ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა დამატებითი სამხედრო ძალები საზღვრიდან გაიყვანეს

ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა სახელმწიფო საზღვართან მობილიზებული დამატებითი ძალები დააბრუნეს საკუთარი ტერიტორიების სიღრმეში. საზღვარზე სტაბილური ვითარებაა და ყირგიზეთის და ტაჯიკეთის თავდაცვის სამინისტროების ოფიცერთა ერთობლივი კომისია აგრძელებს დაკვირვებას იმ ტერიტორიაზე, სადაც გასულ დღეებში დამატებითი სამხედრო ძალა იყო თავმოყრილი.

ყირგიზეთის ოფიციალური მონაცემებით, 28-29 აპრილს, ორი რესპუბლიკის საზღვარზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად დაიღუპა ყირგიზეთის 35 მოქალაქე, მათ შორის 3 სამხედრო. ტაჯიკეთის ხელისუფლებას დაღუპულთა შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

ყირგიზეთის მთავრობის მონაცემებით, ორდღიანი კონფლიქტის შედეგად ბატკენის ოლქის სოფლებში დამწვარია 78 სახლი, 8 მაღაზია, 2 სკოლა, საბავშვო ბაღი, სამედიცინო პუნქტი და პოლიციის შენობა.

ორი ქვეყნის საზღვარზე, ბატკენის რაიონში შეიარაღებული კონფლიქტი 28 აპრილს დაიწყო. საზღვართან მდებარე სოფლების მცხოვრებნი ერთმანეთს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც ერთ-ერთმა მხარემ სცადა წყლის გამანაწილებელ პუნქტთან ვიდეოკამერის დამონტაჟება. მოგვიანებით კონფლიქტში ჩაერთნენ მესაზღვრეები. სიტუაციის ესკალაციაში მხარეებმა ერთმანეთი დაადანაშაულეს.

1 მაისს, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციებმა მოლაპარაკება გამართეს და ცეცხლის შეწყვეტასა და საზღვრიდან დამატებითი ძალების გაყვანაზე შეთანხმდნენ. ყირგიზეთ-ტაჯიკეთის 970-კილომეტრიან საზღვაზე 70-მდე შეუთანხმებელი, სადავო პუნქტია, სადაც ადგილობრივ მცხოვრებთა შორის ხშირად ხდება კონფლიქტი წყლის და საძოვრების გამო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...