ქემოკლიძე: ულტიმატუმის ენა მიუღებელია, ბლოკ-პოსტის მშენებლობა დასრულებულია და შსს-ს მობილური ​პატრულირების ჯგუფები დგანან

ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახაბერ ქემოკლიძემ ჟურნალისტებთან სოფელ ჩორჩანაში განაცხადა. სადაც ამ წუთებში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიასთან ერთად იმყოფებიან. 

ქემოკლიძე აცხადებს, რომ დე ფაქტო ცხინვალის ულტიმატუმის ენა მიუღებელია.

“ხაშურის რაიონის სოფელი ჩორჩანა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე და მის შემდეგაც იყო ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორია. აღნიშნულ ტერიტორიულ სეგმენტში სხვადასხვა ინტენსივობით აქტიურად პატრულირებდნენ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები, ისევე როგორს შინაგან საქმეთა სამინისტროს მობილური ​პატრულირების ჯგუფები. აქ შსს-ს საგუშაგო არ არსებობდა, მაგრამ ეს საგუშაგო განთავსდა ადგილზე უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესების მიზნით. შესაბამისად ის ცოტა უცნაური განცხადებები, რომელიც გაკეთდა დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან, უბრალოდ ფაქტობრივ რეალობას არის მოკლებული.

რაც შეეხება ულტიმატუმს, ისეთი მოლაპარაკების ფორმატში, როგორიც არის ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრები, ისევე როგორც ნებისმიერი მოლაპარაკების ფორმატი, ულტიმატუმის ენა ცალსახად არის მიუღებელი ნებისმიერი მხარისთვის.

ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ მარტო ქართულ მხარეზე, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებზე, როგორც კი შემოდის დისკუსიაში ულტიმატუმის ენა, იქ ფაქტობრივად ბევრი პრობლემა იქმნება. ამიტომ ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დიალოგი დაბრუნდეს ნორმალურ კალაპოტში. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ დე ფაქტო ხელისუფლება რიტორიკას შეცვლის და ერგნეთის შეხვედრები გაგრძელდება იმ მიმართულებით, რომელიც მოემსახურება ადგილზე პრობლემების დარეგულირებას და არა პირიქით.

ბლოკ-პოსტის მშენებლობა ფაქტობრივად დასრულებულია. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები აფიქსირებდნენ, რომ თითქოსდა არ მიმდინარეობს განსაკუთრებული სამშენებლო ტექნიკით გადაადგილება.

თავად ხედავთ, რომ მსგავსი არაფერი ხდება. ეს არის სტანდარტული საპოლიციო საგუშაგო, რომელიც არის ათეულობით და ასეულობით მთლიანად ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ირგვლივ. ხაზს ვუსვამ, სტანდარტული საგუშაგო, სტანდარტული პერსონალით და სტანდარტული აღჭურვილობით,

იმედს გამოვთქვამ, რომ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელები განცხადებები იყო ემოციურ ფონზე გაკეთებული განცხადებებეი. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე, საერთაშორისო ორგანიზაციების და ჩვენი სტრატეგიულო პარტნიორების ჩართულობაზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციამ დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია, იმასთან დაკავშირებით, რომ მსგავსი ტიპის ულტიმატუმის ენა ხელს არ უწყობს ერგნეთის მოლაპარაკებების ფორმატს. ეს არის შემდგარი ფაქტი და ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა ამ საკითხის დარეგულირებაში.

​ულტიმატუმის ენა მიუღებელია და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა და ორგანიზაციები ჩვენ დიპლომატიურ ძალისხმევას დაეყრდნობიან, ისინიც გაზრიაან ჩართულობას და საკითხი ამოიწურება ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე”, –  განაცხადა კახაბერ ქემოლიძემ.

შეგახსენებთ, დე ფაქტო ცხინვალმა თბილისს ულტიმატუმი წაუყენა – დილის 6 საათამდე მოხსნას საგუშაგო სოფელ წნელისთან

ცნობისთვის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ერგენეთში ჩაშლილ შეხვედრაზე განცხადებას გაავრცელა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძემ ერგნეთში ჟურნალისტებს,  სადაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრა ჩაიშალა განუცხადა, რომ ნებისმიერი გართულების შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება რუსეთის ფედერაციას

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად