ქარტია: “მთავარი არხიდან” სუს-ის მიერ სასამართლოს გზით სრული ჩანაწერის გამოთხოვა საფრთხეს უქმნის მედიის თავისუფლებას

სუს-ის ქმედებები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება საფრთხეს უქმნის მედიის თავისუფლებას, – ამის შესახებ ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს.

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის დაუშვებელია, რომ საგამოძიებო და სასამართლო ორგანოები ერეოდნენ მედიის საქმიანობაში და აფასებდნენ მომზადებული მასალის შინაარსს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს, რომ ჩვენი კანონმდებლობით მედიის მიერ გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაციის შინაარსზე მსჯელობა არის თვითრეგულირების მექანიზმის პრეროგატივა და დაუშვებელია, რომ ეს ფუნქცია შეასრულოს ხელისუფლების რომელიმე შტომ.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება  ტელეკომპანია “მთავარი არხის” ეთერში გასულ ერთ-ერთ სიუჟეტზე, რომელსაც სუს-ი საკუთარ განცხადებაში დეზინფორმაციულს უწოდებს. გამოძიება მიმდინარეობს საბოტაჟის ფაქტზე. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი თავისი განჩინებით ტელეკომპანიისგან გამოითხოვა როგორც ეთერში გასული სიუჟეტები, ასევე სრული და დაუმონტაჟებელი მასალა. ყველა ეს ქმედება არის მედიის თავისუფლებაში უხეში ჩარევის სახიფათო პრეცედენტი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიება და საქალაქო სასამართლოს განჩინება წარმოადგენს როგორც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი კონკრეტული მედიასაშუალების, ასევე მთლიანად მედიაგარემოს გაკონტროლების მცდელობას, რაც სახიფათო და დამაზიანებელია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის”, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, სუს-მა სასამრთლოს გზით “მთავარი არხიდან” რეპორტაჟის -“ნაყიდი COVID 19”-ის უწყვეტი, დაუმონტაჟებელი მასალა გამოითხოვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად