“ქართული საგალობლების კრებული” და “შენ ხარ ვენახი” – საქართველო ფრანკფურტში გალობის უნიკალური კრებულით წარდგა

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და ფონდ ,,ქართულ გალობასთან” ერთად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სპეციალურად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისათვის ქართული ტრადიციული საგალობლების ორი კრებული მოამზადა: ,,ქართული საგალობლების კრებული” და ,,შენ ხარ ვენახი”.

„ქართული საგალობლების კრებული” საქართველოს ყოველი კუთხის საგალობლის ნიმუშსა და სანოტო ჩანაწერს მოიცავს. კრებულში წარმოდგენილია ქართული ქრისტიანული კულტურის წიაღში განვითარებული შუა საუკუნეების პროფესიული მუსიკის ნიმუშები – პოლიფონიური საგალობლები. მას პროფესიონალი მელოდოსი-ჰიმნოგრაფები თხზავდნენ და ძველი მუსიკალური დამწერლობით – ერთიანი ქართული ნევმური სისტემით – იწერდნენ.

XIX საუკუნის ბოლოს საგალობლები ნოტებზე გადაიღეს. მხატვრული ღირებულებით, პოლიფონიური და ჰარმონიული აზროვნებით გამორჩეული ქართული საგალობლები დღეს ქართველი და უცხოელი მეცნიერების დიდ ინტერესს იწვევს. იგი სრულდება არა მარტო ღვთისმსახურებაში, არამედ სცენაზე – საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ.

“შენ ხარ ვენახი” ეძღვნება ერთ საგალობელს, ქართული გალობის სიმბოლოდ ქცეულ ღვთისმშობლის ჰიმნს, რომლის ავტორია მეფე დემეტრე პირველი – ბაგრატიონი. გამოცემაში „შენ ხარ ვენახი“ წარმოდგენილია ამ საგალობლის 21 ვარიანტის სანოტო ჩანაწერი, რომელთაგან 14-ის აუდიოჩანაწერი შესულია თანდართულ აუდიოალბომში.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას (Frankfurter Buchmesse) 500-წლიანი ისტორია აქვს. იგი ყოველი წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ფრანკფურტის საგამოფენო სივრცეში ტარდება, 300 000-მდე ვიზიტორს მასპინძლობს და 400 000-მდე წიგნს გამოფენს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფოლკოლირს სახელმწიფო ცენტრი ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...