ქედასა და შუახევში, სტიქიის შედეგად დაზიანებული გზებისა და ხიდების აღდგენა მიმდინარეობს

შუახევში სტიქიის შედეგად უჩამბის ხეობაში გუდნისწყალზე დაზიანებული ხიდები აღდგენილია, აქ გადაადგილება ყველა სახის ტრანსპორტითაა შესაძლებელი, შესაბამისად, მოსახლეობას შემოვლითი, ალტერნატიული გზებით გადაადგილება აღარ უწევს. ორი დღის განმავლობაში სამუსაოებზე, ადგილობრივებთან ერთად ჰესების მშენებარე კომპანია "აჭარისწყალი ჯორჯიას" წარმომადგენლები, საგზაო დეპარტამენტისა და შინაგან საქმეთა სამსახურის სამაშველო ბრიგადები მუშაობდნენ.

სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების აღდგენა დღეს დაიწყო ქედაშიც. მთა კოსლითავში, სადაც 30-მდე მოსახლე, ამ დრომდე გარესამყაროს მოწყვეტილი რჩებოდა, გადაადგილება ორ ხიდიანი ავტომობილით უკვე შესაძლებელია. 

ადიდებულმა მდინარეებმა ქედაში ორი საცალფეხო და ერთი საავტომობილო ხიდი წაიღო. მნიშვნელოვნად დააზიანა მთა ლოდნარისა და ვარაზას მიმართულებით საავტომობილო გზები, რის გამოც მოიალაღეები გადაადგილებას ვერ ახერხებენ.

„არ გამოვრიცხავ, რომ ერთი კვირაც დასჭირდეს გზის აღდგენას, რადგან ძალიან დიდი დაზიანებებია. ადიდებულმა მდინარემ, ფაქტობრივად,მთლიანად ჩარეცხა გზის სავალი ნაწილი. დღემდე შემოვლითი გზით სარგებლობს, სოფელ გუნდაურის მოსახლეობა, სადაც ასევე დიდი დაზიანებაა“,-ამბობს საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენელი ქედაში, თემურ დევაძე. მისივე ინფორმაციით დაზიანებული გზის აღდგენა ამ მიმართულებით, დღეს დაიწყო.

28 ივნისს განვითარებულმა სტიქიამ, ქედის მუნიციპალიტეტს სახელმწიფო და კერძო სექტორში, 2 მილიონამდე ზარალი მიაყენა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...