დაცული და შესაძლებელი გამხარიყო ბანკის დაფინანსების მოზიდვა. შესაბამისად 2016 წელს პროექტის ავტორებმა დაასრულეს პროექტის განახლებაზე მუშაობა, გაზარდეს სასტუმროს ზომა, გააფართოვეს ინფრასტრუქტურა, ახლებურად ჩამოაყალიბეს ფინანსური სტრუქტურა. 

შედეგად კომპანიასა და ფონდს შორის გაფორმდა პარტნიორთა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ფონდის მხრიდან მოხდება 10 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მლნ აშშ დოლარია. 

სასტუმროს გახსნა 2018 წლის დასაწყისში იგეგმება.

თბილისის გომბორთან დამაკავშირებელი გზა – მიხეილ სააკაშვილი: „აქ უნდა იყოს გვირაბი, გვირაბი ნიშნავს, რომ 40 წთ-ში თელავიდან ჩახვალ თბილისში. აქვეა უჯარმის ციხე, რომელიც ჩვენ დავიწყეთ და გააჩერეს“.

პასუხი თბილისი-გომბორის გზაზე: გომბორის გზა გაკეთდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში. მისი დაპროექტებისას ერთ-ერთ ვარიანტად განიხილებოდა გვირაბის მშენებლობაც, თუმცა გვირაბის მშენებლობა, კვლევების შედეგად, წინა ხელისუფლების პირობებშივე მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული და გაკეთდა გომბორის გზა ისეთი სახით, როგორიც ახლა არის. 

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ავტობანზე – “არამარტო დამთავრებული უნდა იყოს, არამედ უკვე წითელ ხიდთან უნდა იყოს მიყვანილი“ 2016 -ში მთავრდებოდა თბილისი-წითელი ხიდი და ბაქოდან გამოყავდათ ავტობანი. რუსთავში მოკლეს ავტობაზრობა, რომელიც დუბაიზე უკეთესი იქნებოდა“

პასუხი თბილისი-რუსთავის ავტობანზე: აღნიშნულ ავტობანს აკეთებს მუნიციპალური განვითარების ფონდი. რაც შეეხება წითელი ხიდამდე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობას, სამშენებლო სამუშაოების დაფინანსება არ ყოფილა მოპოვებული „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში. ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის დასრულება, რუსთავიდან-სადახლოს და რუსთავიდან-წითელი ხიდის გამშვებ პუნქტებამდე, დაგეგმილია 2020 წლისთვის.

მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთების და დეტალური პროექტირების მომზადებაზე. რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთის მშენებლობის დაწყება დაგეგმილია 2018 წლისთვის და დასრულება 2020 წლისთვის. მონაკვეთის სავარაუდო სიგრძე შეადგენს 35 კილომეტრს, ხოლო სავარაუდო ღირებულება შეადგენს 110 მილიონ აშშ დოლარს.

რაც შეეხება დაფინანსების წყაროს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან. პროცედურები განხორციელდება შემდეგი თანმიმდევრობით: ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შემდეგ მომზადდება დეტალური პროექტი, ბოლო ეტაპზე კი მოხდება ტენდერის გამოცხადება უშაუალოდ სამშენებლო სამუშაოებზე და დაიწყება სამშენებლო პროცესი (2018-2020 წწ) 

მიხეილ სააკაშვილი თეთრიწყაროზე – “სამი უმაგრესი ტბა, უამრავი ისტორიული ძეგლი და კანიონია. აქ უნდა მიგვეყვანა გზა“

პასუხი თეთრიწყაროზე: წინა ხელისუფლების პირობებში თეთრიწყაროში კანიონამდე გზის მიყვანა გზების დეპარტამენტში არ ყოფილა დაგეგმილი.

მიხეილ სააკაშვილი ახალციხე – გოდერძის გვირაბზე – უნდა გაკეთებულიყო სამთო-სათხილამურო გზა, რომელიც გავიდოდა ხულოზე, მწვანე ტბაზე… პროექტი გაჩერებულია…

პასუხი ახალციხე-გოდერძის გვირაბზე: აღნიშნულ მიმართულებაზე მომზადებული იყო შუახევი-ადიგენის გზის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტი, სადაც ერთ-ერთი ვარიანტი იყო დაახლოებით 10 კილომეტრიანი გვირაბის გაკეთება. აღნიშნული პროექტი დაკავშირებული იყო კოლოსალურ თანხებთან. 2012 წლის სექტემბრში, მთავრობის განკარგულებით, გადაწყვეტილი იყო გაკეთებულიყო არსებული გზის საპროექტო დოკუმენტაცია და რეაბილიტაცია, თუმცა მაშინ დაფინანსების წყაროები ვერ იქნა მოძიებული.

ამ დროისათვის, მიმდინარეობს ხულო-ზარზმის 47 კილომეტრიანი მონაკვეთის საპროექტო დოკუმენტაციის განახლება. უშუალოდ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაგეგმილია 2017-2018 წლებში.

მიხეილ სააკაშვილი რაჭა-ლეჩხუმზე: არ გაკეთდა რაჭა-ლეჩხუმი – ლენტეხის შემაერთებელი გვირაბი, რომლითაც ავდივართ თეთნულდთან. არ გააკეთეს მესტია-უშგულის გზა, ურომლისოდაც თეთნულდს აზრი არა აქვს.

პასუხი რაჭა-ლეჩხუმზე: ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში, აღნიშნული მიმართულებით, საპროექტო სამუშაოები არ განხორციელებულა. ახალი ხელისუფლების პირობებში, დაგეგმილია ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის და გვირაბის (38 კმ) მშენებლობა. მიმნდინარე წელს დაიწყება მისი დეტალური პროექტირება. გვირაბის სავარაუდო სიგრძე 6 კილომეტრია. სავარაუდო ღირებულება 200 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2020 წლისთვის. ამ დროისთვის, მიმდინარეობს დეტალური პროექტირების სატენდერო პროცედურები.

მიხეილ სააკაშვილი ლაჩხუთზე – „უნდა გაკეთებულიყო შემოვლითი გზა ბათუმთან, რომელიც აღარც ახსოვთ..“

პასუხი ლანჩხუთზე: სამტრედია-გრიგოლოეთის სამ ლოტზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, ხოლო მე-3 ლოტზე – სატენდერო პროცედურები. ბათუმის შემოვლით გზაზე მიმდინარეობს განსახლების პროცედურები. შესაბამისად არცერთი პროექტი ამ მიმართულებით არ შეჩერებულა.

მიხეილ სააკაშვილი: გაჩერებულია თბილისის შემოვლითი გზა, რომელიც მთლიანად კლავდა საცობებს.

პასუხი თბილისის შემოვლით გზაზე: ამ დროისთვის, დაგეგმილია თბილისის შემოვლითი ავტობანის, სრულიად ახალი გზის მშენებლობა, რომელიც 2020 წელს დასრულდება. ამ მიმართულებაზე, მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები.

აღნიშნული პროექტი განსხვავდება ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროინდელი იდეისგან, რომლის (აღნიშნული გზის) პროექტიც კი არ არსებობდა.

სააკაშვილის იდეა იყო, რომ რკინიგზა გადატანილიყო შემოვლითი გზის მიმართულებით, რომელსაც ქალაქში მოძრაობა უნდა განეტვირთა. 

ახალი პროექტით კი ამ გზის მშენებლობით შეიქმნება ერთგავრი სატრანზიტო დერეფანი. ახალი გზა განტვირთავს ქალაქს სატრანზიტო მოძრაობისაგან რაც მნიშნვნელოვანია, როგორც თბილისის მცხოვრებლებისთვის, ისე სატრანზიტო გადამზიდავებისთვის.

მიხეილ სააკაშვილი: აბასთუმანი-საირმის გზის მშენებლობა გააჩერეს.

პასუხი აბასთუმანი-საირმის გზის მშენებლობაზე: წინა ხელისუფლების დროს არ არსებობდა მსგავსი პროექტი. შესაბამისად ის ვერც შეჩერდებოდა. ამ დროისათვის, მიმდინარეობს დეტალური პროექტირების სატენდერო პროცედურები. დაგეგმილია, ბაღდათი – აბასთუმნის 60 კილომეტრიანი გზის მშენებლობა.

მიხეილ სააკაშვილი გურჯაანი-ახტალაზე: „კურორტი ახტალა , არა მხოლოდ დაგეგმილი იყო, ინვესტორი იყო, მშენებლობა დაწყებული იყო, სასტუმროების აუზების , გამაჯანსაღებელი წყლების…. ჩვენ დავიწყეთ, ამათ გააჩერეს“

პასუხი გურჯანი-ახტალაზე: დაიწყო წინა ხელისუფლების პირობებში, პროექტები ნაჩქარევად იყო გაკეთებული (ესკიზის დონეზე, არ იყო გაწერილი დეტალები), შესაბამისად დასჭირდა კორექტირება. სამუშაოები დაიწყო – 2012 წლის ივლისში და დასრულდა 2013 წლის აგვისტოში. პროექტის ფარგლებში გაკეთდა : პარკი, ველო -ბილიკები, სათამაშო მოედნები. პროექტით გათვალისწინებული ყველა სამუშაო შესრულდა.

მიხეილ სააკაშვილი თელავზე: “ თელავში ინტურისტი უნდა აშენებულიყო – „შემოდიოდა ჰოლანდიური Golden Tulip , 2013 ში უნდა გახსნილიყო”

პასუხი თელავზე: თელავის ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო წინა ხელისუფლების პირობებში, რაც იყო დაგეგმილი ფონდმა ყველა პროექტი მიიყვანა ბოლომდე. პროექტები ნაჩქარევად იყო გაკეთებული, შესაბამისად დასჭირდა კორექტირება. პროექტით გათვალისწინებული ყველა სამუშაო შესრულდა.

მიხეილ სააკაშვილი იყალთოზე: „იყალთოში უნდა გავაკეთოთ აკადემია, რომელიც იქნება მსოფლიო მეღვინეობის ცენტრი“

პასუხი იყალთოზე: აღნიშნული პროექტის განხორციელება დაიგეგმა და დაიწყო ახალი ხელისუფლების პირობებში. იყალთოს ქვევრის სკოლა-სახელოსნოს მშენებლობა დაიწყო 2015 წლის სექტემბერში და მთავრდება მიმდინარე წლის ბოლოს.

მიხეილ სააკაშვილი თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე: „თბილისი-რუსთავის ავტობანი არა მხოლოდ დასრულებული უნდა იყოს, არამედ წითელ ხიდზე უნდა ვიყოთ მისული, 2016 წელს მთავრდებოდა თბილისი-წითელი ხიდი…

პასუხი თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე: წინა ხელისუფლებამ თბილისი-რუსთავის გზის მშენებლობა გახსნა (2012 წელს) მაშინ როდესაც, გამარჯვებული კომპანიაც არ იყო გამოვლენილი, შესაბამისად სამშენებლო სამუშაოები იყო იმიტირებული.

ასურეთი: „ასურეთში გვქონდა დაწყებული, სოფელი ასურეთი არის სოფელი სადაც არის ყველაზე მაგარი გერმანული ყოფილი სოფელი, როგორც კი ასურეთს გავაკეთებთ 100- ით ათასი გერმანელი ჩამოვა ყოველ წელს „

ფონდმა დავალება 2015 წლის ნოემბერში მიიღო. მიმდინარეობს სახლების და გერმანული ეკლესიის რესტავრირების პროექტირება. ქუჩების დაგება, ღობეების რეაბილიტაცია, წყალგაყვანილობის სამუშაოები უკვე დაწყებულია.

მიხეილ სააკაშვილი აბასთუმანზე: -„ახალციხიდან მოვდივართ აბასთუმანზე, აბასთუმანში ჩვენ ვაკეთებდით სიღნაღიზაციას, ვაშენებდით რამდენიმე მაგარ სასტუმროს, მთლიანად ვცვლიდით სახლების ფასადებს, ვაკეთებდით ძაან მაგარ წყალგაყვანილობას, კანალიზაციაც, ვაკეთებდით აქეთ-იქით გადასახვევ გზებს ძალიან მაგარს, ობსერვატორიას ვქმნიდით ძაან მაგარ ტურისტულ ცენტრად. მთლიანად აბასთუმნის პროექტი ამათ გააჩერეს და მოკლეს. ამ გზით აბასთუმანი-საირმე ხდება ერთი კომპლექსი, ეს გზაც გააჩერეს.“

პასუხი აბასთუმანზე: წინა ხელისუფლების დროს, ფონდში მსგავსი პროექტი ან დავალება არ შესულა. დაიწყო 2015 წლიდან. ამჟამად მიმდინარეობს აბასთუმნის ობსერვატორიის და სახლების რეაბილიტაციის პროეტირების სამუშაოები.

2012 წლის 13 თებერვალს შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ შპს ‘’მშენ პროექტთან’ გააფორმა ხელშეკრულება კურორტ აბასთუმნის წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით, თუმცა კომპანიის საპროექტო დეპარტამენტმა კურორტ აბასთუმნის წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაციის პროექტში აღმოაჩინა მნიშვნელოვანი შეუსაბამობა. კერძოდ, პროექტში მოცემული გამანაწილებელი ქსელის მნიშვნელოვანი ნაწილი არ შეესაბამებოდა რეალურად არსებულ ვითარებას, რის გამოც შეუძლებელი იყო დასახლების სრულყოფილი წყალმომარაგება. (პროექტით არ იყო გათვალისწინებული „აღობილის“ დასახლებისა და დასასვენებელი კომპლექსის წყალმომარაგება, არ იყო შესწავლილი აბასთუმნის წყალმომარაგების სათავე ნაგებობაზე წყლის პარამეტრები, არ იყო დაანგარიშებული თუ რამდენად შეესაბამებოდა ტექნოლოგია არსებულ რეალობას. პროექტში არ ჩანდა გამწმენდი ნაგებობის ტერიტორიის გეგმა.)

აღნიშნული ტექნიკური პრობლემებიდან გამომდინარე პროექტი ვერ მომზადდა სატენდეროდ. არსებული პროექტის განხორციელების შემთხვევაში აბასთუმნის წყალმომარაგება ვერ გაუმჯობესდებოდა და თანხა დაიხარჯებოდა უშედეგოდ. 

შესაბამისმა დეპარტამენტებმა ხელახლა შეისწავლეს არსებული მდგომარეობა და მოამზადეს ახალი პროექტი, სადაც გათვალისწინებულია ყველა ის პარამეტრი, რომელიც უზრუნველყოფს შედეგიანი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას. 

2016 წელს კომპანიამ გამოაცხადა ზემოაღნიშნული ტენდერი. პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები დონორ ორგანიზაციებთან, რათა მოხდეს მშენებლობისთვის საჭირო თანხების მოძიება.

მიხეილ სააკაშვილი წყალტუბოზე: გააკეთეს მეხუთედი, რაც უნდა გაეკეთებინათ. უნდა გაკეთებულიყო იგივე რაც ბადენ-ბადენშია. ვაშენებდით რამოდენიმე სასტუმროს…

პასუხი წყალტუბოზე: პროექტები მომზადდა 2012 წლამდე, იყო გაკეთებული ნაჩქარევად, ფონდმა მშენებლობის განხორციელების დავალება მიიღო 2012 წელს, მაგრამ ნაჩქარევად, ესკიზების დონეზე გაკეთებული პროექტების მიხედვით მშენებლობა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ძველი პროექტის მიხედვით, სანიაღვრე ქსელები ისე იყო მოწყობილი, რომ იქმნებოდა რეალური საფრთხე წყალტუბოს ბუნებრივი სამკურნალო წყლების წყაროებისთვის. ამიტომ პროექტი გზადაგზა სწორდებოდა, პროექტით გათვალისწინებული ყველა სამუშაო შესრულდა.
 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...