თსუ-ს ყოფილი რექტორი აუდიტის სკანდალურ დასკვნაზე: რა შემოსავალი მიიღო რექტორმა? არანაირი!

2014 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა რექტორისგან მისივე წიგნი 24 ათას ლარად შეიძინა. ვლადიმერ პაპავას ავტორობით გამოცემული წიგნის რამდენიმე ეგზემპლარში თსუ-მ 23.829 ათასი ლარი გადაიხადა.

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, შესყიდვის დროს გამოვლენილია რექტორის ინტერესთა კონფლიქტი, რადგან წიგნის მიმწოდებელი შემსყიდველი და ინიციატორი ერთი და იგივე პირი იყო.

აღნიშნულს კატეგორიულად არ ეთანხმება თსუ-ს ყოფილი რექტორი ლადო პაპავა.

“ხელშეკრულებით, რომლითაც ჩემი წიგნები გამოვიდა, წერია, რომ ავტორის ჰონორარის ფასი არის 20%, ხოლო თუ ავტორი ყიდულობს უშუალოდ გამომცემლობიდან, ეს 20% უკვე აკლდება წიგნის ფასს. ანუ 20% არის ფასდაკლება, თუ ავტორმა თვითონ შეისყიდა, ჰონორარს არ იღებს. ამას დაემატა ის, რომ, რადგან სხვადასხვა წიგნები იქნა შესყიდული შესაბამისი რაოდენობით, გამომცემლობა წავიდა შეღავათზე და წიგნები შესყიდული იქნა 40%-იანი ფასდაკლებით. რა შემოსავალი მიიღო რექტორმა? არანაირი! კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ- ეს რომ განხორციელებულიყო უშუალოდ რომელიმე უნივერსიტეტის მიერ და არა ავტორის მონაწილეობით, მაშინ ავტორი მიიღებდა ყოველი გაყიდული წიგნიდან 20% ჰონორარს, რაც ამ შემთხვევაში, მე არ მიმიღია. ასევე დაფიქსირებულია, თითქოს ზემოქმედება განვახორციელე კანცლერზე, რაც სამართლებრივად შეუძლებელია. კანცლერს რექტორი არ ნიშნავს და არც ათავისუფლებს”- განაცხადა თსუ-ს ყოფილმა რექტორმა, ლადო პაპავამ “ტვ პირველთან” საუბრისას.

აუდიტის დასკვნის მიხედვით: თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებებით 53, თსუ-ის რექტორს საქვეანგარიშოდ გამოეყო ჯამურად 13538.32 აშშ დოლარის ეკვივალენტი 23829.13 ლარი, მისი ავტორობით აშშ-ში გამოცემული წიგნების (54) კომპანია Nova science publishers-გან შესაძენად.

ბრძანებების მიხედვით, წიგნების შეძენის მიზანს წარმოადგენდა თსუ-ის სახელით მათი გავრცელება, სასაჩუქრედ და თსუ- ის ბიბლიოთეკაში განთავსება. წიგნების შეძენა განხორციელდა რექტორის ინიციატივით, რომელიც ამ ინიციატივის თაობაზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელისადმი წერილობით მიმართვებში მიუთითებს, რომ თუ წიგნები შეძენილი იქნება უშუალოდ ავტორის მიერ, შესაძლებელია ფასდაკლება და აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიაჩნდა, რომ წიგნები შეძენილი ყოფილიყო პირადად მის მიერ. ზემოაღნიშნული თანხა ჩაირიცხა რექტორის პირად ანგარიშზე. მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით აღნიშნული წიგნები შეძენის შემდგომ გადაეცა თსუ-ს. ზემოაღნიშნული შესყიდვები განხორციელდა კანონმდებლობის დარღვევით,

კერძოდ: შესყიდვების განხორციელების პროცესში მიმწოდებელი იყო ფიზიკური პირი (რექტორი) და არა კომპანია Nova science publishers (ამ კომპანიასთან თსუ-ს სამართლებრივი ურთიერთობა არ გააჩნდა). ამასთანავე, შესყიდვა განხორციელდა ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადების გარეშე, რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას.55 – შესყიდვების განხორციელებისას წარმოიშვა კანონმდებლობით განსაზღვრული ინტერესთა კონფლიქტი, 56 რადგან მიმწოდებელი ამავდროულად წარმოადგენდა შემსყიდველს (თსუ-ს რექტორს) და მოცემული შესყიდვის ინიციატორს. ამასთანავე, შესყიდვაზე პასუხისმგებელ ფიზიკურ პირს (თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი) და მიმწოდებელს (რექტორს) შორის არსებობდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრული ურთიერთობები (როგორც ურთიერთდამოკიდებული პირები). შესაბამისად, უნდა შეწყვეტილიყო მონაწილეობა შესყიდვის განხორციელებაში. – თსუ-ის რექტორმა ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე მიწერილი ზემოაღნიშნული წერილებით მოახდინა ზეგავლენა, რითაც დაარღვია კანონმდებლობის მოთხოვნა, რომლის მიხედვით, დაუშვებელია პრეტენდენტმა ან მიმწოდებელმა სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ პირზე პირდაპირ ან არაპირდაპირ მოახდინოს ზეგავლენა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამისობის აუდიტი. როგორც შესწავლილი მასალებიდან ირკვევა, არაერთი დარღვევა დაფიქსირდა.

აუდიტმა მოიცვა 2014 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდი. გარდამავალ და წინა აუდიტით გამოვლენილ რისკის შემცველ თემებთან დაკავშირებით შესწავლილი იქნა აგრეთვე სხვა პერიოდის ცალკეული შესყიდვებიც.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად