ქართველმა მოჭიდავეებმა რომში 1 ოქროს, 3 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

რომში, მატეო პელიკონეს ოლიმპიური ცენტრის დარბაზში ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი დასრულდა.

შეჯიბრების ბოლო დღეს ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ოქროს (125კგ – გენო პეტრიაშვილი), ვერცხლის (61კგ – ბექა ლომთაძე) და ბრინჯაოს მედლები (74 კგ ავთანდილ კენჭაძე) შემატეს წინა დღით ელიზბარ ოდიკაძის მიერ მოპოვებულ ბრინჯაოს მედალს და 4 მედლით და ორი მეხუთე ადგილით (70კგ – მირზა სხულუხია და 92კგ – ირაკლი მწითური) საერთო გუნდურ ჩათვლაში 95 ქულა დააგროვეს, იმდენივე, რამდენიც თურქმა მოჭიდავეებმა.

მესამე ადგილის ბედი ქართველი მოჭიდავეების მიერ დაკავებულმა უფრო მაღალმა ადგილმა საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ გადაწყვიტა. თურქების 1 ოქროს, 1 ვერცხლის, 2 ბრინჯაოს, 1 მეხუთე , 2 მეცხრე და 1 მეათე ადგილის საპირისპიროდ ქართველებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლის, 2 ბრინჯაოს, 2 მეხუთე ადგილი დაიკავეს.

შარშანდელ ევროპის ჩემპიონატთან შედარებით ქართველმა მოჭიდავეებმა 2-ით ნაკლები მედალი მოიპოვეს, თუმცა მათ შარშან 2 ვერცხლი (ბექა ლომთაძე და გენო პეტრიაშვილი) და 4 ბრინჯაო (ავთანდილ და ნიკა კენჭაძეები, ირაკლი მწითური და ელიზბარ ოდიკაძე) ჰქონდათ და საერთო გუნდურ ჩათვლაში მე-4 ადგილზე გავიდნენ, წელს კი ოქროს მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში რუსეთის (186 ქ, 5 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი) და აზერბაიჯანის (116 ქ, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი) 95 ქულით მე-3 ადგილი დაიკავეს.

რამდენიმე დღით ადრე დასრულებულ ბერძნულ რომაული ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატი ქართველმა მოჭიდავეებმა 2 ვერცხლის (55კგ – ნუგზარ წურწუმია და 130კგ – ლევან არაბული) და ორი ბრინჯაოს (60კგ – ამირან შავაძე და 72კგ – იური ლომაძე) მედლით და საერთო გუნდურ ჩათვლაში რუსეთის (128 ქ, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯააო), აზერბაიჯანის (116 ქ, 2 ოქრო, 4 ბრინჯაო), თურქეთის (90 ქ, 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო) და სომხეთის (84 ქ, 2 ოქრო, 2 ბრინჯაო) შემდეგ მე-5 ადგილით დაასრულეს. შარშან ევროპის ჩემპიონატზე კლასიკოსებს 2 ვერცხლი (82კგ ლაშა გობაძე და 130კგ იაკობ ქაჯაია) და 1 ბრინჯაო (63კგ – ლევან ქავჟარაძე) და გუნდური მე-5 ადგილი ჰქონდათ.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატის მთავარ სენსაციად ორგზის ოლიმპიური თამაშების პრიზიორის, მსოფლიო თასის მფლობელის, მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის ცხრაგზის ჩემპიონის, თურქი რიზა კაიალას უმედლოდ და რუსეთის ნაკრების ოქროს მედლის გარეშე დარჩენა იყო.

სულ ქართველმა მოჭიდავეებმა შარშან ცხრა მედალი მოიპოვეს, წელს კი რვა, თუმცა შარშანდელი ოთხი ვერცხლიდან ერთი უფრო მაღალი სინჯის მედალზე და გუნდური მე-4 ადგილი მესამე ადგილზე გადაცვალეს.

რაც შეეხებათ ქართველ ლეგიონერებს, ისინი საკმაოდ იყვნენ როგორც ბერძნულ-რომაულ (87კგ, ზურაბ დათუნაშვილი – სერბეთი; 97კგ, მიხეილ ქაჯაია; 97კგ, ნიკოლოზ კახელაშვილი 130კგ, ზურაბ გედეხაური – რუსეთი), ისე თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს შორის (57კგ, ლევან მეტრეველი ვართანოვი – ესპანეთი; 57კგ, გივი დავიდოვი – იტალია; 87კგ, ილია არჩაია – უკრაინა; 97კგ, მურაზ მჭედლიძე – უკრაინა; 125კგ – ლევან ბერიანიძე – სომხეთი).

მათგან ყველაზე უკეთ იასპარეზა იტალიის ნაკრების წევრმა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ნიკოლოზ კახელაშვილმა. მართალია, მან ვერ შეძლო ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი, 3-გზის მსოფლიო და 4-გზის ევროპის ჩემპიონის, სომეხი არტურ ალექსანიანის დამარცხება და ამით ჟურნალისტების წინაშე იმპერატიულ სტილში დანაქადნის – “მე მას გავანადგურებ”, შესრულება, მაგრამ მის მიერ ვერცხლის მედლის მოპოვება ჩემპიონატის ერთ-ერთი სენსაცია იყო.

იტალიელი ჟურნალისტები იმედს გამოთქვამენ, რომ ნიკოლოზ კახელაშვილის ნატურალიზაციის პროცესი დროულად დასრულდება, მალე მიიღებს იტალიის მოქალაქის პასპორტს, მოიპოვებს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიას და ტოკიოში წარმატებით იასპარეზებს.

მძიმეწონოსნებს – ზურაბ გედეხაურს (1987 წლის მსოფლიო ჩემპიონის, გურამ გედეხაურის ვაჟი) და ლევან ბერიანიძეს ბრინჯაოს მედლებამდე თითო ნაბიჯი დააკლდათ. მსოფლიო ჩემპიონატის ორგზის ბრინჯაოს და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი მიხეილ ქაჯაია, ევროპის ორგზის ჩემპიონი და ვერცხლის მედლის მფლობელი ზურაბ დათუნაშვილი, ლევან მეტრეველი ვართანოვი, გივი დავიდოვი, ილია არჩაია, და მურაზ მჭედლიძე ბრძოლას პირველივე შეხვედრების შემდეგ გამოეთიშნენ.

განსაკუთრებით მოულოდნელი ჩემპიონატის წინ სერბული პასპორტის მიმღები ზურაბ დათუნაშვილის ლიეტუველ ეივიდას სტანკევიჩიუსთან მარცხი (3:8) იყო. ზურაბ დათუნაშვილი ჩემპიონატის წინ “Спортски журнал”-თან საუბარში აცხადებდა, რომ კარგად იყო მომზადებული და მოუთმენლად ელოდა შეჯიბრების დაწყებას.

“ჩემთვის დიდ პატივია სერბეთის ნაკრებში ჭიდაობა. გუნდში უკვე არის ჩემი თანამემამულე მიხეილ ქაჯაია, რომელმაც მე ყველაფერი ძალიან საუცხოო მიამბო სერბეთზე. მე იმედი მაქვს, რომ გავამართლებ მოლოდინს და მივაღწევ შედეგებს, რომლებსაც მიხეილმა მიაღწია წინა დიდ შეჯიბრებებში. მე მშვენივრად შევეწყვე, მშვენივრად ვიმუშავე გუნდთან მოსამზადებელ პერიოდში და მოუთმენლად ველი შეჯიბრების დაწყებას”

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქართველ მოჭიდავეებს 12-დან 4 ოლიმპიური ლიცენზია აქვთ მოპოვებული – ორი თავისუფალი და ორი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს. ორივე კატეგორიის მოჭიდავებს ლიცენზიები მძიმე წონებში (97-125კგ და 97-130კგ) აქვთ მოპოვებული ხოლო დანარჩენ ოთ-ოთხ წონით კატეგორიაში (57-65-74-86კგ წონები თავისუფალ ჭიდაობაში და 60-67-77-87კგ წონები ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში) ლიცენზიების მოსაპოვებლად წინ კიდევ ორი ტურნირია თითოეული ორ-ორი ადგილით ოთხ-ოთხ ოლიმპიურ წონაში – 19-22 მარტის ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირი ბუდაპეშტში და 30 აპრილ-3 მაისს მსოფლიო საკვალიფიკაციო ტურნირი სოფიაში.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად