ყველა ოჯახის ექიმი და მინისტრი, რომელსაც კაბინეტზე აბრა არ ჰქონდა – ინტერვიუ ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატ ზაალ მიქელაძესთან

ქობულეთის რაიონში მას “ზალიკო ექიმის“ სახელით იცნობენ. ამომრჩევლები ოფიციალური “ბატონობით” არ მიმართავენ და ისე ხვდებიან, როგორც ოჯახის ექიმს. ამ ყველაფერს თავისი დიდი ხნის ისტორია აქვს.

ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზაალ მიქელაძე, წლების მანძილზე ყველა ქობულეთელის ოჯახის ექიმი იყო და თავისი პროფესიული „კარდაკარი“ ჯერ კიდევ 90-იან წლებში აქვს ჩატარებული, როდესაც უძრაობის და უტრანსპორტობის ეპოქაში, სოფლებში ფეხით დადიოდა პაციენტებთან…

“არასდროს  ვიფიქრებდი, რომ ამ რანგში მომიწევდა ჩემს მოქალაქეებთან, ჩემს ხალხთან ურთიერთობა. რომ გადავხედე რა არის მაჟორიტარობა, გამოდის მე ყოველთვის ვიყავი ჩემი ხალხის მაჟორიტარი, იმიტომ რომ  მათ გვერდით ვიყავი  ყველაზე რთულ პერიოდში, 90-იან წლებში ” – აცხადებს “აიპრესთან“ ინტერვიუში ზაალ მიქელაძე.

ზაალ მიქელაძე: ჩვენი, ანუ ჩემი და ქობულეთის რაიონის მოსახლეობის ურთიერთობა მრავალ ათეულ წელს და ხანგრძლივ სიყვარულს ითვლის. ყველა ოჯახთან, ყველა ბავშვთან მქონდა ურთიერთობა. მაშინ, იმ რთულ დროს,  ძლივს იშოვებოდა მედიკამენტები, ან თუ იშოვებოდა, ოჯახებს საშუალება არ ჰქონდათ შეეძინათ.

იმ პერიოდში,  სახელმწიფო პროგრამები არ იყო ათმაგი ჯდებოდა ყველაფერი. კლინიკაში უბრალოდ ვერ გადაგვყავდა პაციენტები, სჯობდა სახლში გაგვეკეთებინა რაც საჭირო იყო. იყო პერიოდი, მე თვითონაც არ მყავდა საკუთარი ტრანსპორტი და რომელიმე ახლობელის ტრანსპორტით მიხდებოდა შუაღამით სოფლებში სიარული. ჩემი მთავარი პაციენტები მაშინ ბავშვები იყვნენ.

შედგენილი მქონდა გრაფიკი და ისე ვუკეთებდი მობილიზაციას ბავშვებთან მისვლას. წარმოიდგინეთ,  5-6 წლის ბავშვები იყვნენ აუცრელები და გვიხდებოდა მშობლების დარწმუნება აცრის საჭიროებაში და მერე აცრა. ასე გაგრძელდა ბევრი წელი, კარდაკარ და სოფელ-სოფელ…

გავიდა რაღაც პერიოდი და რამდენიმე წლის შემდეგ,  ისევ ავდივარ სოფელში, ოღონდ სულ სხვა მისიით და ისინი უკვე დიდი ემოციით მხვდებიან, ყველაფერი დეტალურად ახსოვთ. ყველაზე რთულ სიტუაციაში როგორც შემეძლო ისე ვეხმარებოდი როგორც ექიმი და ამისთვის მივიღე ყველაზე დიდი რამ – მადლიერების გრძნობა  ჩემს მიმართ… ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს, არ ვიცი!

გაცილებით მარტივია ადამიანებს ყურადღება მიაქციო ექიმის ამპლუაში, ვიდრე მინისტრის პოსტიდან. მინისტრს არ აქვს იმდენი დრო,  რომ ადამიანებთან პირდაპირი და უშუალო ურთიერთობა ჰქონდეს. თქვენ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყავით აჭარის ჯანდაცვის მინისტრი. ამ პერიოდში როგორ გაგრძელდა თქვენი ურთიერთობა? ადამიანებს ძალიან მარტივად   სწყინთ ხოლმე უყურადღებობა და იმახსოვრებენ ამ ყველაფერს.

ძალიან ძნელია  თქვა,  რომელი რანგიდან უფრო ადვილია ადამიანებთან ურთიერთობა. ვიტყოდი, რომ უფრო რთული ექიმისთვისაა ადამიანებთან ურთიერთობა, იმიტომ რომ აქ სულ სახვა პასუხისმგებლობაა, რომელიც გადის სიცოცხლესა და სიკვდილის ზღვარზე. ამიტომ, ვერ ვიტყვი რომელი უფრო ადვილი იყო. თუმცა, როდესაც 4 წლის წინ  მინისტრის პორტფელი შემომთავაზეს, პირველ ეტაპზე, არ დაგიმალათ და ჩემი უარი სწორედ ამ ნაწილს ეხებოდა. სწორედ ადამიანებთან უშუალო კონტაქტის დაკარგვა არ მინდოდა, და მეგონა რომ მინისტრობა ამაში შემიშლიდა ხელს, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ არა აქვს მნიშვნელობა რა აწერია კარს, რომელშიც შედიხარ, თუ სურვილი გაქვს ამ ურთიერთობის და საქმის კეთების, ამაში არაფერი შეგიშლის ხელს.

მედიას დაამახსოვრდით, როგორც მინისტრი, რომელიც ყოველთვის პირადად პასუხობდა ტელეფონს, ანუ, შესაძლებელი ყოფილა თურმე ასეთი უშუალო კომუნიკაცია ყველასთვის…

თავისუფალ დროს არასდროს გამითიშავს ტელეფონი. ყველას ვპასუხობდი, მე არ მქონდა მთელი ამ 4 წლის განმავლობაში არანაირი მიღების დღე, ან მიღების საათი, სადაც ვიყავი ყველასთვის ვიყავი ხელმისაწვდომი. ამას ნებისმიერი მოქალაქე დაადასტურებს, რომელიც მოდიოდა სამინისტროში.  ამაზე მადლიერი საქმე არ არსებობს. თუნდაც ჯანდაცვის თემა არ ყოფილიყო, არ ჩამითვლია რომ ეს ჩემი საქმე არ არის,  ვთლი, რომ როდესაც ადამიანი შენს კარებამდე მოვიდა, მისი პრობლემა უკვე შენი საქმეა. შესაბამისი უწყებებიც მომყვებოდნენ, რა თქმა უნდა და ამისთვის დიდი მადლობა მათ.

თქვენს კაბინეტს არ ჰქონდა აბრა, რატომ არ ეწერა მინისტრის კაბინეტს სახელი, გვარი და რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?

იმიტომ რომ, პირველ რიგში არცერთი პოზიცია არ არის მუდმივი, ის გარკვეული თანხა ჯდება და სახელ გვარის გამო ამ ხარჯის გაღება არ ღირდა. მეორე – სიტყვა მინისტრი რატომღაც, ტრადიციულად დისტანცირებასთან არის დაკავშირებული და არ მინდოდა ადამიანებს ასე აღვექვი.

არცერთი პოზიცია არ არის მუდმივი. კარებს რა აწერია, არ აქვს მნიშვნელობა ეს მინდოდა ეგრძნო ჩემს ხალხს. არც აბრა მქონია გაკრული და არც მიღების საათები. როცა კაბინეტში ვიყავი, ყველასთვის მიღების საათი მქონდა…

რა იყო ის რეფორმა რომლითაც შეგიძლიათ მინისტრობის პერიოდი ყოველთვის  სიამაყით გაიხსენოთ და იყო თუ არა ისეთი  საკითხი, რომლის გაკეთება თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხერხდა?

საარჩევნო პერიოდში, ყოველთვის გაბედულად ვამბობ, რომ ჯანდაცვის მიმართულებით ერთი მოქალაქის, ზაალ მიქელაძის ოცნება ახდა, როდესაც ორი უძლიერესი პროგრამა  _ ცე ჰეპატიტის და  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დაიწყო სახელმწიფომ. მთელი ცხოვრება მხოლოდ ფონეიდოსკოპით  ვახერხებდი სიკეთის მიტანას ადამიანებამდე.  ადრე, თუ ვინმე რეანიმაციაში დატოვებდა ოჯახის წევრს, მიდიოდა მთელ სანათესაოში ფულის შეგროვება, მხოლოდ ერთი ან ორი ღამის ღირებულება რომ გადაეხადათ. ახლა  უცებ ეს ყველაფერი მოტრიალდა ადამიანების სასიკეთოდ. მოგვეცა საშუალება, ყოველგვარი შეზღუდვისა და ხარვეზის გარეშე,  როგორც გეგმიური ასევე გადაუდებელი მომსახურება მაქსიმალურად მიგვეწოდებინა. მოგვეცა საშუალება, ათწლეულების დაგროვილი პრობლემები გადაწყვეტილიყო.

თუმცა, საყოველთაო ჯანდაცვაში იყო გამონაკლისები, მთელი რიგი მიმართულებებით, რაც სახელმწიფომ ვერ აიღო თავის თავზე , მაგრამ აჭარის მთავრობის თავჯდომარებმა, თავმჯდომარეებს იმიტომ ვამბობ რომ პირველი ეტაპი, ორი წელი გავიარე ბატონ ზურაბ პატარიძესან ერთად, მეორე ეტაპი ბატონ თორნიკე რეჟვაძესთან ერთად, ყველაფერი გააკეთეს, რაც შეიძლებოდა. პირდაპირი მნიშვნელობით გამიმართლა, გაუმართლა ააჭარასაც, იმიტომ რომ ნებისმიერ იდეაზე, წინადადებაზე, რომელიც შეიძლებოდა გადაქცეულიყო პროგამად, პრაქტიკულად უარი არ მიმიღია.

თუმცა, საყოველთაო ჯანდაცვაში იყო გამონაკლისები, ყველაფერი ვერ ფინანსდება 100%-ით, მაგრამ ჩემი თხოვნა ამ მიმართულებით  წარმატებით გადაწყდა. ამჯერად, ჯამში აჭარში წლიური ლიმიტი გამოდის 43 ათასი. 40-მდე პროგრამა შევიმუშავეთ, რომელიც მძიმე ჯგუფის ადამიანებს ეხება. იმათ თვალებში დანახული მადლიერება ღირდა ამ რესურსის გამოყოფად. ბოლო პროგრამა, რაც ასევე ძალიან  მნიშვნელოვანია, მცირე კონტიგენტს ეხება- ეს არის სახელმწიფოს  აღზრდაში მყოფი ბავშვები, 18 წლისები ასრულებდნენ ამ პროგრამაში ყოფნას , ჩვენ გავბედეთ და ეს ვადა გავუზარდეთ 23 წლამდე. ვამაყობთ იმ სოციალური პროგრამებით, რომლითაც უკვე  რამდენიმე ათას მოქალაქეს გავუწიეთ დახმარება.

საკმაოდ რთული სოციალური მდგომარეობაა ზოგადად ქვეყანაში, გამონაკლისი ცხადია არც ქობულეთის რაიონია. ძირითადად რა საკითხების მოგვარებას გთხოვენ ამომრჩევლები, რომლებთანაც ყოველდღიურ რეჟიმში გაქვთ შეხვედრები?

ყველაზე რთული და გლობალური პრობლემა, რა თქმა უნდა, არის დასაქმება. ამ პრობლემამ პანდემიის ფონზე კიდევ უფრო მწვავედ იჩინა თავი და რომ გითხრათ რამე განსაკუთრებული რეცეპტი იქნება ცალკე ქობულთისთვის, ეს შეუძლებელია, იმიტომ რომ  ეს პრობლემა გლობალურად უნდა  დაიძლიოს.

ჩვენთან, მოქალაქეთა საკმაოდ დიდი ნაწილი ტურიზმით იყო დაკავებული და ასევე მეზობელ ქვეყანაში სეზონური სამუშაოებით, ამიტომ ამ ნაწილს ყველაზე მეტად გაურთულა ყოფა პანდემიამ. თუმცა, ვფიქრობ გადაილახება მთელ მსოფლიოში ეს პრობლემა. ვისწავლით ამ ვირუსთან თანაცხოვრებას და ალბათ მიეცემათ საშუალება ადამიანებს თუნდაც ამ მიმართულებით გააქტიურდნენ.

მეორე, ყველაზე დიდი პრობლემა  არის წყალი, იმიტომ რომ სოფლების დიდ ნაწილს მიეწოდება  გრაფიკით ან შეზღუდვით. ამ ნაწილში,  საქართველოს მთავრობამ, აჭარის მთავრობასთან ერთად, გერმანიის მთავრობის დახმარებით, შემოგვთავაზა დაახლოებით 200 მილიონი ლარის  ღირებულების პროექტი, რომელიც მოკლე ვადაში  ამოქმედდება.

 რა არის თქვენი პროგნოზი, რას ელოდებით არჩევნებისგან, ქობულეთს ვგულისხმობ.

ამ ხნის განმავლობაში, შევძელი პრაქტიკულად არა მხოლოდ  ყველა სოფელში  არამედ უბანში შესვლაც კი. ძირითადი განწყობით შეიძლება ვთქვა, რომ ვერანაირ რისკებს ვერ ვხედავ.

მითუმეტეს როდესაც ტანდეmში ხარ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატთან ცოტნე ანანიძესთან ერთად, რომელიც მიუხედვა ახალგაზრდა ასაკისა, საკმაოდ გამოცდილი პროფესიონალია. მითუმეტეს ადამიანებმა ძალიან კარგად იციან, წინა ხელისუფლების დროს რაც  გადაიტანა. ყველაზე მეტად საამაყო ის არის რომ ,მიუხედავად იმ ტკივილისა, რაც იმ პერიოდში განიცადა, გისოსებს მიღმა გატარებული წლების მიუხედავად, ის არ გაბოროტებულა და პრაქტიკულად, ყველაზე მაგარ უფლებადამცველად ჩამოყალიბდა. ა მასთან ერთად განვლილმა წინასაარჩევნო პერიოდმა, კიდევ უფრო ღრმად დამანახა ის პრობლემები, რაც უკავშირდება ამ ადამიანების სხვადასხვა მიმართულებით გამოწვევებს: გენდერული თანასწორობა, რელიგიური, თუნდაც სხვადასხვა ქეისებთან დაკავშირებით მისი დამოკიდებულება და რაც მთავარია, ადამიანებმა ძალიან კარგად იციან ეს ისტორია და ვერ წარმომედგინა ისე ძალიან ადეკვატურად აფასებენ მის ამ განვლილ ცხოვრებას.

კარგად ესმით ადამიანებს „ქართული ოცნების“ დამსახურება. როგორც არ უნდა ილაპარაკონ სხვა პოლიტიკურმა ძალებმა, თითქოს აჭარაში რაღაც უკეთებიათ,  ქობულეთში 2012 წლამდე, 4 საბავშვო ბაღი იყო და დღეს, ყველა სოფელში, ყოველი ბავშვი არის ბაღის აღსაზრდელი.

ყველაზე მთავარი –  2003-2004 წლიდან მესმოდა გაზის შემოყვანაზე საუბარი, თუმცა ისე მივედით 2012 წლამდე, სოფლებში კი არა, ქალაქში არ იყო გაზი შემოყვანილი. დღეს პრაქტიკულად 90%-ს აქვს გაზი. სულ  რამდენიმე სოფელია, სადაც ახლა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.

ასევე, იმ პერიოდში როდესაც ექიმი ვიყავი, სოფლების ცენტრის შემდეგ, ფეხით მიწევდა გავლა, რადგან გზები მოუწესრიგებელი იყო .ახლა, არამარტო სოფლის გზები რამედ სოფლის შემაერთებელი ყველა გზა დასრულებულია. რა თქმა უნდა, რჩება შიდა ჩიხები, რომელთა უმეტესი ნაწილის შეკეთება მიმდინარეობს.

ეს არის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა, ერთდროულად ვერ მოასწრებდა მუნციპალიტეტი ყველაფრის გაკეთებას, ვარწმუნებ ჩვენს მოსახლეობას მეზობლებთან ოთახის ჩუსტებით დაიწყებენ ალბათ მალე სიარულს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად