ქართველმა მორაგბეებმა რუსეთი დაამარცხეს და მეოთხედფინალში გავიდნენ

პოლონეთის ქალაქ ლოძში შვიდკაცა რაგბიში გრან პრის მეორე, დასკვნითი ეტაპის მატჩები მიმდინარეობს

გრან პრის მეორე ეტაპზე სამ ჯგუფში გადანაწილებული 12 გუნდიდან ის რვა საუკეთესო გამოვლინდა, რომლებიც ხვალ პლეი ოფიდან გააგრძელებენ თასისთვის ბრძოლას.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში ინგლისის, გერმანიის და რუსეთის ნაკრებ გუნდებთან ერთად მოხვდა. პირველ მატჩი ქართველმა მორაგბეებმა ინგილელებს სძლიეს – 21:12, მეორე შეხვედრა კი გერმანელებთან დათმეს 12:15 და მესამე გადამწყვეტ მატჩში რუსეთის ნაკრებს შეეძლო საქართველოს ნაკრების დამარცხებით რვა საუკეთესოს შორის მოხვედრილიყო, საქართველო კი პლეი ოფის მიღმა დაეტოვებინა

შეხვედრაში თავდაპირველად რუსები დაწინაურდნენ – 5:0. პირველი ნახევრის მესამე წუთის მიწურულს რევაზ ხარაზიშვილმა საპასუხო ლელოთ ანგარიში გაათანაბრა – 5:5. კიდევ 50 წამის შემდეგ თემურ თაფლაძემ მეორე ლელო დადო და საქართველო დაწინაურდა – 10:5.

პირველი ტაიმის უკანასკნელი, მეშვიდე წუთის დასაწყისშიში ოთარ ლაშხმა მესამე ლელო დადო. გარდასახვა კვლავ არაზუსტი იყო – და ანგარიში 15:5 გახდა.

შეხვედრის მეორე ნახევრის მეორე წუთის დასაწყისშივე რუსებმა ლელო დაგვიდეს და გარდასახვა ზუსტად შეასრულეს – 15:12.. მეხუთე წუთის მიწურულს ნიკოლოზ გიგაურმა ლელოთი და ბექა წიკლაურმა გარდასახვით ანგარიში 22:12. ამის შემდეგ რუსებმა მხოლოდ გაწითლებულ დროში ლელოს დადება მოახერხეს და საქართველოს ნაკრებმა გამარჯვება მოიპოვა – 22:17.

შედეგად რუსები მხოლოდ მე-9-12 ადგილებისთვის გააგრძელებენ ბრძოლას, საქართველოს ნაკრები ხვალ მეოთხედფინალში იტალიას დაუპირისპირდება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...