ქეთევან ციხელაშვილმა პრაღაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისაუბრა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა პრაღაში ვიზიტის მეორე დღეს რამდენიმე შეხვედრა გამართა.

თავდაპირველად სახელმწიფო მინისტრი ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის საგარეო ურთიერთობების, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეს პაველ ფიშერს შეხვდა. შეხვედრაზე ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკაზე ისაუბრა. დეტალურად მიმოიხილა სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც აქტიური იმპლემენტაციის პროცესშია. შეხვედრის ბოლოს კი სახელმწიფო მინისტრმა, როგორც საპატიო სტუმარმა, სტუმრების წიგნში ჩანაწერი დატოვა. საქართველოს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა იყო მთავარი თემა მოგვიანებით ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ალეშ ხმელარჟთან შეხვედრაზეც. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა მეგობრებისა და პარტნიორების მხარდაჭერის როლს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საქმეში.

თავის მხრივ, მასპინძლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ჩეხეთის რესპუბლიკის ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. აგრეთვე, გამოთქვეს მზადყოფნა მხარი დაუჭირონ საქართველოს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკასა და სამშვიდობო ინიციატივების შეუფერხებლად განხორციელებას. დაისახა გეგმები ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობის გაძლიერების თაობაზე. დღის ბოლოს კი სახელმწიფო მინისტრმა კარლის უნივერსიტეტში თემაზე „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები: გამოწვევები და კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი გზები“ საჯარო ლექცია წაიკითხა, რის შემდეგაც დისკუსია გაიმართა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად