ყახაზეთის ახალ პრეზიდენტს სურს, ასტანაში ნურსულთან ნაზარბაევის ძეგლი დაიდგას და ქუჩებს მისი სახელი დაერქვას

ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი ინიციატივით გამოდის, რომ ყაზახეთში ყოფილი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის პატივსაცემად მისი ძეგლი დაიდგას და ასტანას “ნურსულთანი” დაერქვას. როგორც სააგენტო Казинформ-ი წერს, ტოკაევმა ასევე ნურსულთან ნაზარბაევის საპატივცემულოდ რესპუბლიკის ყველა ცენტრალური ქალაქის ქუჩისთვის სახელის გადარქმევა მოითხოვა.

ის ასევე ინიციატივით გამოდის, რესპუბლიკის პირველ პრეზიდენტს საპატიო პიროვნების სტატუსი მიენიჭოს. მისი პირველი განკარგულებით, ნურსულთან ნაზარბაევს “სახალხო გმირის” წოდება მიენიჭა. გარდა ამისა, ის “ოქროს ვარსკვლავით” დაჯილდოვდება.

აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ქვეყნის პარლამენტის სენატის სპიკერი კასიმ ტოკაევი იქნება. 1990-2000-იან წლებში ტოკაევი ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და რესპუბლიკის პრემიერმინისტრის პოსტებს იკავებდა.

ნურსულთან ნაზარბაევმა კი მიმართვაში განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა.

“ჩვენ, ყაზახები ყველაფერს ერთად ვაკეთებდით. თქვენ მე მხარს მიჭერდით ყველა არჩევნებზე. ეს არის ბედნიერება, იყო ასეთი ქვეყნის პრეზიდენტი. მე თქვენ გემსახურეთ რწმენითა და ერთგულებით. თქვენი დამსახურებით პრეზიდენტი გავხდი”, – განაცხადა ნაზარბაევმა.

შეგახსენებთ, რომ ნურსულთან ნაზარბაევმა ყაზახეთის პრეზიდენტის თანამდებობა 19 მარტს დატოვა. მის ნაცვლად, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, პრეზიდენტის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი კი, ყოფილი პრემიერმინისტრი, პარლამენტის სენატის სპიკერი კასიმ ტოკაევი გახდა. ნურსულთან ნაზარბაევი 78 წლის არის. იგი ყაზახეთის პრეზიდენტი 1990 წლის 24 აპრილს გახდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...