ქეთევან ციხელაშვილი: სახელმწიფო ენის ფლობა თითოეული მოქალაქისათვის თვითრეალიზაციის მთავარი გასაღებია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მ ინისტრის აპარატის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ორგანიზებით კონფერენცია თემაზე „სახელმწიფო ენა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის
საქართველოში“ იმართება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

პრეზიდენტის შემდეგ საზოგადოებას სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე მიესალმნენ.

„სახელმწიფო ენის დაცვა, ჩემთვის, საქართველოს პრეზიდენტისათვის, როგორც ამას კონსტიტუცია მკარნახობს, ერთ-ერთი პირველი ვალდებულებაა. მისი პოპულარიზაცია და გაძლიერება ასევე ჩემს ვალდებულებებში შედის. ეს დიდი პასუხისმგებლობა და დიდად საამაყოა, რამეთუ ენა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. ენის
გარეშე ერთიანი სახელმწიფო ვერ იქნება.

ჩვენ გაგვაჩნია მეორე სახელმწიფო ენა, რომელიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში ძალიან რთულ მდგომარეობაშია… აფხაზური ენა ასევე ჩვენი დასაცავია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს საქართველოში უფრო მეტი ადგილია, სადაც აფხაზური ენა ისწავლება, ვიდრე თვით აფხაზეთში. ეს არ არის სასიხარულო. ეს არის საჭირო, მაგრამ არა სასიხარულო. ამ კუთხითაც ჩვენგან ძალიან ბევრია გასაკეთებელი,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კონფერენციის ფარგლებში, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას, სახელმწიფო მინისტრის აპარატს,სახელმწიფო ენის დეპარტამენტსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკას შორის ხელი მოეწერა ოთხმხრივი ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანიც ეროვნულ უმცირესობებში სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის მიზნით სასწავლო, საგანმანათლებლო და საინფორმაციო
პროექტების განხორციელებაა.

“სახელმწიფო ენის ფლობა თითოეული მოქალაქისათვის თვითრეალიზაციისა და წარმატებისაკენ მთავარი გასაღებია. დღეს ჩვენ საქართველოს პრეზიდენტთან და სხვადასხვა სამთავრობო უწყებასთან ერთად განვიხილავთ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას დამატებით იმისათვის, რომ ერთობლივი ძალისხმევით გაძლიერდეს სახელმწიფო ენა და ამაღლდეს მისი ცოდნის დონე საქართველოს ყველა კუთხეში. განსაკუთრებით, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში. დღეს ჩვენ ამ მხრივ გარკვეული გამოწვევები გვაქვს, მაგრამ შეუძლებელია არ აღვნიშნოთ პროგრესიც, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში სახელმწიფო ქართული ენის ფლობის დონის გაუმჯობესებას ასახავს. განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში.
მემორანდუმი, რომელიც გავაფორმეთ, ფაქტობრივად სიმბოლოა იმისა, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ თანამშრომლობას ძალიან კონკრეტული პროგრამებითა და პროექტებით, რათა საქართველოს ყველა მოქალაქეს,
ასაკის მიუხედავად, ვისაც ამის სურვილი, საჭიროება და მოტივაცია აქვს, სახელმწიფო ენა შესასწავლად მაქსიმალური შესაძლებლობა ჰქონდეს. ჩვენ ძალიან ძლიერი ტრადიციები გვაქვს შემწყნარებლობის, მრავალკულტურულობის, მრავალფეროვნების. ეს ჩვენი სიმდიდრეა და რა თქმა უნდა, სახელმწიფო ერთის მხრივ დაიცავს ამ მრავალფეროვნებას და მეორეს მხრივ, აუცილებლად იზრუნებს წარმატებულ სამოქალაქო ინტეგრაციაზე, რომელიც თითოეული მოქალაქის ჩართულობას გულისხმობს და აქ საფუძველი სახელმწიფო ენაა“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...