ქეთევან ციხელაშვილი: ინტენსიურ რეჟიმში ვართ ჩართულნი, რათა შეზღუდვა საბოლოოდ მოიხსნას

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ენგურის ხიდზე ამ დროისათვის არსებულ ვითარებას აფასებს. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

სახელმწიფო მინისტრის თქმით აბიტურიენტების ნაწილი, რომელსაც გამყოფ ხაზზე გადმოსვლის საშუალება არ ეძლეოდა, უკვე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა.

„მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის მეშვეობით, ამ ეტაპზე მაინც მოხერხდა მათი ნაწილის გადმოყვანა. ეს ამ დღეების განმავლობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი იყო. სხვადასხვა არხის
გამოყენებით ძალიან ინტენსიურ რეჟიმში ვართ ჩართულნი, რათა შეზღუდვა საბოლოოდ მოიხსნას. დღემდე მიღწეულია ის, რომ აბიტურიენტებთან ერთად პენსიონრებსა და ასევე სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პირებისათვის გადაადგილება შესაძლებელია. ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ, რათა მოსახლეობას გადაადგილების საშუალება ჰქონდეს, რამდენადაც თითოეული მათგანისათვის ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის საჭიროებას უკავშირდება.
აბიტურიენტებს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ენგურის ხიდზე გადმოსვლას ამ  დრომდე ვერ ახერხებს, მინდა ვუთხრა, რომ განათლების სამინისტროსთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მათ უმაღლესი განათლების შესაძლებლობაზე წვდომის პრობლემა არ შეექმნათ. ინტენსიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ ინდივიდუალურად, თითოეულის საგამოცდო გრაფიკიდან გამომდინარე იქნას შერჩეული შესაბამისი ფორმა, რათა მათ ეროვნულ გამოცდებში სრულფასოვნად მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდეთ. თითოეული მათგანის ეს ინტერესი დაკმაყოფილებული იქნება,“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...